საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და სანქციებისთვის მზადება - უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს მსოფლიო ლიდერები აფასებენ

უკრაინა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები "დამოუკიდებელ" რესპუბლიკებად აღიარა.

აქამდე ორივე თვითგამოცხადებული რესპუბლიკა იყო და აღიარების "თხოვნით" ლიდერებმა პუტინს 21 თებერვალს მიმართეს.

დღის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტის ვიდეომიმართვა გავრცელდა, სადაც ეს გადაწყვეტილება გამოაცხადა.

ოკუპანტმა ლიდერმა მიმართვაში ვრცლად ილაპარაკა უკრაინის შესახებ, რომლის დროსაც უკრაინის შექმნა ბოლშევიკებს დაუკავშირა და მას "ლენინის ქმნილებაც" უწოდა. მისი თქმით ლენინმა ხელოვნურად მოაქცია უკრაინის ტერიტორიაზე დონბასი.

რუსეთის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში უკრაინა რუსეთისთვის საფრთხედ წარმოაჩინა, მის ხელისუფლებას კი "აგრესიული, ნაციონალისტური რეჟიმი" უწოდა.

მისი თქმით, დასავლეთმა არ გაითვალისწინა რუსეთის მოთხოვნა ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით და აქვე დაამატა: "რუსეთს უფლება აქვს დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება და ჩვენც სწორედ ამას გავაკეთებთ".

საერთაშორისო ლიდერებმა უკვე დაგმეს პუტინის გადაწყვეტილება და ერთხმად განაცხადეს, რომ ეს როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე, მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს მსოფლიო ლიდერები აფასებენ:

„ჩვენ გამოვაცხადებთ ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის დარღვევის, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმის საპასუხოდ," - წერს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარებას", საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა უწოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. უწყებაში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება დარტყმაა ყველა დიპლომატიურ ძალისხმევაზე.

კანადა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დასაწესებლად ემზადება - ამის შესახებ ნათქვამია კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მელანი ჯოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გმობს პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებას და გადაწყვეტილებას რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის სერიოზულ საფრთხედ აფასებს.

პუტინის გადაწყვეტილებას მკაცრად გმობენ შვედეთის, ბულგარეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებიც.

უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ მოლდოვის და ესტონეთის პრეზიდენტები. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

👉 შარლ მიშელი ვლადიმერ პუტინის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარებას ეხმაურება

 

👉 ზელენსკის პირველი განცხადება მას შემდეგ, რაც პუტინმა დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარების დოკუმენტს მოაწერა ხელი