80-იან წლებში გაშვებული ხელოვნური თანამგზავრი ზღვაში ჩამოვარდა

ნასა

NASA-ს მიერ დედამიწის ორბიტაზე ჯერ კიდევ 1980-იან წლებში გაშვებული ხელოვნური თანამგზავრი ბერინგის ზღვაში ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ეს გახლავთ ჩვენს პლანეტაზე დასაკვირვებლად განკუთვნილი Earth Radiation Budget Satellite (ERBS), რომელიც ატმოსფეროში 9 იანვარს, თბილისის დროით 08:04 საათზე შემოიჭრა. საბედნიეროდ, ყველაფერმა უსაფრთხოდ ჩაიარა და არავინ დაშავებულა.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2 450 კილოგრამი წონის მქონე სატელიტის უდიდესი ნაწილი ატმოსფეროშივე უნდა დამწვარიყო. ამის მიუხედავად, ვარაუდობენ, რომ მისი რამდენიმე კომპონენტი მაღალ ტემპერატურას გადაურჩა და ზღვაში ჩაცვივდა.

NASA-მ აღნიშნული ხელოვნური თანამგზავრი კოსმოსში ხომალდით Space Shuttle Challenger გაგზავნა. მისია 1984 წელს განხორციელდა და მისი მიზანი დედამიწის მიერ მზისგან წამოსული ენერგიის შთანთქმისა და გამოყოფის პროცესის შესწავლა იყო. ასევე, პლანეტის სტრატოსფეროსა და ატმოსფერულ წყლის ორთქლზე, აეროზოლებსა თუ აზოტის ოქსიდზე დაკვირვება.