დედამ 14 წლის შვილი აბაზანაში დაახრჩო - საქმეზე გამოძიება დაიწყო (უცხოეთი)
1732309977
პუტინის „ტვინი“, უკრაინაში რუსეთის შეჭრის სულიერი მეგზური, ულტრა-ნაციონალისტი იდეოლოგი - ამ შეფასებებს იყენებს დასავლური მედია რუსეთის პრეზიდენტის უახლოესი მოკავშირის ალექსანდრ დუგინის აღსაწერად, რომლის შვილიც მოსკოვის გარეუბანში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, იმავე მანქანაში თავად დუგინი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ბოლო მომენტში სხვა მანქანაში ჩაჯდა. სავარაუდოდ, სამიზნე სწორედ ის იყო.
ალექსანდრ დუგინი შვილის, დარია დუგინას დაღუპვის შემდეგ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მოსკოვში ფიქრობენ, რომ მანქანის აფეთქება თავად დუგინის მკვლელობას ისახავდა მიზნად და მომხდარში უკრაინის კვალს ეძებენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა წერს, რომ თუ ამ ტრაგედიაში უკრაინის კვალი დადასტურდა, უნდა ვისაუბროთ კიევის რეჟიმის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, კრემლის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილის მკვლელობის საქმეზე განაცხადა, რომ უკრაინა აფეთქებასთან არანაირ კავშირში არაა.
„ხაზს ვუსვამ, რომ უკრაინა არაფერ შუაშია ამ საქმესთან. ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო, მით უმეტეს, ტერორისტული სახელმწიფო - ასეთი რუსეთის ფედერაციაა“. პოდოლიაკის აზრით, მომხდარი რუსეთის ხელისუფლების შიგნით გავლენებისა და ძალაუფლებისთვის დაპირისპირებაზე მეტყველებს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ დარია დუგინას მანქანის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო “ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ”. დაჯგუფება განადგურებით დაემუქრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც.
თავად, ალექსანდრ დუგინი მომხდარს ტერაქტად აფასებს და მის მოწყობაში უკრაინის მთავრობას ადანაშაულებს.
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ეფ-ეს-ბე) დარია დუგინას მკვლელობაში უკრანული სპეცსამსახურები დაადანაშაულა, უწყებაში ამბობენ, რომ მათ დანაშაული გახსნეს.
„დადგინდა, რომ დანაშაული მოამზადეს და განახორციელეს უკრაინულმა სპეცსამსახურებმა. შემსრულებელი არის 1979 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი“,- ნათქვამია „ეფ-ეს-ბეს“ განცხადებაში.
სცენარისტი, ქეთი დევდარიანი რუსი პოლიტოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილის დაღუპვას ასე ეხმიანება:
„დასწავლილ-დაზეპირებული კლიშეებით აზროვნებამ იცის ფსევდოჰუმანიზმი, ფსევდოპატრიოტიზმი, ფსევდოემპათია და ფსევდოშურისძიებაც. ყველა შვილი ცოდო არ არის, ისევე, როგორც ყველა რუსი არ არის ოკუპანტი“, - წერს დევდარიანი.
რადიკალთა და პრორუსთა ჯგუფის ლიდერი ზურაბ მახარაძე დუგინების ოჯახს სამძიმარს უცხადებს:
„ხშირად როდესაც საინფორმაციო ან იდეოლოგიურ ომზე საუბრობენ, ამას ომს უბრალოდ პირობითად არქმევენ. არადა, ეს რეალური ომია. დისტანციურად მომიწია დარიას გაცნობა და მიმოწერაში მუდამ იგრძნობოდა, რამდენად ჭკვიანი და გულღია ადამიანი იყო. ჩემი სამძიმარი ალექსანდრ გელევიჩ დუგინს. ღმერთმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს დარიას სულს“, - წერს ზურაბ მახარაძე სოციალურ ქსელში.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე დუგინას დაღუპვის ფაქტს ასე ეხმიანება:
„დუგინის შვილი არ იბრძოდა იარაღით და ის შემთხვევით ააფეთქეს მამის მანქანაში. გამოაცხადო მტრის ჯარისკაცად და ატეხო სიხარულის კიჟინა მისი სიკვდილის გამო, რბილად რომ ვთქვათ, არაა სწორი. ვერ შეიგნო ბევრმა, რომ შვილი მამაზე არ აგებს პასუხს. თავად ეს გოგო, როგორი ბოროტი და კაცთმოძულე იდეების მატარებელიც უნდა ყოფილიყო, იმსახურებდა სიძულვილს, სანქციას( ბრიტანეთის მიერ სანქცირებულიც ყოფილა), დასჯას სასამართლოს მიერ კონკრეტული ქმედებისათვის და არა ბომბს. ისიც ვერ შეიგნო ბევრმა, რომ იდეებისთვის არ კლავენ. დუგინი და მისი შვილი კი არ მადარდებს, ჩვენი თავი მადარდებს, როცა ბოღმასა და სიძულვილს ვაგროვებთ",- წერს გოცირიძე.
დარია დუგინა იზიარებდა მამის იდეებს და, გარდა ამისა, ახლოს იყო ევროპის მემარჯვენე პარტიების, განსაკუთრებით მარინ ლე პენის პარტიის მხარდამჭერებთან.
2021 წელს მიცემულ ერთ-ერთი ინტერვიუში დარია დუგინამ მამის შესახებ დასმულ კითხვას ასე უპასუხა:
„დიდი პატივია ვიყო ასეთი ადამიანის შვილი. ღირსეულად ვატარებ ამ პატივს, ვამაყობ მისით და ცდას არ ვაკლებ გავაგრძელო როგორც მისი იდეები, ასევე ბრძოლა ბოროტებასთან."
დარია დუგინა იყო ალექსანდრ დუგინის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის პოლიტიკური მიმომხილველი.
პოლიტიკური მეცნიერებისა და ფილოსოფიის გარდა, დარია დუგინა ჟურნალისტიკითაც იყო დაკავებული. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი უძღვებოდა გადაცემას სერგეი მარდანთან ერთად რადიო „კომსომოლსკაია პრავდაში“.
ასევე დარია დუგინა (პლატონოვა) ცნობილი იყო, როგორც ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი, პოლიტიკური სატელევიზიო გადაცემების მონაწილე. ხშირად გამოდიოდა როგორც ექსპერტი საფრანგეთის პოლიტიკის საკითხებში.
მისი კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იყო ბერძენი ფილოსოფოსის პლატონის იდეების გავლენის შესწავლა ანტიკურ სამყაროზე. არაა გამორიცხული, რომ პლატონის იდეებისა და მისი პიროვნებისადმი განსაკუთრებულმა გატაცებამ უბიძგა დუგინას სოციალურ ი ქსელებისთვის აეღო ფსევდნომი პლატონოვა.
დარია დუგინა ასევე ცნობილი იყო უკრაინაში ე.წ. რუსული სპეცოპერაციის აქტიური მხარდაჭერით. პირადად იცნობდა ე.წ. დონბასის სახალხო ლაშქრის მებრძოლებს.
2022 წლის ივლისში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დარია დუგინას (პლატონოვას) სანქციები დაუწესა უკრაინაში კონფლიქტის შესახებ „დეზინფორმაციის გავრცელებისთვის“.
მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნდა გერმანიის სპეცსამსახურების ანგარიში.რომელშიც ალექსანდრ დუგინის შესახებ საინტერესო ცნობები იყო აღწერილი.
„გერმანიის სპეცსამსახურები დიდი ხანია, გავლენიან რუს იდეოლოგ ალექსანდრე დუგინსა და ევროპაში მემარჯვენე ექსტრემისტებს შორის კონტაქტებს აფიქსირებენ”, – ასეთი პასუხი გასცა ფედერალურმა მთავრობამ მემარცხენე ფრაქციის ექსპერტის შინაგან საქმეთა საკითხებში, მარტინა რენერის ოფიციალურ წერილზე.
წერილში ასევე ნათქვამი იყო: „ მიუხედავად იმისა, რომ დუგინი რუსეთში არ იკავებს ოფიციალურ თანამდებობებს, ის არის მთავარი იდეოლოგიური ფიგურა. დუგინის მიერ გავრცელებულმა ნაციონალისტურმა შეხედულებებმა საფუძველი ჩაუყარა უკანონო თავდასხმას უკრაინაზე“.
დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ სპეცსამსახურებმა გერმანიაში დუგინის ქსელი გაძლიერებულ მეთვალყურეობაზე აიყვანეს.
„ანალიტიკური ცენტრი „კატეჰონი“, რომელსაც ალექსანდრე დუგინი ხელმძღვანელობს, არის მემარჯვენე ექსტრემისტული ანალიტიკური ცენტრი, რომელიც საზრდოობს ანტიდასავლურ და ანტილიბერალურ იდეებზე. ცენტრის იდეოლოგიური ლაიტმოტივი არის მართლმადიდებელი რუსებისთვის ერთიანი კულტურული სივრცის შექმნა – ისევე, როგორც რუსეთის დომინირება ევროპისა და აზიის უზარმაზარ ტერიტორიებზე”, – ნათქვამია ფედერალური მთავრობის პასუხში.
