„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
უკვე სამი დღეა რუსი ულტრა-ნაციონალისტი იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის მკვლელობის ფაქტზე საუბრობენ. FSB-მ გამოძიება ერთ დღეში დაასრულა და ბრალდებულიც დაასახელა.
აფეთქებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს უკრაინული მხარე. პოლიტიკურ წრეებში და საზოგადოების ნაწილი ფაქტს რუსეთის შიგნით შიდა გავლენებისთვის დაპირისპირებული მხარეების „შეჯახებას“ უკავშირებენ.
ბრიტანული ჟურნალი The Spectator აქვეყნებს სტატიას სათაურით - „რას გვეუბნება დარია დუგინას მკვლელობა რუსეთის შესახებ: პუტინის რეჟიმი უფრო სუსტია, ვიდრე გვეჩვენება“
სტატიის ავტორი, მარკ გალეოთი რუსი ულტრა-ნაციონალისტი იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის მკვლელობის ფაქტს აღწერს და ანალიზს აქვეყნებს.
ავტორის შეფასებით, სკანდალურად ცნობილი რუსული ნაციონალიზმის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის - დარია დუგინას ბომბის აფეთქებით დაღუპვა საკმაოდ საკვირველ ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს. რადგან, „საავტომობილო ბომბები“ და აფეთქებები 1990-იანი წლების რუსეთში ბანდიტური გარჩევების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდნენ. მსგავსი შურისძიებისთვის „მოდა“ შეიცვალა.
დუგინა ჟურნალისტი იყო და იმ ორგანიზაციის სასარგებლოდ მუშაობდა, რომელიც, ვაშინგტონის შეხედულებით, რუს ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის. ეს უკანასკნელი მხარს უჭერდა უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ომს და ე.წ. ვაგნერის სამხედრო დაჯგუფებისა და სოცქსელებში არსებული „ტროლების ფერმის“ „ნათლიმამად“ ითვლება.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როგორც ევგენი პრიგოჟინს, ისე დარია დუგინასაც დასავლეთმა სანქციები დაუწესა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრით, დარია დუგინა უკრაინის შესახებ დეზინფორმაციის ერთ-ერთ აქტიური გამავრცელებელი იყო.
სინამდვილესთან ახლოსაა ვარაუდი, რომ აფეთქების ნამდვილ მიზანს დარია დუგინას სიკვდილი კი არა, მამამისი - ალექსანდრე დუგინი წარმოადგენდა, რომელმაც ბოლო მომენტში რატომღაც შვილის მანქანით მგზავრობაზე უარი თქვა და სხვის ავტომობილში ჩაჯდა.
დაძაბული პოლიტიკური მომენტის გათვალისწინებით, აფეთქების ჩამდენი ბოროტმოქმედი ყველას თავისებურად ჰყავს წარმოდგენილი.
ამ დროისთვის არსებობს სამი მოცემულობა: რუსეთი ფაქტს კიევს აბრალებს. კიევი ტერაქტს უარყოფს და პასუხისმგებლობას რუსული „ეროვნული რესპუბლიკური არმია“ იღებს.
კრემლის „რუპორები“ კიევს ადანასაულებენ, თუმცა თუმცა არ აუხსნიათ არც ის, თუ რატომ გახდა ალექსანდრე დუგინი უკრაინელების სამიზნე და არც ის, თუ როგორ მოახერხა კიევმა რუსეთის გულში - უსაფრთხოების მხრივ ყველაზე დაცულ მოსკოვში ასეთი განზრახვის განხორციელება.
ზოგიერთის ვარაუდით, მკვლელობა კრემლის წინააღმდეგ მიმართულ დარტყმას წარმოადგენს. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ამით ვიღაცებს სიმბოლურად დუგინის წამებულად წარმოსახვა სურთ ან კიდევ, თავიდან მოიცილეს იმიტომ, რომ თუ რუსეთი უკან დაიხევს და უკრაინიდან გავა, რუსი ულტრანაციონალისტები, დუგინის წაქეზებით, საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.
