პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ერთ დროს გიორგი, ახლა კი, ტესა რუხაძე 25 წლისაა. „ტრანსგენდერი ქალის“ შესახებ 12 წლის ასაკში, კესარია აბრამიძისგან შეიტყო, როდესაც ეს უკანასკნელი საჯაროდ გამოვიდა და საკუთარი თავის დამკვიდრება დაიწყო.
ტესა 17 წლის იყო, როცა ქუთაისიდან თბილისში საცხოვრებლად გადმოვიდა. სწავლობს და საკუთარი თავის განვითარებითაა დაკავებული. ერთ-ერთ გადაცემაში, სადაც საკუთარ თავზე პირველად, საჯაროდ ისაუბრა, აღნიშნა, რომ სანამ ოპერაციებს გაიკეთებდა, ჰყავდა საყვარელი ადამიანი,რომელიც რეაბილიტაციის პროცესშიც გვერდიდან არ შორდებოდა, თუმცა, გაქრა და გარკვეული შიშები დაუტოვა. აქვე, გავრცელდა მისი დედის ემოციური მონათხრობი, რომელმაც შვილი მიიღო ისეთი, როგორიც არის.
ბოლო ერთი წელია, რაც ტესათი მედია ძალიან დაინტერესებულია. თუმცა, ის ყველას არ სწყალობს.
ტესა რუხაძე „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გვიყვება, როგორ დაიმკვიდრა საზოგადოებაში თავი და სამომავლო გეგმებსაც გვიმხელს.
ტესა რუხაძე: - გარეგნობის რადიკალური ცვლილება 2 წლის წინ, 23 წლის ასაკში დავიწყე. გულწრფელად რომ გითხრათ, თავიდან მხოლოდ ერთი რამ მიჭირდა. გაუგებრობა ოჯახის წევრებთან. იყო დეტალები, რასაც ვერ იღებდნენ ისე, როგორც უნდა მიეღოთ, მაგრამ საბედნიეროდ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველაფერი მალე დალაგდა. დღესდღეობით, არც მათთან და არც საზოგადოებაში, არანაირი პრობლემა არ მაქვს.
- ახლა რას საქმიანობ?
- საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ. უახლესი გეგმები სწავლის დასრულებაა. ასევე მინდა ჩემი ბიზნესის გაკეთება. თუ შესაძლებელია, რატომაც არა, მომავალში რომელიმე ტელევიზიაშიც სიამოვნებით ვიმუშავებდი.
- ბევრი ტრანსგენდერი ქალი ქვეყნიდან წავიდა... თქვენ თუ გიფიქრიათ ამაზე?
- საქართველოში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და შედარება შემიძლია, ჩემთვის საქართველო საუკეთესო ადგილია, სადაც მინდა რომ ვიცხოვრო. რამდენჯერაც ვცადე მეცხოვრა, ან ბევრი დრო გავატარე უცხოეთში, მივხვდი, რომ შეუძლებელია. ისეთი მონატრების შეგრძნება მაქვს, იმდენად მიყვარს აქაურობა და ჩემთვის კომფორტის ზონაა, რომ არც ვფიქრობ საცხოვრებლად სადმე გადასვლაზე. ის ფაქტი, რომ საქართველოში მე ვარ ბედნიერი, პირველ რიგში ჩემი ოჯახის დამსახურებაა. ალბათ, ამაზე ჩემმა ოჯახმა და ხალხმაც იქონია გავლენა. ყველა გვერდით დამიდგა.
- საზოგადოებამ მარტივად მიგიღოთ ისეთი, როგორიც ხართ?
- რომ გითხრათ, ჩემ მიმართ დიდი ჰეითი მოდის-თქო, არა. ნეგატიურ კომენტარებს თითქმის ყველა ადამიანს უწერენ. სულ რომ რაღაც მარტივი განათავსო ინტერნეტსივრცეში, მაინც მოგიძებნიან რამეს, რომ დაგაბულინგონ. ზოგადადაც, არანაირი პრობლემა არ მაქვს, ვთვლი, რომ საზოგადოება განვითარდა.
- კრიტიკულ კომენტარებზე როგორი რეაქცია გაქვთ?
- ცუდ კომენტარებზე რეაქცია არ მაქვს, წერონ, რაც უნდათ. ჩემთვის ყველასგან ყველაფერი მისაღებია, ჰქონდეთ საკუთარი აზრი. ძალიან კარგად ვიცოდი, გამოჩენამდე თუ ისე, დადებითიც იქნებოდა და უარყოფითიც. 21-ე საუკუნეა, ბულინგი ჩვეულებრივი თემაა, სამწუხაროდ. მაშინ, ინტერნეტსივრცე საერთოდ არ უნდა გქონდეს.
- ვინმეზე თუ ხართ განაწყენებული?
- პირდაპირ ვიტყვით, კესარიასგან სულ მიკვირდა ის დამოკიდებულება, რომ ლგბტ ადამიანების მიმართ სხვანაირად იყო განწყობილი. ვფიქრობდი, რატომ, ხალხს ასე უყვარს, უსმენს საქართველო, როცა შეუძლია „დაასაფორთოს“ ეს ადამიანები, რატომ დგებოდა გვერდით. მაგრამ ახლა ვხვდები და საკუთარ თავზე გამოვცადე ეგ მომენტი - მთელმა საზოგადოებამ მიმიღო და ლგბტ საზოგადოების წევრებმა გვერდზე ჩამწიეს.