გარდა ამისა, ხაზგასმულია, რომ, „ფაშისტურ იდეოლოგიებთან პარალელების გამო, დუგინი კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს მემარჯვენე ექსტრემისტულ და მემარჯვენე რადიკალურ ჯგუფებთან, პარტიებსა და ინდივიდებთან ევროპასა და გერმანიაში“.
დუგინის იდეოლოგიურმა გავლენამ შეაღწია რუსეთის სახელმწიფო ხელმძღვანელობაშიც.
აღსანიშნავია, რომ ფედერალურ პროკურატურას შეწყვეტილი აქვს გამოძიება ტერორიზმის დაფინანსების შესახებ, რომელშიც დუგინი ფიგურირებს, როგორც ბრალდებულის „საკონტაქტო პირი“.
საუბარია 2019 წლის თებერვლის მოვლენაზე, როდესაც უკრაინაში მდებარე, უნგრეთის კულტურული ცენტრი დაწვეს. სასამართლომ საქმეზე 2020 წელს სამი პოლონელი გაასამართლა.
ერთმა მათგანმა აღიარა, რომ გერმანიის მოქალაქისგან ფული და მოქმედების ინსტრუქციები მიიღო, რომელიც, თითქოს, მცირე ხნით მემარჯვენე პოპულისტური პარტიის “ალტერნატივა გერმანიისთვის” ბუნდესტაგის წევრთან, მარკუს ფრონმაიერთან მუშაობდა.
შემდგომში ფრონმაიერმა განაცხადა, რომ ეს თანამშრომელი სამსახურიდან 2019 წლის 15 იანვარს გაათავისუფლეს, ანუ თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე.
მარკუს ფრონმაიერი, პარტიის ოთხ წევრთან ერთად, 2018 წელს რუსეთის მიერ ორგანიზებულ და ყირიმში გამართულ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა და სწორედ ამ საქმეში ფიგურირებდა დუგინი, როგორც ბრალდებულის „საკონტაქტო პირი”.
მითების დეტექტორის ცნობით, ევრაზიანისტული მოძრაობის დამფუძნებელი, ულტრანაციონალისტი ფილოსოფოსი ალექსანდრე დუგინი, რომელსაც ახლადშექმნილი პარტიის ერთობა, რაობა, იმედის დამფუძნებელ ლევან ვასაძესთან, ასევე მის ტელეკომპანია ალტ-ინფოსთან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო პროტესტს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ფეისბუკიდან გულშემატკივრობდა.
***
30 მარტს, „მოსკოვსკი კომსომოლეცისათვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, დუგინი ამბობდა, რომ პუტინისა და მისი იდეების თანხვედრას ერთი და იმავე ისტორიული წყაროებით სარგებლობა განაპირობებს. ვრცელი ინტერვიუს თავშივე ალექსანდრ დუგინი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი საფუძველს აძლევს დაასკვნას, რომ ორი - „მზის“ და „მთვარის“ - პუტინის ჭიდილში, გაიმარჯვა პირველმა ანუ „მზის“ პუტინმა.
ალექსანდრ დუგინის თქმით, აქამდე ვლადიმირ პუტინი ცდილობდა, რადაც უნდა დაჯდომოდა ერთმანეთისთვის შეეთავსებინა შეუთავსებელი, ასეთად კი ფილოსოფოსს მიაჩნია, რუსეთის სუვერენიტეტის გაძლიერება, ერთი მხრივ, და ლიბერალური ეკონომიკა, გაციფრულება, WTO-სა და WHO-ს წევრობა, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა - მეორე მხრივ, თუმცა, დუგინისევე თქმით, ეს ურთიერთგამომრიცხავი ამოცანები („მზიური“ და „მთვარეული“), აქამდე ერთმანეთს ხისტად არ შეჯახებიან იმის გამო, რომ სხვადასხვა სიბრტყეში მდებარეობდნენ.
„რაღაც მომენტში რუსეთის ხელისუფლებამ დაინახა, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა უკრაინის რეჟიმის თავდასხმა დონბასსა და ყირიმზე დასავლეთის მხარდაჭერით, ხოლო საზღვარზე ჯარების კონცენტრაცია არასაკმარისი იქნებოდა ამ თავდასხმის თავიდან ასაცილებლად, ამიტომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის გარეშე შეუძლებელი იყო რუსეთის სუვერენიტეტის შენარჩუნება“,- ამბობდა დუგინი.
ნანა ჩხაიძე