და ბოლოს, არის ასეთი ვარაუდიც, რომ სინამდვილეში ეს შეკვეთილი მკვლელობაა, გამოწვეული არა პოლიტიკური მიზეზებით, არამედ - რაღაც სადავო საკითხებით: ყველასათვის ცნობილია, რომ ალექსანდრე დუგინი ფენომენალურად პროდუქტიული მწერალია და - ენერგიული თვითრეკლამატორი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ალექსანდრე დუგინის ნაციონალიზმში საკმაოდ გვარიანი თანხაა ჩადებული.
უეჭველია, რომ 20 აგვისტოს, საღამოს მომხდარი მკვლელობა გააძლიერებს მითებს ალექსანდრე დუგინის „გენიოსობის“ შესახებ, რასაც თვითონაც დაბეჯითებით ცდილობდა.
დასავლეთში ბევრს მიაჩნია, რომ ალექსანდრე დუგინი თითქოსდა „პუტინის ტვინია“ ან „პუტინის რასპუტინი“. მაგრამ ისეთი გავლენიანი პიროვნება არ არის, როგორც წარმოუდგენიათ.
სტატიის ავტორის მტკიცებით, ალექსანდრე დუგინს არ აქვს პირდაპირი კავშირი ვლადიმერ პუტინთან, იგი უფრო „პოლიტიკური აზრების ერთ-ერთ მწარმოებელს“ წარმოადგენს, რომელიც ცდილობს, თავისი გეგმები და დოქტრინები კრემლამდე მიიტანოს.
„მისი კონცეფციები რუსეთის ცივილიზაციური ბედისა და რუსი ერის ევრაზიულობის შესახებ საკმაოდ კარგ და მოხერხებულ საფუძველს წარმოადგენდა ტერიტორიების მიტაცების საქმეში, მაგალითად, 2014 წელს, დონბასთან [და ყირიმთან] მიმართებით. იმ პერიოდში ალექსანდრე დუგინი უცებ ყველა ტელეარხზე გამოჩნდა, ხოლო მისი წიგნი „გეოპოლიტიკის საფუძველები“ რუსეთის არმიის გენერალური შტაბის აკადემიის სასწავლო პროგრამაში იქნა შეტანილი, მას მოსკოვის მ.ლომონოსოვის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში - რუსეთის მთავარ უმაღლეს სასწავლებელში - კათედრის ხელმძღვანელის თანამდებობაც შესთავაზეს... მოგვიანებით კრემლმა უარი თქვა დონეცკ-ლუგანსკის რესპუბლიკების პირდაპირ ანექსიაზე და ალექსანდრე დუგინის საჭიროებამ უკანა პლანზე გადაინაცვლა.
მარკ გალეოთი შეფასებით, ამ ფაქტის შემდეგ შეთავაზებები შემცირდა, მოსკოვის უნივერსიტეტმა კათედრის ხელმძღვანელად მიწვევაც გააუქმა...
ალექსანდრე დუგინი „ბაზარს“ დაუბრუნდა, ისევ დაიწყო თავისი წიგნების გაყიდვა და აზრების რეკლამირება. მან კარგად აითვისა რეტროსპექტული აზროვნების ხელოვნება.
„სხვაგვარად თუ ვიტყვით, ალექსანდრე დუგინი „კარგად იჭერს“ იმ მინიშნებებს, თუ რის გაკეთება სურს კრემლს და ხმამაღლა იწყებს მათ პროპაგანდას, შემდეგ კი თავის დამსახურებაზე პრეტენზიებს აცხადებს. მთლიანობაში მისი იდეები ეფექტიანი გამოდგა დასავლური ალტერნატიული პოლიტიკური წრეებისათვის, რის გამოც, რასაკვირველია, იგი კრემლისათვის - „გავლენის აგენტის“ სახით - მაინც გარკვეულ ფასეულობას წარმოადგენს“,- დასძენს ავტორი.
