1739342153
დაგროვებითი პენსია 16 229-მა პირმა გაიტანა - რა შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის მიღება
![ლარი ლარი](https://primetime.ge/uploads/files/2022/03/09/6882/fuli_w_h.jpeg)
საპენსიო სააგენტომ 31 იანვრის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. სააგენტოს ცნობით, 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 591 ათასი ადამიანია.
ამასთან, მათივე ცნობით, 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 16 229-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 65.8 მლნ ლარი.
საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, საპენსიო აქტივების ღირებულება, შეადგენს 6.3 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა კი 1.54 მლრდ ლარს გადააჭარბა.
რა ფორმით და რა ოდენობით შეგიძლიათ საპენსიო დანაზოგის გატანა
საპენსიო ასაკში პენსიის გაცემა შესაძლებელია მოხდეს სამი გზით:
1. პროგრამული გატანის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფას და ყოველთვიური პენსიის სახით მიღებას;
2. ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის მიერ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტის შეძენას და პენსიის მიღებას სიცოცხლის ბოლომდე;
3. მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების გზით. ასეთი მეთოდით, პენსიის გატანა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე.