1740489922
არ არსებობს არცერთი სერბი, რომელიც არ დაფიქრდებოდა, როდესაც ხმას აძლევდა რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციას, არ მჯერა შეცდომების, მაგრამ მჯერა ღალატის - სერბეთის ვიცე-პრემიერი

სერბეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდარ ვულინმა სირცხვილად და ღალატად შეაფასა სერბეთის მიერ გაერო-ში უკრაინის საკითხზე მომზადებული რეზოლუციის მხარდაჭერა, რომელშიც რუსეთი აგრესორადაა მოხსენიებული.
ალექსანდარ ვულინმა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მოუწოდა, მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღოს.
„არ მჯერა შეცდომის, რადგან არ არსებობს არცერთი სერბი, რომელიც არ დაფიქრდებოდა, როდესაც ხმას აძლევდა რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენი ერთადერთი ისტორიულად უცვლელი მოკავშირის წინააღმდეგ. მე არ მჯერა შეცდომების, მაგრამ მჯერა ღალატის. პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა იმოქმედა პატიოსნად და დაადასტურა, რომ ეს არ არის სერბეთის პოზიცია და რომ ეს არ არის ჩვენი პოლიტიკა“, – განაცხადა ვულინმა.
სერბეთის ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ „ეს იყო ხმის მიცემა სერბეთის წინააღმდეგ, სერბების წინააღმდეგ და ალექსანდარ ვუჩიჩისა და მისი პოლიტიკის წინააღმდეგ“.
„საგარეო საქმეთა მინისტრმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ჩვენთვის მოყენებული სირცხვილისთვის და იკისროს ყველა პოლიტიკური შედეგი. ეს ხმის მიცემა არის სირცხვილი, რომლისთვისაც პასუხი უნდა აგოს“, – თქვა ალექსანდარ ვულინმა.
მანამდე სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთმა ხმა მისცა უკრაინის შესახებ ევროპულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, მაგრამ ის თვლის, რომ ეს შეცდომაა და სერბეთს თავი უნდა შეეკავებინა.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 93 ხმით დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც დაგმობილია რუსეთის აგრესია. ეს რეზოლუცია უკრაინისა და ევროპის ქვეყნების ინიციატივით წარადგინეს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, ასე მოიქცა რუსეთიც.