„დუგინის პარადოქსი“ – (ავსტრიელი ფიზიკოს-თეორეტიკოსის) ერვინ შრედინგერის იდეოლოგიის მსგავსად - ერთდროულად მნიშვნელოვანიც არის და არც მაინცდამაინც აუცილებელი. ანუ მას არ აქვს მჭიდრო კავშირი მთავრობასთან, მაგრამ მისი უნარი, წარმოადგინოს საკუთარი თავი ღრმა მოაზროვნედ, რომლის (ხშირად უგუნური აზრები) კრემლის იდეებს აყალიბებს, იმას ნიშნავს, რომ მას მნიშვნელოვან ფიგურად თვლიან. ასე ყალიბდება მითები ალექსანდრე დუგინის ირგვლივ.
ალბათ, სწორედ ამ მითებს ექნებათ მნიშვნელობა მისი ქალიშვილის სიკვდილის შემდეგ. რუსი ნაციონალისტი ფანატიკოსები უკვე მოუწოდებენ საპასუხო ზომების მიღებისაკენ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ კრემლი უკვე არანაირად არაა შეზღუდული უკრაინის ომის საკითხში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსკოვმა სიმბოლურად რაღაც იმაზე მეტი გააკეთოს, რასაც უკვე აკეთებს. ალბათ, კრემლს მკვდარი დუგინი უფრო აწყობდა - ადამიანი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოუწოდებდა რუსეთის გაფართოებას „დუბლინიდან ვლადივოსტოკამდე“, ალბათ, არ მოისვენებს და იმ ნაციონალისტებს, რომლებიც ვლადიმერ პუტინით უკვე უკმაყოფილონი არიან - ომის მიმდინარეობის გამო - (კრიტიკისათვის) უფრო მეტი სტიმული მიეცემათ.
სავარაუდოდ, ჩვენ მალე რამდენიმე სწრაფი დაჭერა-დაპატიმრების მოწმენი გავხდებით. უეჭველია, გავრცელდება ვიდეოჩანაწერი იმ ინსცენირებისა, თუ როგორ იჭრებიან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები რომელიღაც ბინაში, იპოვიან ბომბებს და მისი დამზადების რაღაც მოწყობილობას, ცეცხლსასროლ იარაღს, უკრაინული ენის სახელმძღვანელოს, ამერიკულ დოლარებს და შეიძლება, უილიამ შექსპირის ტომეულებსაც - „ბრიტანული კვალის“ მისანიშნებლადაც... თუმცა ჩვენ (და რუსებსაც) ეს ყველაფერი ადრეც გვინახავს. ამით საზოგადოებას ვერ დაარწმუნებ. ეს უფრო რეჟიმის სისუსტეს მოწმობს, რომელიც ცდილობს, საკუთარი თავი ურყევად წარმოაჩინოს.
მიუხედავად იმისა, ასახავს თუ არა ეს შემთხვევა რუსეთის სპეცსამსახურების სერიოზულ წარუმატებლობას ან მათ უუნარობას, ან თუნდაც - შიდა დაპირისპირების გამოვლენას, მომხდარი მკვლელობა დაარწმუნებს რუს ნაციონალისტებს, რომლებიც ნაკლებად მრავალრიცხოვანი და თვალსაჩინონი არიან, ვიდრე ვლადიმერ პუტინის ლიბერალი კრიტიკოსები, მაგრამ ისინი სპეცსამსახურებში ნამდვილად არსებობენ. მათ უკვე აქვთ არგუმენტი, რომ ეს არის რეჟიმი, რომლის მდგომარეობა არ შეესაბამება მისსავე რიტორიკას და რომელიც შეიძლება იყოს უფრო სუსტი, ვიდრე ჩანს“,- ვკითხულობთ ვრცელ სტატიაში.
ნანა ჩხაიძე