რას წარმოადგენს „ეროვნული რესპუბლიკური არმია“, რომელმაც დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღო

erovnuli respiblikuri armia

პუტინის „ტვინი“, უკრაინაში რუსეთის შეჭრის სულიერი მეგზური, ულტრა-ნაციონალისტი იდეოლოგი - ამ შეფასებებს იყენებს დასავლური მედია რუსეთის პრეზიდენტის უახლოესი მოკავშირის ალექსანდრ დუგინის აღსაწერად, რომლის შვილიც მოსკოვის გარეუბანში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, იმავე მანქანაში თავად დუგინი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ბოლო მომენტში სხვა მანქანაში ჩაჯდა. სავარაუდოდ, სამიზნე სწორედ ის იყო.

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ეფ-ეს-ბე) დარია დუგინას მკვლელობაში უკრანული სპეცსამსახურები დაადანაშაულა, უწყებაში ამბობენ, რომ მათ დანაშაული გახსნეს.

„დადგინდა, რომ დანაშაული მოამზადეს და განახორციელეს უკრაინულმა სპეცსამსახურებმა. შემსრულებელი არის 1979 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი“,- ნათქვამია „ეფ-ეს-ბეს“ განცხადებაში.

დარია დუგინას მანქანის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ”. დაჯგუფება განადგურებით დაემუქრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც.

„რუსეთის ეროვნული რესპუბლიკური არმია“ - ასეთი სახელწოდებით, რუსულ ვიკიპედიაზე 21 აგვისტოს შექმნილი გვერდები, რამდენიმე საათში წაიშალა.

შემორჩენილი ინფორმაციით კი ვიგებთ, რომ „ამ ორგანიზაციის მოქმედებები განიხილება ტერორისტულად“, ის „ეწინააღმდეგება პუტინის რეჟიმს“, „ეწევა პარტიზანულ საქმიანობას რუსეთის ტერიტორიაზე“; „ორგანიზაცია აფეთქებს სარკინიგზო ხაზებს“; „წვავს სამხედრო კომისარიატებს“ და „მიზანმიმართულად ხოცავს რუს პროპაგანდისტებს“.

საყურადღებოა ისიც, რომ ვიდრე დარია დუგინას მკვლელობას საკუთარ თავზე აიღებდა, „რუსეთის ეროვნული რესპუბლიკური არმიის“ შესახებ არა თუ მხოლოდ ფართო საზოგადოებამ, არამედ ექსპერტებმაც არაფერი იცოდნენ.

ხალხს ის რუსმა პოლიტიკოსმა, ამჟამად უკრაინაში ლტოლვილმა, ილია პონომარიოვმა გააცნო. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი წევრი, რუსეთიდან კრემლის საწინააღმდეგო ქმედებების გამო გააძევეს.

სწორედ, პონომარიოვი ამტკიცებდა, რომ პუტინის ახლო მოკავშირის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის მანქანის აფეთქების უკან არიან რუსი პარტიზანები, „ეროვნული რესპუბლიკური არმია“, რომელიც, მისი თქმით, რუსეთში იატაკქვეშა დაჯგუფებაა და მიზნად აქვს დასახული პუტინის რეჟიმის დამხობა.

 

რა ეწერა მანიფესტში

 

მანიფესტში დაჯგუფება პუტინისა და მისი თანამზრახველების განადგურებით იმუქრება და წერს, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს მათგან საფრთხე არ ემუქრება.

„ჩვენ, რუსი აქტივისტები, მებრძოლები და პოლიტიკოსები, ეროვნული რესპუბლიკური არმიის რიგითი პარტიზანები და მეომრები, უკანონოდ მივიჩნევთ ომის წამომწყებებს, რუსი ხალხის ქურდებსა და მჩაგვრელებს!

ჩვენ პრეზიდენტ პუტინს ვაცხადებთ ხელისუფლების უზურპატორად და ომის დამნაშავედ, რომელმაც მოირგო კონსტიტუცია, გააჩაღა ძმათა მკვლელი ომი სლავ ხალხს შორის და რუსი ჯარისკაცები პირდაპირი და უაზრო სიკვდილის გზას გაუყენა.

ზოგიერთისთვის სიღარიბე და კუბოები, სხვებისთვის კი სასახლეები – ეს მისი პოლიტიკის არსია.

ჩვენ ვთვლით, რომ ხმაწართმეულ ხალხს აქვს უფლება, წინ აღუდგეს ტირანებს.

პუტინს გადავაგდებთ და გავანადგურებთ!

ჩვენი მიზანია, შევაჩეროთ რუსეთისა და მისი მეზობლების განადგურება". – წერია მანიფესტში.

დაჯგუფება რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლებს უზურპატორის თანამზრახველებად მიიჩნევს და იმუქრება, რომ გაანადგურებენ ყველა მაღალჩინოსანს, რომელიც ძალაუფლებაზე უარს არ იტყვის. ისინი ემუქრებიან სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლებსაც, რომ იმ შემთხვევაში, თუკი იარაღს არ დაყრიან, გაანადგურებენ.

„ჩვენ გვახსოვს სახლების აფეთქება, რამაც პუტინი ხელისუფლებაში მოიყვანა. ვიცით, რომ რეჟიმი უკან არ დაიხევს არცერთ ჯოჯოხეთურ ქმედებაზე და ვაცხადებთ: ჩვენ ვატარებთ აქციებს მხოლოდ ამ ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ჩვენ არ დავესხმებით თავს სამოქალაქო ობიექტებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს და თუკი პუტინის ძალოვანები ამას გააკეთებენ და მსხვერპლს ჩვენ მოგვაწერენ, მათ არ დაუჯეროთ.

ჩვენ მოვუწოდებთ რუს ჯარისკაცებს, შეწყვიტონ ჩვენი ძმების დახვრეტა სხვა ქვეყნებშიც – საქართველოში, სირიასა, თუ სხვაგან“. – წერია მანიფესტში.

ამასთან, ეროვნული რესპუბლიკური არმია რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაეხმარონ მათ ამ ბრძოლაში ყველა საშუალებით.

ილია პონომარევის განცხადებით, რუსეთის ტერიტორიაზე შექმნილია - „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ და „თავისუფალი რუსეთის ლეგიონი [„L“]“, რომლებიც თეთრ-ცისფერ-თეთრი დროშით მოქმედებენ. ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ ქცეული დროშა. თავისუფალი რუსეთის ლეგიონი, როგორც იუწყებიან, უკრაინაში რუსი სამხედროების წინააღმდეგაც იბრძვის.

„არ ვიცი, არსებობენ თუ არა კარგი რუსები, მაგრამ არსებობენ შესანიშნავი რუსები“, - თქვა პარტიზანებზე ილია პონომარიოვმა.