1733169705
„ჰამასის“ ლიდერი აცხადებს, რომ სალეხ ალ-არურის მკვლელობის შედეგებზე პასუხისმგებლობა ისრაელს ეკისრება
ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიდერმა, ისმაილ ჰანიამ განაცხადა, რომ „ჰამასის“ მაღალჩინოსნის, სალეხ ალ-არურის მკვლელობის შედეგებზე პასუხისმგებლობა ისრაელს ეკისრება. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ერთ-ერთ უბანში ისრაელის სავარაუდო დარტყმის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მაღალჩინოსანი, სალეხ ალ-არური დაიღუპა. სალეხ ალ-არური „ჰამასის“ სამხედრო ფრთის დამფუძნებელი, პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე და დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო მეთაური იყო.
"[ეს] მკვლელობა არის ლიბანის სუვერენიტეტის დარღვევა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ [ისრაელის] აგრესიის წრის გაფართოება", - აღნიშნა ისმაილ ჰანიამ.
"ამ ტერორისტული აქტის შედეგები ნაცისტურ-სიონისტური ოკუპაციის პასუხისმგებლობაა და ის ვერ გატეხს ჩვენი ხალხის ნებას, სიმტკიცესა და წინააღმდეგობას", - დასძინა მან.