ეს უფრო დასავლეთის გამოწვევაა... თუ რუსეთს უკრაინაში გამოუვიდა ის, რაც ჩაფიქრებული აქვს, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება - ზურა ბატიაშვილი

zura batiashvili

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები "დამოუკიდებელ" რესპუბლიკებად აღიარა.

აქამდე ორივე თვითგამოცხადებული რესპუბლიკა იყო და აღიარების "თხოვნით" ლიდერებმა პუტინს 21 თებერვალს მიმართეს.

დღის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტის ვიდეომიმართვა გავრცელდა, სადაც ეს გადაწყვეტილება გამოაცხადა.

ოკუპანტმა ლიდერმა მიმართვაში ვრცლად ილაპარაკა უკრაინის შესახებ, რომლის დროსაც უკრაინის შექმნა ბოლშევიკებს დაუკავშირა და მას "ლენინის ქმნილებაც" უწოდა. მისი თქმით ლენინმა ხელოვნურად მოაქცია უკრაინის ტერიტორიაზე დონბასი.

რუსეთის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში უკრაინა რუსეთისთვის საფრთხედ წარმოაჩინა, მის ხელისუფლებას კი "აგრესიული, ნაციონალისტური რეჟიმი" უწოდა.

მისი თქმით, დასავლეთმა არ გაითვალისწინა რუსეთის მოთხოვნა ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით და აქვე დაამატა: "რუსეთს უფლება აქვს დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება და ჩვენც სწორედ ამას გავაკეთებთ".

საერთაშორისო ლიდერებმა უკვე დაგმეს პუტინის გადაწყვეტილება და ერთხმად განაცხადეს, რომ ეს როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე, მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა.

ქართველი ექსპერტი, რონდელის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი „პრაიმთაიმთან“ აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გუშინდელი განცხადება დასავლეთის გამოწვევაა. 

მისივე შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა უკრაინაში ჩაფიქრებული გეგმა სისრულეში მოიყვანა, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება.

„პუტინის ეს განცხადება უფრო დასავლეთის გამოწვევაა. რეალურად ის იწვევს ფაქტობრივად ომში, ეს იქნება ცივი თუ ცხელი, ამას უახლოეს ხანში დავინახავთ.

ეს არის უარის თქმა საერთაშორისო სამართლის მთავარ პრინციპებზე: საზღვრების ურღვეობის, ხელშეუხებლობის, ქვეყნების სუვერენიტეტის და ა.შ.

რა თქმა უნდა, ეს ჩვენც გვეხება. რუსეთს უკრაინაში გამოუვიდა ის, რაც ჩაფიქრებული აქვს, რა თქმა უნდა, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება, ეს უშუალოდ ჩვენ გვეხება, უშუალოდ ჩვენი საფიქრალია.

ძალზედ ბუნებრივია, რომ საქართველოში ყურადღებით აკვირდებიან განვითარებულ მოვლენებს. პრემიერისა და პრეზიდენტის განცხადებები მნიშვნელოვანი მომენტია.

ადრე რა განცხადებებიც კეთდებოდა, ახლა შეცვალეს. როგორც იქნა, საზოგადოების არაერთი მცდელობის შემდეგ მიხვდნენ, რომ აეხსნათ სიტუაცია რაში მდგომარეობდა. ეს მისასალმებელია“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა სანქციები საკმარისი, ექსპერტი გვპასუხობს:

„ჯერ არ ვიცით, რომელი და როგორი სახის სანქციები ამოქმედდება, ამას უნდა დაველოდოთ. მეორე, რა თქმა უნდა, უკრაინის მიმართ განხორციელებული დახმარება, მათ შორის, სამხედრო, კიდევ უფრო გაიზრდება. კარგია, რომ დასავლეთი არ აპირებს დანებებას და სტატუს-კვოს მიღებას. ისინი წინააღმდეგობას გაწევენ“.

ცნობისთვის, პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების დოკუმენტს ხელი მოაწერა. ასევე, მან თავდაცვის სამინისტროს დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში მშვიდობის მხარდაჭერის უზრუნველყოფა დაავალა.