1738266429
"ვლოცულობ ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც თვითმფრინავში იმყოფებოდა...“ - თვითმხილველი American Airlines-ის ავიაკატასტროფის დეტალებს იხსენებს
კაცი, რომელიც შეესწრო American Airlines-ის ავარიას, აღწერს, რომ დაინახა „თეთრი აფეთქება“.
როდესაც ავიაკატასტროფა მოხდა, ჯიმი მაზეო იჯდა და სადილობდა თავის შეყვარებულთან ერთად ახლომდებარე პარკში. მან უცბად დაინახა „თეთრი ცეცხლი" ცაში. თავდაპირველად მამაკაცი ვერ მიხვდა, თუ რა მოხდა.
„ჩვენ ამაზე ბევრი არ გვიფიქრია მანამ, სანამ არ დავინახეთ, რომ სახანძრო მანქანებმა დაიწყეს მოსვლა. ნელ-ნელა მოდიოდნენ პოლიციის მანქანები და ნავები. ეს იყო გიჟური სანახაობა,” - განუცხადა მან უცხოურ მედიას.
„შეშინებული ვარ. საშინელებაა ის, რაც მოხდა. მე ვლოცულობ ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც თვითმფრინავში იმყოფებოდა“,- დასძინა მამაკაცმა.
ცნობისთვის, American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი სამხედრო ვერტმფრენს რონალდ რეიგანის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს შეეჯახა. თვითმფრინავში 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი, ვერტმფრენში კი, 3 ჯარისკაცი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფა მაშინ მოხდა, როცა თვითმფრინავი ეშვებოდა. შეჯახების შემდეგ თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა.
ავიაკატასტროფის შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა. მდინარეში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.