ტრანსგენდერი ქალები ჩემში ყველა წერტილ-მძიმეს ეძებენ, ცდილობენ დამაბულინგონ, ხმებით მომდის, რა დონეზე მლანძღავენ და მიპირისპირდებიან. მხარდაჭერაც რომ დამჭირვებია, ცდილობენ, მე გამამტყუნონ. მიზეზს ზუსტად ვერ ვხვდები, მგონია, რომ გაბოროტებულები არიან. მხოლოდ ჩემზე არა, კიდევ რამდენიმე ტრანსგენდერ ქალზეც ვამბობ. ალბათ ხალხმა რომ შეგვიყვარა და აგრესია არ აქვთ, შურთ. მე მათი მესმის, ალბათ საზოგადოება იმდენად ცუდად ექცევა, რომ სხვების სიყვარული სწყინთ.
- თავის მოვლაზე გვესაუბრეთ, როგორ ინარჩუნებთ სასურველ ფორმას?
- 9 ოპერაცია მაქვს გაკეთებული, 6 ნარკოზი. გარდა ამისა, ფილერსაც მივმართავ, სხეულის ფორმები მაქვს გამოყვანილი. თავის მოვლის რუტინას რაც შეეხება, არ მაქვს. დილით რომ ვიღვიძებ, ვბანაობ, მაქვს ერთი საბავშვო კრემი, ესაა და ეს. დამხმარე თერაპიებსაც ვიტარებ, მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია და ა.შ. ჩემთვის აუცილებელია, რომ ის კოსმეტიკა, რომელსაც ვხმარობ, იყოს ბრენდული. ვიცით, რომ კოსმეტიკა ზედმეტად აზიანებს კანს და ვცდილობ ხოლმე, არაფერი ვიყიდო უხარისხო, მეშინია.
- სტუდენტი ხართ... როგორი ურთიერთობა გაქვთ კურსელებთან?
- ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვთქვათ, 1-2 ადამიანმა უცნაურად შემოგხედოს, შეიძლება ეს მომენტი ყველას ჰქონდეს. ამ მომენტებს მე არ ვუღრამვდები, რადგან შინაგანი კომპლექსები არ მაქვს. ყველაფერი ძალიან კარგად მაქვს გააზრებული. მყავს ძალიან ბევრი მეგობარი.
- რა ხდება ახლა თქვენს პირად ცხოვრებაში?
- სიყვარულთან დაკავშირებით, ძალიან მძიმე წარსული, ცუდი ისტორია მაქვს. მას შემდეგ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი ურთიერთობა. ეს ცუდი ისტორია, რომელმაც მძიმე კვალი დატოვა, დავასრულე და აღარ ვსაუბრობ. ამან დამიტოვა ურთიერთობების შიში, ეს იყო წელიწად-ნახევრის წინ. ამის შემდეგ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ეს დამოკიდებულება შეცვალა და გავიაზრე, რომ ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის. თურმე შეიძლება, რომ ვიღაცამ გაგაბედნიეროს. მაგრამ... იმ შიშიდან გამომდინარე, ამ ურთიერთობას ცოტა გავურბივარ დღემდე. ისე არ შევდივარ ურთიერთობაში, როგორც უნდა შევიდე.
- დედათქვენის პირველი ინტერვიუ სოციალურ ქსელში გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ხომ არ ნანობს?
- დედაჩემის მიმართ საოცრად კარგი გამოხმაურება წამოვიდა. ქუთაისში ცხოვრობს, ქუთაისის დიდი ნაწილი იცნობს და უყვართ, მაგრამ გადაცემის შემდეგ მასთან ბუტიკებში მიდიან, რომ მხოლოდ ჩაეხუტონ და თავიანთი დადებითი ემოციები გამოხატონ. გადაცემამდე იყო ზურგს უკან ჩურჩული, იცის თუ არა დედაჩემმა ყველაფერი, როგორი ურთიერთობა გვაქვს, ხალხს კითხვები მაინც ჰქონდათ, მათ შორის, ახლობლებსაც... დედაჩემის გამოჩენით ყველაფერი ითქვა და ზედმეტ ჩურჩულებს წერტილი დაესვა. საჭორაო თემა აღარ დარჩა.
მნიშვნელოვან რაღაცას გეტყვით - ჩემი გამოჩენის შემდეგ ბევრი ადამიანისგან მივიღე შეტყობინება, ერთ-ერთი იყო ასეთი - ლგბტ ბიჭი მწერდა, 9 წლის შემდეგ დედაჩემი პირველად დამეკონტაქტაო. ახლაც მეტირება... ყველაფერი მაჩვენა, არ მჯეროდა, ვფიქრობდი, ამეტებს-მეთქი... დედაჩემმა მაგალითი მისცა ვიღაცის დედას და მას 9 წლის შემდეგ შვილისკენ გული მოუბრუნდა. ყველაზე მეტად ეს მიხარია, ბევრი დედისთვის გახდა მაგალითი... თუ თვითონ არ ჰყავდა მაგალითის მიმცემი, ის თავად გახდა.
- შვილის ყოლას თუ აპირებთ?- რა თქმა უნდა, ამაზე ვფიქრობ. მინდა, რატომაც არა, შვილი და ოჯახი აუცილებლად მინდა. გეგმაში მაქვს, რომ 30 წლის ასაკში შვილი მყავდეს. ჯერჯერობით, მხოლოდ პატარა მეგობარი, იორკი მყავს, რომელიც სულ 2 კვირაა მაჩუქეს. სახელი ჯერ არ აქვს...