1740388520
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ოლქზე საჰაერო იერიში განახორციელა

რუსეთი კვლავ უტევს უკრაინის ტერიტორიას ფრთოსანი რაკეტებით და „შაჰედის“ უპილოტო საფრენი აპარატებით.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის მიერ ნასროლი ფრთოსანი რაკეტები სარატოვის ოლქის ენგელსის რაიონიდან, „ტუ-95“-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან გაუშვეს.
უპილოტო საფრენი აპარატები დაფიქსირდა უკრაინის რამდენიმე ოლქის თავზე. მათ შორის კიევის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, დონეცკის, ნიკოლაევის, ჟიტომირის, ვინიცის და ჩერნიგოვის ოლქებში.
კიევის ოლქში ღამით გამოაცხადეს საჰაერო განგაში. დილით სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის დარტყმის შედეგად ობუხოვის რაიონში დაშავდა ადგილობრივი მცხოვრები. კერძო სახლები დაზიანდა ფასტოვის რაიონში.
საჰაერო განგაში რამდენჯერმე გამოცხადდა ხერსონშიც.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით განხორციელდა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა, რა დროსაც 19 დრონი ჩამოაგდეს, მათი უმეტესობა – ბრიანსკის ოლქში.