როცა თანამდებობიდან სახელმწიფო ინსპექტორსა და მის თანამშრომლებს ათავისუფლებ, აუცილებელია ახსნა-განმარტება - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ როდესაც მსგავს დამოუკიდებელ სამსახურზეა საუბარი, ნებისმიერი ცვლილების წინ კონსულტაციაა საჭირო.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა მკაფიოდ დააფიქსირა შეშფოთება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე.

„ჩვენ ვიზიარებთ ამ შეშფოთებას, ნაჩქარევ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც დაინტერესებულ მხარეებთან სათანადო კონსულტაციების გარეშე წარიმართა. როდესაც გაქვს ისეთი მნიშვნელოვანი სამსახური, როგორიც არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს კონსულტაციების საფუძველზე.

როდესაც ასეთი ცვლილებები ხორციელდება, თანამდებობიდან ათავისუფლებ სახელმწიფო ინსპექტორსა და მის თანამშრომლებს, აუცილებელია ახსნა-განმარტება, რისთვის გახდა ეს საჭირო გაეთავისუფლებინათ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი თანამშრომლები, რომლებსაც დიდი გამოცდილება ჰქონდათ და ემსახურებოდნენ საქართველოს პატიოსნად,“- აღნიშნა ელჩმა.