1740136813
ირონიულია, რომ ზოგიერთი ჩვენი ევროპელი მეგობარი ტრამპს თავს ესხმის უკრაინაში არჩევნების ჩატარების შეთავაზების გამო - ჯეი დი ვენსი

უკრაინაში არჩევნები აშშ-ის პოლიტიკის ნაწილია და ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა დაემორჩილოს დემოკრატიულ მანდატს, თუ მას სურს ლეგიტიმურობის შენარჩუნება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა The National Pulse-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ვენსმა უპასუხა კითხვას – არის თუ არა უკრაინაში არჩევნების ჩატარება აუცილებელი.
„რა თქმა უნდა, ეს მისცემდა მას ყველაზე ძლიერ პოზიციას. ვფიქრობ, ცოტა ირონიულია, რომ ზოგიერთი ჩვენი ევროპელი მეგობარი დონალდ ტრამპს თავს ესხმის იმის შეთავაზების გამო, რომ უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ეს არის ომი დემოკრატიისთვის. მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ ეს სასაცილოა“, – აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, იდეა, რომ ომის დროს არჩევნები არ შეიძლება, ჩატარდეს, არის აბსურდული.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ასევე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასაც, სადაც ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს. ვენსმა უკრაინის პრეზიდენტის მიდგომა სამარცხვინოდ და კონტრპროდუქტიულად შეაფასა. ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთმა ტაქტიკამ შეიძლება, საფრთხე შეუქმნას უკრაინის ურთიერთობას ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირესთან.