1740141413
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მაღალი რეიტინგი აქვს და ამ ეტაპზე ლიდერის პოზიციაზე მისი შეცვლა ვერ მოხერხდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მაღალი რეიტინგი აქვს და ამ ეტაპზე ლიდერის პოზიციაზე მისი შეცვლა ვერ მოხერხდება.
ზელენსკიმ მედიასთან საუბრისას მაგალითისთვის მოიყვანა გამოკითხვის ის შედეგები, რომლის თანახმადაც, უკრაინელი ხალხის 58% მას ენდობა, როგორც ლიდერს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, უკრაინა რუსეთისგან „უამრავ დეზინფორმაციას“ აწყდება.
„პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, როგორც ლიდერის მიმართ სრული პატივისცემით… ის დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება მოჰყვა ტრამპის გამოსვლას, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობდა, რომ ზელენსკის რეიტინგი ოთხ პროცენტამდე დაეცა, ხოლო ხალხი დაიღალა.
ზელენსკის თქმით, უკრაინას აქვს „მტკიცებულება“, რომ დეზინფორმაცია 4%-იანი რეიტინგის შესახებ რუსეთის მიერ ვრცელდება და „ეს ციფრები აშშ-სა და რუსეთს შორის განიხილება“.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა შეკითხვას ტრამპის წინადადების შესახებ, რომელიც აშშ-ს საშუალებას მისცემდა, მიეღო უკრაინის იშვიათი წიაღისეულის, მათ შორის ლითიუმისა და ტიტანის გარკვეული პროცენტი.
„მე ვიცავ უკრაინას, მე მას ვერ გავყიდი, ჩვენს სახელმწიფოს ვერ გავყიდი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან ეს წინადადება უარყო, რადგან, პირველი პროექტის თანახმად, უკრაინას აშშ-ისთვის უნდა გადაეცა წიაღისეულის 50%-იანი წილი, ხოლო უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც ზელენსკი ითხოვდა, საერთოდ არ იყო ნახსენები.