1732386875
დღეს, განსაკუთრებით შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დაიცვას და დაიფაროს თავისი წილხვედრი ქვეყანა და გვიხსნას ხილული და უხილავი მტრებისგან - მეუფე შიო
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, სიონის ტაძარში იქადაგა.
მეუფე შიომ მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების, მარიამობის დღესასწაული და სიონობა მიულოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"გადმოგცემთ სრულიად კათალიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. ეს დიდებული ტაძარი - სიონი თავისი წლოვანებით თბილისის თანატოლია. როდესაც საფუძველი ჩაეყარა ქალაქ თბილისს, მაშინ საფუძველი ჩაეყარა სიონის ტაძარსაც.
დღეს, ჩვენ განსაკუთრებით შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ დაიცვას და დაიფაროს თავისი წილხვედრი ქვეყანა საქართველოო და გვიხსნას ჩვენ ხილული და უხილავი მტრებისგან. მიძინება გახლავთ სრულიად განსაკუთრებული დღესასწაული. ჩვენ თაყვანს ვცემთ ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს უფრო მეტად, ვიდრე ანგელოზებს, მთავარანგელოზებს, ქერუბიმებს, სერაფიმებს და საერთოდ, ყველას და ყველაფერს, რაც შექმნილია ღმერთის მიერ, მაგრამ რატომ ვზეიმობთ ასე განსაკუთრებით მიძინების დღესასწაულს? ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი განიღმრთო, მოხდა მისი განღმრთობა. მართალია ის იყო ღვთის ქმნილება, მაგრამ მისმა პირადმა და სამყაროში ერთადერთმა უცოდველობამ იგი აღამაღლა ქმნილებაზე მეტად. უფლის მადლმა და ძალამ აღამაღლა იგი აი, ამ უცოდველობის გამო.
სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენ ვიზეიმეთ ფერისცვალების დიდებული დღესასწაული, რომლის ტროპარიც გვაუწყებს ჩვენ, რომ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თაბორის მთაზე ფერი იცვალა და მოწაფეებს თავისი საღვთო დიდება უჩვენა. ამავე ტროპარში ნათქვამია, ლოცვის სახით ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ჩვენც გვაზიაროს ამ დიდებას. გახსოვთ ტროპარის სიტყვები, „გამოგვიბრწყინე ჩვენცა ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი მეოხებიოთა ღვთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო. უფალო, დიდება შენდა“. და, აი, ჩვენი ცხოვრების მიზანიც ხომ სწორედ ის არის,რომ ჩვენშიც გამობრწყინდეს საღვთო დიდების ეს მარადიული ნათელი. ვისაც დღეს სულიერი თვალები ახელილი აქვს, ისინი ხედავენ ამ საღვთო დიდების გამოვლინებას ღვთისმშობლის მიძინებაში. საეკლესიო გადმოცემა, ჩვენი იკონოგრაფია გვაუწყებს ჩვენ, როგორ მოხდა ღვთისმშობლის გარდაცვალება, როგორ გადავიდა იგი ზეციურ სამყაროში, რომ თვით ძე ღმერთი თავისი საღვთო დიდებით შეეგება მას. თვით ძე ღმერთი მთელს ზეციურ სამყაროსთან ერთად ეგებება მას გვირგვინით და რა გვირგვინია ეს, რაზე მიანიშნებს ეს გვირგვინი? აი, სწორედ ამ დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გახდა ზეციური დედოფალი, ამ ჟამს, მისი მიძინების ჟამს და მას შემდეგ წმინდა ეკლესია მას უწოდებს ზეცისა და მიწის დედოფალს, ყოველთა დედოფალს, და დედოფალს არ შეეძლო ზეცისთვის მიეცა ამაზე უფრო წმინდა, ამაზე უფრო უბიწო და აღმატებული არსება. ამიტომაც, ძვირფასო დებო და ძმებო, სწორედ მან მიიღო თავის წიაღში ნათლის მომცემელი და ცხოვრების მომცემელი ღმერთი და სწორედაც ამიტომ ფერისცვალების ტროპარში აღნიშნულია, რომ ღვთისმშობლის მეოხებით შეიძლება აღმოუბრწყინდეს ადამიანს საღვთო, მიუაჩრდილებელი თაბორის შუქი, მარადიული ნათელი. ამიტომ, ყოველთვის უნდა ვევედრო ჩვენ ღვთისმშობელს, რომ მისი ლოცვით ჩვენც გავხდეთ თანაზიარი აი, ამ მარადიული საღვთო ნათლისა, რომელიც ბრწყინავს მთელ სამყაროში და აი,ამ ლურჯი ზეცის ზემოთ,რომელსაც ჩვენ ვხედავთ არის კიდევ ერთი ზეცა,რომელიც სავსეა და დაფარულია ღვთისმშობლის დიდებით.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო დებო და ძმებო, ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს და ვეცადოთ მთელი გულით შევიყვაროთ დედა ღვთისმშობელი და თაყვანი ვცეთ მას, - განაცხადა ქადაგებისას მეუფე შიომ.