ინგლისში, პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის მოხმარების აკრძალვა იგეგმება

ჭურჭლი

დაბინძურების შემცირების მიზნით ინგლისში პლასტმასის ერთჯერადი დანა-ჩანგლისა და თეფშების აკრძალვა იგეგმება. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

მონაცემების თანახმად, ინგლისში ყოველწლიურად 1.1 მილიარდ ერთჯერად თეფშსა და 4.25 მილიარდ დანა-ჩანგალს იყენებენ, მოხმარების შემდეგ კი ამის მხოლოდ 10% გადამუშავდება. კვლევას თუ დავეყრდნობით, მსოფლიოს ოკეანეებში ნაგვის უდიდესი წილი სწორედ კვებისათვის განკუთვნილი პლასტმასის ნივთებზე მოდის.

აკრძალვის შესახებ აქამდე გავრცელებული უწყებები ახლახან გარემოს მდივანმა ტერეზა კოფიმ დაადასტურა.

გასათვალისწინებელია, რომ შეზღუდვა ყოვლისმომცველი არ იქნება: Daily Mail-ის მიხედვით, აღნიშნული ნივთები მხოლოდ რესტორნებში, კაფეებსა და მზა კერძებით მოვაჭრე დაწესებულებებში აიკრძალება. შესაბამისად, ახალი კანონი სუპერმარკეტებსა და მაღაზიებზე არ ვრცელდება.

ამგვარმა გადაწყვეტილებამ გარემოს დამცველებში არაერთგვაროვანი რეაქცია აღძრა. ზოგისათვის ეს მისაღები ნაბიჯია, თუმცა ზოგი მიიჩნევს, რომ პროგრესი მაინც საკმაოდ ნელია და აკრძალვის შეზღუდულობას აკრიტიკებს. სხვების აზრით, უმჯობესი იქნება, თუკი ნარჩენების შემცირებას მათი წარმოშობის ადგილზევე შევეცდებით.