1740489922
გია ვოლსკი - ჰერჩინსკიმ თავისი პოლიტიკური გემოვნება გამოავლინა, რაც არადიპლომატიურია, მას არ აქვს უფლება, პოლიტიკურ აქციებს ორგანიზება გაუკეთოს და პროცესში ჩაერთოს

ჰერჩინსკიმ თავისი პოლიტიკური გემოვნება გამოავლინა, რაც არასწორი, არადიპლომატიურია. მას არ აქვს უფლება, გარკვეულ პოლიტიკურ აქციებს ორგანიზება გაუკეთოს და პროცესში ჩაერთოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის კითხვა დაუსვეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე, რომ „ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას, რომელიც სამი თვეა, გრძელდება. სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებაზე ვმუშაობთ“.
„პროკურორი არ არის და ის ადამიანი, რომელსაც ქვეყნის შიდა პროცესებში ჩარევის უფლება აქვს. ისევე, როგორც შეკრიბოს ის ხალხი, რომელიც წარმოუდგენია, თითქოს ევროპული ინტერესების გამტარებლები არიან. მით უმეტეს, მას არ აქვს უფლება, გარკვეულ პოლიტიკურ აქციებს ორგანიზება გაუკეთოს და პროცესში ჩაერთოს, როგორც ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა. ჰერჩინსკიმ თავისი პოლიტიკური გემოვნება გამოავლინა, რაც არასწორი, არადიპლომატიური და, ხშირ შემთხვევაში, ძალიან ხეპრულია. პაველ ჰერჩინსკი ერთადერთი არ არის. ჩვენ დავინახეთ ხელისუფლებები, მათ შორის შვედეთის პარლამენტის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, გერმანიის პარლამენტის ერთ-ერთი ლიდერი, ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლებიც კონკრეტულ გეგმას ემსახურებიან, რომ თავისი გავლენები შეინარჩუნონ, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში. ვერ წარმოუდგენიათ, ეს თუ ვერ მოხდება და აქ არ იქნება ხელისუფლება, რომელიც ცალ ფეხზე დგას და ყურმოჭრილი ემსახურება ნებისმიერ მითითებას, რომელიც შეიძლება, ინტერესების ძალიან ფართო სპექტრთან იყოს დაკავშირებული. სწორედ ეს არის „დიფ სთეითის“გავლენა და პაველ ჰერჩინსკი ერთადერთი არ არის. თავად ევროკავშირის ფორმატებიდან რამდენი რეზოლუცია მიიღეს საქართველოს წინააღმდეგ, სადაც პაველ ჰერჩინსკის მოკავშირეები არიან გაერთიანებული? – მოკავშირეები იმ თვალსაზრისით, რომ მათ კონკრეტული ამოცანა აქვთ. ამ ამოცანას განსაზღვრავენ, სცენარს წერენ და ძალიან ბევრი ორგანიზაცია გამოვლინდა, რომელიც ფულს იღებს სწორედ იმაში, რომ ეს გეგმა განახორციელოს. აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ გამოვლინდა ის, რასაც ჩვენ რამდენიმე წლის წინ ვლაპარაკობდით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.