1739342153
„ახლა საკმაოდ მაღალი გავრცელების ფაზაში ვართ...“ - საქართველოში გრიპით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა
![გრიპი გრიპი](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/13/111965/gripi_w_h.jpeg)
მიმდინარე სეზონზე, გრიპით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა იმნაძემ განაცხადა.
„პრაიმტაიმი“ ამ თემაზე ინფექციონისტ, ალექსანდრე გოგინავას ესაუბრა.
მისი თქმით, ქვეყანაში გრიპით გარდაცვალების ერთეული შემთხვევები ფიქსირდება.
„გრიპი გრიპია, ყველა მისი შტამი მსგავსი სიმძიმისაა. გრიპი, ეს არის ყველაზე საშიში რესპირატორული ინფექცია, რაც ზუსტად ამას გულისხმობს, რომ გარკვეულ შემთხვევაში ლეტალურად სრულდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანები აიცრნენ გრიპის ვაქცინით. განსაკუთრებით უნდა მოხდეს ეს რისკჯგუფებში.
თუ ავიღებთ მსოფლიო სტატისტიკას და მათ შორის ქართულს, ძირითადად, გრიპით კლინიკაში ხვდებიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები. (60 წელს ზემოთ, ორსულები, ბავშვები) თუ ადამიანი შედის რისკჯგუფში, მნიშვნელოვანია, მათ დროულად მიმართონ ექიმს. თუ დამძიმდა გრიპი, სამწუხაროდ ლეტალურად მთავრდება ერთეულ შემთხვევებში.
სამწუხაროდ, ყოველ წელს ფიქსირდება გრიპით გარდაცვალების შემთხვევები. ახლა საკმაოდ მაღალი გავრცელების ფაზაში ვართ და ბევრი პაციენტია კლინიკებში.
აქცენტი უნდა გავაკეთოთ უპირველესად იმაზე, რომ ვინც რისკჯგუფშია,მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს მათი ჯანმრთელობის შეფასება, რათა თავიდან ავიცილოთ ლეტალობა“,- ამბობს ალექსანდრე გოგინავა.