„2 მნიშვნელოვანი ნამუშევარი მაქვს, რომელსაც ვერ წარმოვიდგენდი და თავი გავართვი და რომელსაც ვერ გავართვი“ - ექსკლუზიური ინტერვიუ ნოდო ნახუცრიშვილთან

ჰაუს

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, ნოდო ნახუცრიშვილი საზოგადოებაში დიდი მოწონებით სარგებლობს. გარდა ნოდოს პიროვნული თვისებებისა, გულშემატკივრები მისი ნიჭითაც აღფრთოვანებულები არიან. მის ნახატებს ხშირად შეხვდებით დედაქალაქის ქუჩებში, კედლებზე, კუთხეში სიმბოლური სახელით „ნოდო“.

„პრაიმტაიმი“ „პრაიმ ჰაუსს“ ტრადიციულად ესტუმრა და ნოდოსთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწერეთ. ის პირველად იხსენებს იმ ისტორიებს, რომლებზეც აქამდე საჯაროდ არ უსაუბრია. 

ნოდო ნახუცრიშვილი: - ჩემი ოჯახის ისტორია თელავიდან მოდის. ვცხოვრობ თბილისში, აქ ვმოღვაწეობ, მაგრამ ჩემი მნიშვნელოვანი ნახატები იქაა, რასაც ძალიან დიდი ისტორია აქვს. ჩემი კულტურიდან გამომდინარე უფრო მნიშვნელოვანი შინაარსი გააჩნია.

ჩემი ნამუშევრების უმეტესობა, რაც თბილისშია, ძირითადად, დაკვეთითაა, ეს ჩემი პროფესიაა. ვარკეთილში ჩემი ინიციატივით ვხატავ, ვერთობი, ვვარჯიშობ... პროფესიული ნახატები თბილისის გარშემო მაქვს. ის, რაც ჩემ ოჯახს და ისტორიას ეხება, თელავშია.

- როდის აღმოაჩინეთ, რომ ხატვის ნიჭით იყავით დაჯილდოებული?

- ძალიან პატარა ვიყავი, დამსვეს და თუ კარგი ბიჭი ხარ, ჟირაფი დახატეო. დავხატე ჟირაფი და ჩემი ინტერპრეტაციით, თავზე მაიმუნი შევასვი, რომელიც ბანანს ჭამდა. აღმოაჩინეს, რომ შემიძლო ხატვა, თანაც მოქმედებაში.

ხატვას პროფესიონალურად აკადემიაში დავეუფლე. არჩევანის წინაშე დავდექი, ან ქუჩა უნდა მიმეტოვებინა, ან სწავლა დამეთმო ქუჩის გამო. საბოლოოდ, გავაერთიანე და რაც მე აკადემიაში ვისწავლე, ქუჩაში გამომაქვს. აკადემიამ დიდი წვლილი შეიტანა, რომ პროფესიონალური კუთხით განვვირთარებულიყავი. 

- სად შევხვდებით თქვენს ნახატებს, გარდა ვარკეთილისა?

- ვარკეთილში დავიბადე, გავიზარდე, ძირითადად იქ ვხატავ, თუმცა, სხვა უბნების უბნელების ინიციატივით სხვაგანაც შეხვდებით ჩემს ნახატებს.

- რა მიზნით შემოხვედი „პრაიმ ჰაუსში“, რა მიზანი გქოინდათ?

- მიყვარს მიზნებზე საუბარი. სულ სხვა და ბევრი მიზანი მქონდა იმ დროს, როცა წერილი მომივიდა ინტერნეტში კასტინგის შესახებ.  მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი, რომ მომწონს გარემოებები, სადაც ადამიანები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან. როცა პირველად ვნახე 10 კაცი და ყველა განსხვავებული, მომეწონა.

ვინაიდან და რადგანაც, ხელები ამდენი წლის დაღლილი მაქვს, 10 საათი რაღაც მიჭირავს და ვიქნევ ხელებს, გადავწყვიტე, მოვიდე, სადაც ხელების ქნევა არ დამჭირდება, მაგრამ დამჭირდება 16 ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ადამიანებთან თანაცხოვრება.

ყველას ეგონა, რომ რეალით შოუში კი არა, ჰოლივუდის რაღაც ქასთინგურ შეჯიბრებაზე მოვიდნენ, ვინ უფრო მაგარი მსახიობი და არტისტი იქნებოდა და ვინ უფრო მაღლა ახტებოდა და რამდენ სალტოს გააკეთებდა. პირველივე დღიდან თავის გამოჩენებით, იმიჯებით და არტისტული სპექტაკლებით დაიწყო, კუთხეში წავედი და ვფიქრობდი, სად ჯანდაბაში მოვედი.

- ნანობ რამეს?

- ერთადერთ რამეს ვნანობ, რომ აქ ხელები ცოტა ადრე არ გავატოკე. 

- ოჯახის წევრების რეაქცია როგორია, აქვთ შენიშვნები?

- შენიშვნები ის აქვთ, რომ ერთი დიდი ზოოპარკი ჩავაბარე. 2 კატა მყავს, ძაღლი, ეზოს კატები. ჩემს სადარბაზოსთან „ხიშნიკობენ“, სად არის ეს ბიჭი ამდენ ხანსო.

იმდენ რამეს ვაკეთებდი ჩემი ოჯახისთვის, თვე-ნახევარი გავიდა და აღარ გამიკეთებია. როცა ერთი უმნიშვნელოვანესი ჭანჭიკი მოსძვრება რობოტს, გამართულად ვეღარ მუშაობს. მინდა მაქსიმალურად ხელი შევუწყო, მაგრამ ვერ ხერხდება, აქ ვართ. ეს უფრო მაწუხებს.

- გულშემატკივრების უზარმაზარი არმია გყავთ, როგორ ფიქრობთ, რატომ გიჭერენ მხარს და რა მოსწონთ თქვენში

- ჩემი ოჯახის წევრები ხშირად აღნიშნავენ, რომ ჭკვიანი ვარ, მაგრამ ეს ერთი სფეროდან არ მიმიღია. იმდენად პატარა ასაკიდან მოვდივარ დამოუკიდებლად და იმდენად პატარა ასაკიდან მიწევს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, ეგ არის ჩემი სწავლების წყარო, რითაც ჭკვიანი ვარ. ყოველთვის ისეთ სწორ და ადამიანურ გადაწყვეტილებებს ვიღებ, ადამიანები ამას აფასებენ. 

ერთი ყველაზე კარგი თვისება მაქვს, რასაც ხშირად ადამიანებში ვერ ვხედავ, ეს თვისება დღითი დღე მიძლიერდება - ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროსა და ვითარებაში როცა ვხვდები უცხო ადამიანს, ისეთი შეხვედრა შემიძლია, რომ გრძნობს, ის ჩემთვის უცხო არ არის. ისიც ისეთი ჩვეულებრივი ადამიანია, როგორიც მე ვარ. ბავშვთან უნდა იყო ბავშვური, მოცუხთან მოხუცური, დიდთან დიდი, პატარასთან პატარა. ამას სხვები რომ გრძნობენ, კომენტარებში და ჩემთან ურთიერთობისას აფიქსირებენ კიდეც. ქუჩაშიც მხვდებიან, მეხუტებიან.

- რატომ გიწევდათ მცირეწლოვანს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება?

- დიდი ხნის წინ მამა უცხოეთში წავიდა და მე დედასთან, ბებიასთან და ჩემ დასთან ვცხოვრობდი დიდი ხნის განმავლობაში. ბიძაჩემი, პაპაჩემიც წასულები იყვნენ. ერთხელ მეც ავდექი და წავედი, მაგრამ 1 კვირაში ჩამოვედი, ისე ვიყავი, რაღაცებს ჩავეხუტე. 

- აპირებთ ისევ წასვლას?

- წავედი ისეთ ქვეყანაში, სადაც მაინტერესებდა ვიღაცისთვის რას წარმოვადგენდი. მივხვდი, რომ ვიღაცისთვის კი არა, საერთოდ არავისთვის არაფერს წარმოვადგენდი. აქედან გამომდინარე, დავბრუნდი იქ, სადაც მაქსიმალურად ვცდილობ, რაღაცას წარმოვადგენდე. 

როცა საკუთარ თავს და პიროვნებას ასე დადებითად, შემოქმედებითი კუთხით და ასე მონდომებით ავითარებ და ამას ხალხი ხედავს, ამხელა კომპანიას მარტო ამუშავებ, მერე ხალხიც გენდობა. 

ქუჩაში რომ ვხატავ ნახატებს, ეს ჩემი კომპანიაა, საიდანაც საკმაოდ სოლიდური თანხა შემომდის, რაც სრულიად საკმარისია, რომ მე ვიცხოვრო და ნებისმიერ ადამიანს დავეხმარო, რაშიც დასჭირდება. 

არც ავტომობილი მყავს, ვმგზავრობ მეტროთი, Iphone 7 მაქვს. არაფერი მაქვს ზედმეტი, მეტი არც მჭირდება. მეტროთი სწრაფად მივდივარ, ტელეფონით ყველგან ვრეკავ და ეს იაფიანი კეტებიც კარგად ძლებს. ცოტა სხვანაირი რაღაცები მომწონს.

