ედიშერ გვენეტაძე: ნიკოლოზ ფაჩუაშვილი არ ემსახურება არც ეკლესიის და არც საქართველოს ინტერესებს, ეს ადამიანი "ნაციონალური მოძრაობის" მსახურია

ედიშერ გვენეტაძე

"კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა დაცინვით და აგდებით ისაუბრა ეკლესიის გაძლიერების ინიციატივაზე და კონსტიტუციაში ჩვენი რწმენისა და რელიგიის როლის სრულფასოვან ასახვას რადიკალური ოპოზიციის სტილში, ცინიკური განცხადება დაახვედრა. პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ნიკოლოზ ფაჩუაშვილი არ ემსახურება არც ეკლესიის და არც საქართველოს ინტერესებს. ეს ადამიანი "ნაციონალური მოძრაობის" მსახურია", - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.

მისივე თქმით, 2012 წელს "ქართულ ოცნებას" რომ არჩევნები არ მოეგო, სააკაშვილი საქართველოს პატრიარქის მოშორებას, ფიზიკურ განადგურებას გეგმავდა და მის ადგილს სწორედ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს ჰპირდებოდა.

"არ შემეძლო გამოხმაურების გარეშე დამეტოვებინა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის გუშინდელი განცხადება მმართველი გუნდის ინიციატივასთან დაკავშირებით. კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა დაცინვით და აგდებით ისაუბრა ეკლესიის გაძლიერების ინიციატივაზე და კონსტიტუციაში ჩვენი რწმენისა და რელიგიის როლის სრულფასოვან ასახვას რადიკალური ოპოზიციის სტილში, ცინიკური განცხადება დაახვედრა. პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ნიკოლოზ ფაჩუაშვილი არ ემსახურება არც ეკლესიის და არც საქართველოს ინტერესებს. ეს ადამიანი "ნაციონალური მოძრაობის" მსახურია. სხვა ახსნა არ აქვს მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მხრიდან მსგავს რეაქციას, როდესაც ხელისუფლება ეკლესიის როლის გაძლიერებაზე საუბრობს, ხოლო თავად ამ საკითხზე ცინიკურად რეაგირებს და მას წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოგებას უწოდებს.

ჯერ ერთი, არაფერია ცუდი და დასამალი იმაში, რომ მმართველი პარტია არჩევნების წინ გამოდის ეკლესიის გაძლიერებისა და დაცვის ინიციატივით და მეორე, პირადად ჩემთვის გასაკვირი სულაც არ ყოფილა ფაჩუაშვილის მსგავსი რეაქცია. როგორც აღვნიშნე, წლების განმავლობაში ის იყო "ნაცრეჟიმის" მსახური. მას რადიკალების მომსახურეობაზე უარი არც არჩევნების შემდეგ უთქვამს და კარგად ვხედავდით, რომ ათასობით ადამიანის გამაუბედურებელ და მწამებელ სააკაშვილს ციხეში ეახლებოდა და მის შეწყალებას ითხოვდა. ამ კაცს არჩევანი დიდი ხნის წინ აქვს გაკეთებული - მან აირჩია ეკლესიების დამანგრეველი და რწმენის გამანადგურებელი სააკაშვილი, ხოლო ბიძინა ივანიშვილის მიმართ აგდებული დამოკიდებულება აქვს. იმ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელმაც ხალხთან ერთად სამების ტაძარი ააშენა, აღადგინა რვაასზე მეტი ეკლესია და გადაარჩინა ჩვენი რწმენა და დედა ეკლესია ფიზიკური განადგურებისგან.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ სპეცსამსახურებს აქვთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელშიც ფაჩუაშვილიც ფიგურირებს. კერძოდ, 2012 წელს "ქართულ ოცნებას" რომ არჩევნები არ მოეგო, სააკაშვილი ჩვენი პატრიარქის მოშორებას, ფიზიკურ განადგურებას გეგმავდა და მის ადგილს სწორედ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს ჰპირდებოდა. დარწმუნებული ვარ, ეს გეგმა დღესაც ძალაშია და ფაჩუაშვილს სწორედ პატრიარქობაზე უჭირავს თვალი, რაც ნაცების დაბრუნების გარეშე გამორიცხულია. სწორედ ამიტომ, დღემდე ეტრფის ეკლესიის მაგინებელ ნაციონალებს და ლოცულობს მათზე. მოვუწოდებ მმართველ გუნდს - ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად გაასამართლონ ნიკოლოზ ფაჩუაშვილი და მისი მსგავსი რეჟიმის მსახური მღვდლები, რომლებიც საბედნიეროდ, ძალიან ცოტა არიან. რეჟიმის გასამართლება უნდა შეეხოს იმ ადამიანებს, რომლებზეც იდგა რეჟიმი და დღესაც სარგებლობენ მხარდაჭერით. აუცილებელია, რომ მეუფე ფაჩუაშვილი მოიკვეთოს ეკლესიიდან და პასუხი აგოს ადამიანების მწამებელი სისტემის მსახურებაზე, რომელსაც დღესაც უსირცხვილოდ აგრძელებს!" - წერს ედიშერ გვენეტაძე.