„ჰეზბოლა“ პირობას დებს, რომ პასუხს გასცემს სალეხ ალ-არურის მკვლელობას

ჰეზბოლა

ლიბანური რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ პირობას დებს, რომ პასუხს გასცემს ისრაელის მიერ „ჰამასის“ ლიდერის მოადგილის, სალეხ ალ-არურის მკვლელობას. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ერთ-ერთ უბანში ისრაელის სავარაუდო დარტყმის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მაღალჩინოსანი, სალეხ ალ-არური დაიღუპა. სალეხ ალ-არური „ჰამასის“ სამხედრო ფრთის დამფუძნებელი, პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე და დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო მეთაური იყო.

"ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეს დანაშაული რეაგირებისა და სასჯელის გარეშე არ დარჩება", - ნათქვამია ლიბანური ტერორისტული დაჯგუფების განცხადებაში.

ტერორისტული დაჯგუფება ისრაელის სავარაუდო დარტყმას უწოდებს "სერიოზულ თავდასხმას ლიბანზე, მის ხალხზე, მის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტზე".