ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ Netflix-ი ფაქტობრივად, საჭადრაკო დაფასთან დასვა - ადვოკატი

ნონა გაფრინდაშვილი

ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ Netflix-ი ფაქტობრივად, საჭადრაკო დაფასთან დასვა, - ამის შესახებ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის  ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა კალიფორნიის სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.

მისივე განმარტებით, სასამართლომ დაცვის მხარის არცერთი არგუმენტი არ გაიზიარა და თქვა, ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ Netflix-ის მტკიცებულებები, რომლებიც მას ჰქონდა წარმოდგენილი, პირიქით, დაცვის მხარის წინააღმდეგ მუშაობს.

„ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ თქვა, რომ ასეთი პრეცედენტი არ არსებობს ამერიკის სასამართლო პრაქტიკაში. რადგან ნაწარმოები მხატვრულია, ეს იყოს იმის მიზეზი, რომ ამ მხატვრული ნაწარმოების ქუდით დააზიანო რეალური ადამიანის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. სასამართლო ამ გადაწყვეტილებით პასუხებს Netflix-ის ყველა ძირითად არგუმენტს და აქარწყლებს. ფაქტობრივად, მთლიანად მიჰყვება ჩვენი შესაგებლის ხაზს, სრულად იზიარებს ყველა ჩვენს არგუმენტაციას. Netflix-ის ყველა არგუმენტი სასამართლომ გააბათილა. ძალიან საინტერესო მსჯელობებია ამ გადაწყვეტილებაში და სასამართლომ დაცვის მხარის არცერთი არგუმენტი არ გაიზიარა და თქვა, ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ Netflix-ის მტკიცებულებები, რომლებიც მას ჰქონდა წარმოდგენილი, პირიქით, დაცვის მხარის წინააღმდეგ მუშაობს და აჩვენებს იმას, რომ Netflix-მა განგებ აუარა გვერდი ნონა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით არსებულ გარემოებებს. სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

შეგახსენებთ, ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე, მოსამართლემ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, „ნეტფლიქსის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.