Exclusive: „ფული არ მქონდა, ლექსების კრებული რომ დამებეჭდა... თანხა რომ მომთხოვეს, ძალიან შემრცხვა“ - კოსტა სანიკიძე

კოსტა

უკვე თვე-ნახევარია, რაც „პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონი დაიწყო და ამაზე საუბარი არ წყდება. რეალითი შოუ ნახვების რეკორდებს ყოველკვირეულად ხსნის. „პრაიმტაიმი“ „პრაიმ ჰაუსს“ ისევ ესტუმრა და გთავაზობთ მორიგ ექსკლუზიურ ინტერვიუს ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან მონაწილესთან.

კოსტა სანიკიძეს გულშემატკივართა უზარმაზარი არმია რომ ჰყავს, ამაში უკვე ყველა დარწმუნდა. მან ზედიზედ 2-ჯერ მოახერხა, რომ მაყურებლის გული მოეგო და აუტსაიდერების სკამიდან ხალხის რჩეული, გამარჯვებული წამომდგარიყო. 

კოსტა მსახიობია, წერს ლექსებს და 36 სიმღერის ავტორია. „პრაიმტაიმთან“ იხსენებს, როდის და როგორ დაიწყო შემოქმედებითი საქმიანობა.

კოსტა სანიკიძე: - რაც თავი მახსოვს, იმის შემდეგ შემოქმედებითად ვარ. მეორე კლასში ვიყავი ალბათ, პირველი ლექსი რომ დავწერე. თავიდან ვერ ვხვდებოდი, მეგონა, რომ ერთი ჩვეულებრივი მომენტი იყო და ასე ეტაპობრივად მოვიდა. მერე წერის სტილი, მანერა, მიმდინარეობა... რითაც დავიწყე ბოლომდე იმას გავყევი და განვავითარე.

ამ ყველაფერთან ერთად მელოდიებიც წამოვიდა. რომ ვწერდი, მივხვდი, რომ ამას მელოდია, ხასიათი, მდგომარეობა მოჰყვებოდა. ასე შემოვიდა მუსიკა/სიმღერა ჩემს ცხოვრებაში.

სიმღერებში პოეზიის დიდი აქცენტია, იმიტომ, რომ ერთ-ერთი ღერძია. ახლა რომ გითხრათ, მომღერალი ვარ-თქო, მოგატყუებთ. მე ვარ ადამიანი, რომელსაც აქვს კონკრეტული ენერგია, რომელიც მიდის ადამიანის ენერგიებამდე და ურთიერთქმედება ხდება. პოეტი როდის ხარ, როდესაც კითხულობენ შენს ლექსებს და ჰგონიათ, თვითონ დაწერეს, ისე შეეხოთ. რა არის ჩემი მისია - მე შენს სულში რომელიღაცა კარი შევაღო, შეიძლება იტირო, იცინო, შეიძლება გაგიხარდეს, ან „დაგრუზულზე“ მოუსმინო, დაბადების დღეზე ჩართო... მაგიური და მისტიკური ამბავია, უნივერსიტეტში ხომ არ მისწავლია, ეს არ არის მხატვრობა, ფუნჯი და კალამი რომ გეხმარებოდეს, ან ინსტრურმენტი. 

17 წლის ვიყავი, როდესაც სპეციალური საჭიროების მქონე პირის როლი ვითამაშე, „ორ ბორბალში“. რეკლამებს არ ვთვლი, იყო პატარ-პატარა გადაღებები. მეორე მთავარი როლი ახლა დავამთავრე, გიორგი მეგრელიშვილთან. იქაც საინტერესო პერსონაჟს ვთამაშობ, დამოკიდებულ ადამიანს, რომელიც აგდებს პრეპარატებს, ალკოჰოლს და ნარკოტიკს. თავის ნახევარ ძმასთან ერთად კეტავენ რომელიღაცა სახლის სხვენში, ფსიქოლოგიური თრიელია. პრემიერა უკვე შედგა, რამდენიმე ფესტივალს მოივლის და შემდეგ აქაც დაიმკვიდრებს თავის გარკვეულ ადგილს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში კინოს, როგორც კომერციის პოპულარიზაციას სერიოზულად არ აღიქვამენ. 

- უკვე გამოეცით  ლექსების კრებული?

- კრებული არ მაქვს, მაგრამ ძალიან მინდა. თანხა მომთხოვეს და ძალიან შემრცხვა საკუთარ თავთან, მაგრამ „გამიტყდა“. არც იმის ფული მქონდა, რომ დამებეჭდა და იმისიც შემრცხვა, ამდენი სტამბაა... რომ გადავხედე, ვის აქვთ დაბეჭდილი და გამოშვებული, მაგრად შემრცხვა.

ეს სადღაც 1 წლის წინ იყო, ახლაც მზად მაქვს, მაგრამ არავინ ინტერესდება. არ მყავს პროდიუსერი, მენეჯერი, კონცერტებსაც არ მატარებინებენ. 36 სიმღერის ავტორი ვარ. ალბომებიც ვერ დავამთავრე, იმიტომ, რომ მაგის ფინანსები არაა. მარტო ხარ, იცით როგორ კომერციაში? ვიღაცები დინოზავრებივით დააჯდნენ, „აუ, ეს ახალგაზრდაა“, „აპოლიტიკურია“, „ავტორ-შემსრულებელია“, თითის დაქნევები მქონია, საშიში ხარ და გაიწევიო, იმიტომ, რომ უკონტროლო ხარ. მე შენ პოპულარობა მოგცე, შემდეგ ჩემს წინააღმდეგ გამოიყენო ისე, სადაც მე არ გეთანხმები, იქნება არ გვაწყობსო - ასეთი დიალოგებიც ყოფილა. პირობას გაძლევთ, მივალ იმ ეტაპამდე და სახელ-გვარებით გავაჟღერებ ვისთან რა მქონდა. 

- სად შეგვიძლია თქვენი სიმღერების ნახვა და მოსმენა?

- ჩემი არხი მაქვს Youtube-ზე და იქ შეუძლია მსმენელს ყველაფრის ნახვა. რამდენიმე სიმღერა თაროზე მაქვს შემოდებული, რადგან ორკესტრი მჭირდება. ეროვნული პროდუქტია, ქართულია და თავისი ხასიათი აქვს. ქართულად მღერა ცოტა რთულია.

ხელშეწყობა მინდა, მუსიკოსებს ვითხოვ და კონცერტებს, მეტს არაფერს. ხალხი მთხოვს, მსმენელი, ჩემი აუდიტორია მყავს.