გარდაიცვალა ვლადიმერ ქუმარიტაშვილი, საციგაო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი
1728474142
ქართველი ძიუდოისტი, ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებული, ლაშა ბექაური ჩემპიონის ტიტულს პარიზშიც დაეუფლა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
13 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიელები და პარალიმპიელები ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენებით დააჯილდოვა. ათონელის რეზიდენციის წინ გამართულ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა ჯილდო გადასცა პარალიმპიურ და ოლიმპიურ პრიზიორებს, ასევე ოლიმპიური ნაკრების წევრებს.
დაჯილდოების შემდეგ, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა, მედიასთან განცხადება გააკეთა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან, უკმაყოფილება მოჰყვა.
„ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო არის ჩემი ხალხისგან. აქ იმიტომ ვარ, რომ ჩემთვის პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან დასაფასებელია. რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, მე სრულიად ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი,”- განაცხადა ბექაურმა.
ამასთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმი“ ჩემპიონის ბიძაშვილს, მუსიკოს ფანდურა ბექაურს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ლაშას მიმართ, მიზანმიმართული ბულინგი ხორციელდება:
ფანდურა ბექაური: - ასეთ ზეწოლას და კომენტარებს, ნამდვილად არ იმსახურებს ლაშა. მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ქართველები და საქართველო ესახელებინა. ნამდვილად არ არის იმის ღირსი, რომ ვიღაცები აბულინგებენ და უაზრო რეპლიკებს ისვრიან, თითქოს თავად ლაშაზე მეტი გაუკეთებიათ ქვეყნისთვის.
ამ ბიჭმა ძალიან ბევრი ადამიანის სათქმელი თქვა სპორტშიც და თავის ქვეყანაშიც, საქართველო მთელ მსოფლიოს გააცნო - 23 წლის ასაკში, ორი ოლიმპიადა მოიგო.
როგორც ყველა ადამიანს, ლაშას თავის ინდივიდუალური აზრი გააჩნია. ერთი განცხადების გამო, ბულინგის მსხვერპლი გახდა, როცა აქამდე, ყველა ტაშს უკრავდა.
- მიზეზი პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული განცხადებაა, სადაც ამბობს - „ჩემთვის პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან დასაფასებელია. რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, მე სრულიად ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს“...
რა თქმა უნდა, ამბობენ, რომ ამის გამო, მედალი და ღირსების ორდენი უნდა ჩამოართვან. ჩამოართვან, ლაშას იმდენი გულშემატკივარი ჰყავს, არ იქნება პრობლემა! ლაშამ ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა, ისეთი ხალხი წერს ნეგატიურ კომენტარებს, დარწმუნებული ვარ, არც სპორტი იციან და არც პოლიტიკა.
ლაშას ბავშვობიდან ვიცნობ, მთელი ცხოვრება სპორტზე იყო ორიენტირებული, სპორტისთვის არის დაბადებული, როგორც ვიცი, ჯერჯერობით პოლიტიკაში, არანაირი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს, წინ კიდევ ორი ჩემპიონატი აქვს მოსაგები. დიდი მიზნები აქვს, დარწმუნებული ვარ, მოიგებს.
- კომენტარებში იმასაც წერენ, ბევრი ქართველის სათქმელი თქვაო...
გეთანხმებით, ნამდვილად ასეა! ძალიან ბევრი ქართველის სახელით თქვა, როგორც სპორტში, ასევე თავის კარიერაში. არ მახსენდება, რომ 23 წლის ასაკში, ვინმეს ორი ოლიმპიადა მოეგოს. ეს გააკეთა ლაშა ბექაურმა. რაც ძალიან დიდი მიღწევაა, სამშობლოსთვის და ქართველებისთვის. ლაშა მთის კაცია, როცა იბრძვის, მთის ჟინი ეხსნება. ძალიან ემოციურია, იქაც ეტყობა რომ მთის კაცია.
იმ ქართველებს მოვუწოდებ, ვინც მის მიმართ, უაზრო კომენტარებს წერდა! უკან გაიხედეთ, რამდენი რამე გააკეთა ლაშამ. ოლიმპიადიდან რომ ჩამოფრინდა, უამრავი ადამიანი ტაშს უკრავდა, ალბათ ეგენიც ლანძღავენ - არ აპატიეს, პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული განცხადება!
ზურგი შეაქციეს? არა უშავს, ლაშა მაინც თავისას მიაღწევს. ყოველთვის და ყველგან ასახელებს თავის საქართველოს და გუდამაყარს.
23 წლის ბიჭმა, ორი ოლიმპიადა მოიგო, კიდევ ორი აქვს მოსაგები და დარწმუნებული ვარ, წარმატებით დაასრულებს. კარგ ოჯახში გაზრდილი ბიჭია, თბილი, ტკბილი, ეკლესიური, მთელი ოჯახი ღვთის შვილები არიან.
რა განცხადებაც გააკეთა ლაშამ, ვიცი რომ გააზრებულად გააკეთა, აზრიანი ბიჭია, ტყუილად არაფერს იტყვის. რასაც ამბობს, ჯერ კარგად გეგმავს და შემდეგ ასრულებს.
ჩემი ალალი ბიძაშვილია. დედოფლისწყაროში, სოფელ არხილოსკალოში დაიბადა. მთა მაინც თავისას შვება, ძლიერი ხასიათი აქვს. ლაშა მოჭიდავეა, თან ვაჟკაცი, მიზანდასახული ადამიანია, მთაც დიდ ძალას აძლევს, ღვთის რწმენა აქვს - სწამს ღმერთის და სალოცავის.
ყველას მოვუწოდებ თავი შეიკავოს! მომავალ წელს, კიდევ რომ მოიგებს ოლიმპიადას, იგივე განმეორდება, იგივე ხალხი დაუკრავს ტაშს.
ლაშა ამას არ იმსახურებს! ყველას გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, პერტიაშვილმა და ტალახაძემაც თავის გზა აირჩია. არავის აქვს ბულინგის და ქილიკის უფლება, ვისი რა საქმეა, სპორტში დარჩება თუ მუსიკას აირჩევს.
25 წელია რაც ხელოვნებას ვემსახურები, ბევრჯერ შემოუთავაზებიათ ჩემთვის პოლიტიკაში წასვლა, მაგრამ ყოველთვის თავს ვიკავებ, ვიცი, რომ ჯერ კიდევ ვჭირდები ხელოვნებას.
ბედნიერებას ვუსურვებ ლაშას როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში. როგორც საქართველო გაახარა, ისე თავის თავი გაებედნიერებინოს.