საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1740489144
გერმანიის არჩევნების გამარჯვებულმა და სავარაუდო მომავალმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ოლაფ შოლცის კანცელარიაში გაგზავნა „ურთიერთგაგების მემორანდუმი“, რომლის მიზანიცაა, შეზღუდოს მოქმედი კანცლერის ძალაუფლება მთავრობის ცვლილების წინა გარდამავალ პერიოდში. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ბილდი“ იტყობინება.
გამოცემის ცნობით, შოლცის კანცელარიაში გაგზავნილი მემორანდუმი სამ ძირითად პუნქტს შეიცავს: შოლცის მთავრობამ აღარ უნდა მიიღოს არანაირი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც არ იქნება შეთანხმებული ქრისტიან-დემოკრატიულ და ქრისტიან-სოციალურ კავშირთან. იგივე ეხება შიდა პოლიტიკის ძირითად საკითხებსაც; ამჟამინდელმა მთავრობამ აღარ უნდა გამოსცეს არანაირი კანონი ან განკარგულება, ასევე არ უნდა მიიღოს არანაირი სამთავრობო გადაწყვეტილება; სამინისტროებში აღარ უნდა მოხდეს არანაირი დაწინაურება ან რეორგანიზაცია.
„მოსალოდნელია, რომ ამიერიდან ჩვენ მართლაც გვერდიგვერდ ვიმუშავებთ და მოვამზადებთ კარგ გარდამავალ პერიოდს, რომ მთავრობა აღარ მიიღებს არანაირ გრძელვადიან გადაწყვეტილებას ჩვენი მონაწილეობის გარეშე“, – განაცხადა მერცმა.
ამავე დროს, მერცი გეგმავს, მომავალ კვირაში დაიწყოს კოალიციური მოლაპარაკებები სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან, რომელიც კოალიციურ მთავრობაში უმცროსი პარტნიორის როლს შეასრულებს.