პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთ-უკრაინის შორის არსებული დაძაბულობა პიკს აღწევს. რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ.სახალხო რესპუბლიკების „სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“ ცნო და სეპარატისტულ რეგიონებში რუსული არმია შეიყვანა.
თავის მხრივ პოზიციებს არ თმობს უკრაინა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 84 დარღვევა დაფიქსირდა, დაჭრილია 10-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი.
უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებისგან მხარდაჭერის მკაფიო და ეფექტურ ნაბიჯებს ელოდება. ქვეყნის პირველი პირი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინა სიტუაციის დიპლომატიური მოგვარების ერთგული რჩება. თუმცა, მისივე თქმით, პუტინის გადაწყვეტილება ანადგურებს მოლაპარაკებების ფორმატს.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ.სახალხო რესპუბლიკების „სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“ ცნო და ფედერალურ კრებას მოუწოდა „მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას და მოახდინოს ორივე რესპუბლიკასთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების რატიფიკაცია“.
„ორივე ეს დოკუმენტი მომზადებული და ხელმოწერილი იქნება ძალიან მოკლე დროში“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვეტილების წინაპირობად უკრაინის ხელისუფლება დაასახელა. პუტინის თქმით, კიევი დონბასის პრობლემის გადაჭრის სხვა გზას, გარდა ომისა, არ ცნობს.
პუტინმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, დაუყოვნებლად შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები დონბასში და გააფრთხილა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო სისხლის ღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიის მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება.“
ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ცნობის შესახებ ხელმოწერილ ბრძანებულებაში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „მშვიდობის დასაცავად“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავალებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯარი შეიყვანოს.
ზელენსკის განცხადებები მას შემდეგ, რაც პუტინმა დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარების დოკუმენტს მოაწერა ხელი:
„ჩვენ არავის და არაფრის გვეშინია. ჩვენ არავის არაფერს მივცემთ. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ. ჩვენ უკან სიმართლეა. ჩვენ უკან უკრაინაა. ერთადერთი მიზანი უკრაინაში მშვიდობაა. დიდება უკრაინას!“ - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
„მხარს ვუჭერთ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს და პროვოკაციას არ წამოვეგებით. უკრაინას გაეროს წესდებით გაწერილი კოლექტიური და ინდივიდუალური თავდაცვის უფლება აქვს. ახლა ქაოსის დრო არ არის, ჩვენ დიპლომატიური გზის მომხრეები ვართ და ამ გზას არ გადავუხვევთ“, - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.
„კარგად შეგვიძლია პროვოკაციებისა და აგრესორის ჯარების შემოტევის ერთმანეთისგან განსხვავება. სიმართლე ჩვენს მხარესაა და სიმართლეს ჩვენ არ დაგიმალავთ თქვენ. როგორც კი დავინახავთ სიტუაციის ცვლილებას, როგორც კი დავინახავთ რისკების ზრდას, თქვენ ამის შესახებ გაიგებთ. ქაოსური ქმედების მიზეზი ამჟამად არ არსებობს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასე შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
Discussed the events of the last hours with @POTUS. We begin the meeting of the National Security and Defense Council. A conversation with @BorisJohnson is also planned.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 21, 2022
„გაერო ავადაა. მას კრემლის მიერ გავრცელებული ვირუსი დაემართა. დანებდება თუ არა ამ ვირუსს? ეს წევრების ხელშია. დღეს კრემლმა სიტყვასიტყვით გადაწერა 2008 წლის განკარგულება საქართველოს შესახებ - ეს ასლია. არავითარი კრეატიულობა არ გამოუჩენია. ასლის გადამღები მანქანა კრემლში კარგად მუშაობს. ვინ არის შემდეგი გაეროს წევრებს შორის? ეს შეკითხვა ღიაა", - აცხადებს უკრაინის ელჩი გაეროში სერგეი კისლიცა.
პუტინის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ.სახალხო რესპუბლიკების აღიარებამდე, ცოტა ხნით ადრე, თეთრმა სახლმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ჯო ბაიდენი უკრაინის კრიზისის განსახილველად რუსეთის ლიდერთან შეხვედრას დასთანხმდა.
ვაშინგტონში განაცხადეს, რომ საფრანგეთის ხელისუფლებისგან ინიცირებული სამიტი იმ შემთხვევაში ჩატარდებოდა, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა.
შედგება თუ არა ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრა ჯერჯერობით უცნობია.
ვლადიმერ პუტინის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ.სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ, პუტინმა სეპარატისტულ რეგიონებში რუსული არმია შეიყვანა.
დონეცკის შემოგარენში სამხედრო ტექნიკის კოლონის გადაადგილების კადრები Reuters-მა გაავრცელა.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული კადრები სააგენტოს თვითმხილველმა მიაწოდა. კადრებში ჩანს ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები.
ნახეთ ვიდეო
კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა 2014 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინელებმა ევრომაიდანის გადატრიალება მოაწყვეს, გადააგდეს პრორუსი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და ევროატლანტიკურ გზას დაუბრუნდნენ.
კიევის ეს ქმედებები მოსკოვის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, რამაც დესტაბილიზაციის ახალი ტალღების დაწყება გამოიწვია.
რუსულმა დაზვერვამ დონბასის რეგიონში ხელი შეუწყო ჯერ სამოქალაქო არეულობის წახალისებას, შემდეგ კი ომის დაწყებას. უკრაინაში ადრეულ ეტაპზე მიმდინარე ოპერაციებში ჩართული იყო რუსული სპეცდანიშნულების რაზმების 6 ჯგუფი, რომელთაც „მწვანე კაცუნებად” მოიხსენიებდნენ, რადგან სამხედრო უნიფორმებზე არანაირ ნიშანს ატარებდნენ, რითაც თავს არიდებდნენ კონვენციურ ომში ჩართვას. დონბასში ომის დაწყებამდე, მოსკოვმა, მწვანე კაცუნების დახმარებით, ყირიმის ანექსია შეძლო. ამჟამად, საინტერესო სწორედ ისაა, აპირებს თუ არა მოსკოვი უკრაინასთან კონვენციურ, ღიად გამოცხადებულ ომს.
მალევე, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებმა კიევისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. 2015 წელს უკრაინასა და რუსეთში შორის მინსკში დადებული სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად, წლების მანძილზე ორ ქვეყანას შორის შეიარაღებული კონფლიქტი კვლავაც გრძელდება. გაეროს მონაცემების მიხედვით, 2014 წლის მარტის შემდეგ, აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში, სამხედრო დაპირისპირებას 3 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.
მომზადებულია BBC-ის, CNN-ისა და TIME-ის მიხედვით