ვინ იყო ჰამასის ლიდერი, რომელიც ბეირუთში მოკლეს - გადაინაცვლებს თუ არა ომი ლიბანის ტერიტორიაზე?

ჰამასის ლიდერი

57 წლის სალეჰ ალ-არური ჰამასის იერარქიაში იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ფიგურა, როგორც პოლიტიკურ, ასევე სამხედრო ფრონტზე.

ის იკავებდა პოლიტიკური ბიუროს უფროსის მოადგილის პოსტს და აქტიურად მონაწილეობდა სამხედრო ბრიგადების ჩამოყალიბებაში.

ალ-არური მოკლეს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში. აფეთქებაში კი ისრაელს ადანაშაულებენ.

სალეჰ ალ-არური ჰამასის რიგებს 1987 წელს შეუერთდა. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ჩინოვნიკი ირანთან და ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰეზბოლასთან.

გარკვეული დროით სალეჰ ალ-არური ისრაელის ციხეებში იხდიდა სასჯელს. გათავისუფლების შემდეგ კი იყო იმ მოლაპარაკების მონაწილე, რომლის შედეგად 2011 წელს ისრაელის ციხიდან 1000-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს, ისრაელელი ჯარისკაცის გილად შალიტის ტყვეობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ. მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს ისრაელის არმიამ დაანგრია მისი სახლი პალესტინაში, დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ არურაში, რამალას მახლობლად.

თავად არური ბოლო მომენტამდე ლიბანში ცხოვრობდა. ლიბანური მედია იტყობინება, რომ სალეჰ ალ-არური მოკლეს ბეირუთის გარეუბანში მდებარე ჰამასის ოფისზე უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის დროს. მასთან ერთად ლიკვიდირებულია ჰამასის ექვსი წევრი.

დასავლური მედია აქცენტს აკეთებს, არამხოლოდ იმაზე, თუ ვინ მოკლეს, არამედ ხაზს უსვამს თავდასხმის ადგილს, რადგან ლიბანის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმა კიდევ უფრო არასტაბილურს ხდის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სახიფათო პროცესს.