- სალომესთან ურთიერთობაზე რას გვეტყვი, წყვილი ხართ?

- ვფიქრობ, ქალისა და კაცის ურთიერთობაც ერთ-ერთი დიდი შემოქმედებაა, რაშიც წვლილს მხოლოდ ერთი ვერ შეიტანს, აქედან გამომდინარე, ერთი კაცი, ან ქალი ვერ ერევა. მე და სალომე შეკრულები რომ უნდა ვყოფილიყავით ასე, ახლა აღარ თუმცა, მაინც ჩაჭიდებული ვარ და თვითონაც მეჭიდება. 

უკვე თვე-ნახევარია აქ ვარ და მივხვდი როგორც იქნა და გავაანალიზე, ხალხი წყვილს რას ეძახის. კი, წყვილი გამოვდივართ. 

ცხოვრებაში სულ ისეთი წყვილები მყავდა, ყოველთვის იქით ვიცავდი, ახლა ისე ხდება, რომ გოგოსაც შეუძლია დაცვა. მიხარია, რომ ქალი ძლიერია ვინმეს ან რამის დაცვაში, პირველ რიგში, საკუთარი თავის.

- ხდება რამე თქვენს შორის, გარდა მეგობრობისა?

- ვფიქრობ, ყველაფერი რაც მოსახდენი იყო, უკვე მოხდა და ახლა რომ მეგობრები ვართ, სწორედ მაგის დამსახურებაა. 

- პროფესიასთან დაკავშირებული რომელი ისტორია გახსენდება ახლა?

- ფილარმონიასთან, ერთ გრძელ კედელზე ლამაზი გოგოს პორტრეტს ვხატავდი. სკამის მიდგმა მომიწია, რომ ერთ-ერთ მონაკვეთს მივწვდომოდი.

წარმოიდგინეთ სიტუაცია, კედელზე მაქვს სკამი მიდგმული, ერთი ფეხით ვდგავარ, მეორე ფეხით სკამის საზურგეზე ვარ აწეული და „პულვერიზატორით“ ვაფერადებ. მეკეთა ნიღაბი და უკნიდან მესმის ხმა: - შვილო, შვილოო. რომ ჩამოვხედე, ჯოხიანი, წელში მოხრილი ბებო დამხვდა. ჩამოსვლა ვერც მოვასწარი, საუბარი დაიწყო: - შვილო, ამ ქუჩის ბოლოში ვცხოვრობ 86 წელია, დღეები მაქვს დარჩენილი, დიდი მადლობა, რომ ყოველი მომდევნო დღე გამიფერადეო. პასუხიც კი ვერ გავეცი, ემოციების ტალღებივით დამეჯახნენ, ცრემლიც მომადგა. ჩამოვჯექი სკამზე და ვფიქრობდი, ის ბებო მთელი ცხოვრებაა აქ ცხოვრობს, მილიარდჯერ აქვს ავლილ-ჩავლილი... 

- როგორ ფიქრობთ, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ნამუშევარი?

- ვფიქრობ, 2 მნიშვნელოვანი ნამუშევარი მაქვს, რომელსაც ვერ წარმოვიდგენდი და თავი გავართვი და რომელიც ვერ შევძელი და თავი ვერ გავართვი. ორივე რადიკალურად განსხვავებული მიმდინარეობისაა. ერთი კედლითი ფორმა იყო თელავში, 4 დღე ვხატავდი. პოსეიდონი მყავს დახატული, ოდინის სტილში, კავკასიონის ხედით და სკიპტრით ხელში, რომელსაც მეგონა, რომ თავს ვერ გავართმევდი. იდეალური გამოვიდა. 

და ყველაზე მნიშვნელოვანი ნახატი, რომელსაც თავი ვერ გავართვი - მომღერალ აჩიკო მეფარიძესთან ვიყავი სტუმრად, ძალიან ლამაზი ეზო აქვს, განმარტოებული კუთხით, ულამაზესი შესასვლელით. იმის ჭერის მოხატვა დავიწყეთ, ესკიზი შევამზადეთ, ძალიან ბევრი ვიწვალეთ, ალბათ 1 კვირა. ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით და მორიდებით ... ბოლოში ვერ გავედი. ძალიან დიდი ნაბიჯები მოვინდომე  და მაშინ მივხვდი, ცხოვრებაში რაღაცებს არ უნდა გაასწრო. ამიტომ მოვლენებს აღარ ვასწრებ. ვფიქრობ, ის ჩემი სტილი არ იყო. სულ სხვა წიგნია.