დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ბესლანის ტრაგედიიდან 18 წელი გავიდა. 2004 წლის 1 სექტემბერს ჩეჩენმა ტერორისტებმა ბესლანის სკოლაში 1 227 ადამიანი აიყვანეს მძევლად. მაშინ რუსეთის ხელისუფლება მძევლების რაოდენობას მალავდა და ამბობდა, რომ ეს რიცხვი მხოლოდ 350-მდე იყო.
პატარა დასისხლიანებული სხეულები, გარდაცვლილი ბაფთიანი გოგონები და ტერორისტულ აქტს შეწირული ბიჭუნები, აფეთქება სკოლაში, მძევლად აყვანილი მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები, დაჭრილები და გარდაცვლილები – ეს რამდენიმე სიტყვაში ჩატეული ბესლანის ტრაგედიაა…
2005 წლიდან 1-ელ სექტემბერს სხვა ყველა ქვეყანასა თუ ქალაქში, სადაც სწავლა იწყება, სკოლებში საზეიმო ღონისძიებები იმართება… გამონაკლისი მხოლოდ ბესლანია. იქ ყოველი 1-ლი სექტემბერი გლოვის დღეა...
ეს ბესლანის სკოლის აღსაზრდელების მარადიული ტრაგიკული მემკვიდრეობაა, რომელიც იქამდე იარსებებს, სანამ ამ საშინელი კადრების სიმბოლო იდგება – საკრალური სკოლის შენობა…
სწორედ დღეს, 1-ელ სექტემბერს ამ ტრაგედიიდან 16 წელი გავიდა. გადარჩენილები გაიზარდნენ, უფრო სწორად ასტრონომიული დრო გადაითვალეს, თორემ ისინი ტერაქტის შემდეგ, ბავშვობაში აღარ დაბრუნებულან. მათ ცხოვრების ყველაზე სასტიკი კადრები თვალწინ საშინელებათა ფილმის კადრებად ნახეს.
მათი ცხოვრება ორად გაიყო, ტერაქტამდე და ტერაქტიკს შემდეგ. თითოეულ დაღუპულ ბავშვს სკოლა დიდი ხნის დამთავრებული ექნებოდა. ზოგი ექიმი გამოვიდოდა, ზოგიც სხვა პროფესიას დაეფლებოდა, მაგრამ პატარებმა სუნთქვა შეწყვიტეს და ისინი ოსეთის მიწაში გაერთიანდნენ…
გადარჩენილები იხსენებენ ტერაქტის შემზარავ სამ დღეს – მძევლად აყვანის წუთიდან, შტურმის დაწყებამდე გაჩერებულ დროს და აფეთქებების ხმების პარალელურად გაქცევას უმისამართოდ, ბედისწერის ბილიკებით გადარჩენისკენ.
მათ ეკუთვნით ისეთი ემოციური ფრაზები, როგორებიცაა: „ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ ყველამ გვიღალატა. რატომ მაინცდამაინც ბავშვები?..“ „ჩვენ გამორჩეულები ვართ, იმიტომ, რომ სიკვდილს ვუყურებდით თვალებში…“ „ბავშვი ვიყავი, მაგრამ იქ ბავშვად აღარ ვგრძნობდი თავს…“
ზარინა ცირიხოვა, ამინა კაჩმაზოვა, ლენა გაიტოვა, როზიტა ცირიხოვა svoboda.mobi-თან ბავშვების წინააღმდეგ გაჩაღებული „ომის“ დღეებს იხსენებენ. „პრაიმტაიმი“ მათი მონათხრობიდან ამონარიდებს გაგაცნობთ:
„ჰაერშიც კი უბედურების სუნი ტრიალებდა. მძევლებს შორის თანაკლსელის მამაც მოხვდა. ტერორისტებმა ის მოკლეს და შემდეგ მისსავე შვილებს მოაწმენდინეს სისხლი. სასწაულია, რომ მე და ჩემი და გადავრჩით. ის ტყვიით დაიჭრა, მე თავში ჭურვის ნამსხვრევები ჩამრჩა, სმენა თითქმის ორივემ დავკარგეთ. ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ ყველამ გვიღალატა. რატომ მაინცდამაინც ბავშვები? ჩვენ ხომ ჯერ ყველაფერი წინ გვქონდა.“ ზარინა ცირიხოვა, 28 წლის.
„მძევლად აყვანიდან მეორე დღეს წყალს არიგებდნენ, მხოლოდ 6 წლისებს ან უფრო პატარებს აძლევდნენ. მოვატყუე ექვსის ვარ-მეთქი და მომცეს წყალი. როცა აფეთქებები დაიწყო, არავინ არ გარბოდა, ხალხი მკვდარი იწვა. ქალმა ხელი ჩამკიდა და გავიქეცით. მას ეგონა, რომ მისი შვილი ვიყავი, რომელიც იქ დაიღუპა. ჩვენ გამორჩეულები ვართ, იმიტომ, რომ სიკვდილს ვუყურებდით თვალებში.“ ამინა კაჩმაზოვა, 21 წლის.
„როდესაც აფეთქების შემდეგ როგორღაც სკოლიდან გამოვედი, მხოლოდ დამწვრობები მქონდა. სახლში რომ მოვედი, მამაჩემი გაუპარსავი და შავებში ჩაცმული დამხვდა. დედასაც შავები ეცვა. სკოლაში ძმასთან ერთად ვიყავი. ალანი სადაა-მეთქი ვიკითხე, დედას ალანის დიდი ფოტო ეჭირა და მითხრა, ესაა რაც მისგან დაგვრჩაო. ის ჩემზე ოთხი წლით დიდი იყო. ლენა გაიტოვა, 26 წლის.
2004 წლის 1-ელ სექტემბერს, ოთხშაბათს, დილის 09:30 საათზე ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის #1 საშუალო სკოლის ეზოში ბავშვების საზეიმო შეკრების დროს, შენობას რამდენიმე ავტომობილი მიუახლოვდა. ავტომობილებში ნიღბიანი ტერორისტები ისხდნენ, მათ მუქი ტანისამოსი და ჯავშანჟილეტები ეცვათ. ნიღბიანებმა ავტომანქანიდან გადმოსვლისთანავე ჰაერში გასროლა დაიწყეს. დაახლოებით 50-მდე ბავშვმა გაქცევა მოასწრო, ხოლო ისინი ვინც ეზოში დარჩნენ, მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს. მძევლები ტერორისტებმა სკოლის შენობაში შეიყვანეს.
ბოევიკებმა შენობის ყველა გასასვლელთან ბარიკადები ააგეს და კარები ჩახერგეს. მათ სკოლის სპორტული დარბაზი დანაღმეს და ბავშვები იქ შეყარეს. მშობლები და მასწავლებლები ცალკე ჰყავდათ დატყვევებული.
ტერორისტებმა განაცხადეს, რომ როგორც კი ხელმძღვანელობა სკოლის შენობის შტურმით აღების ბრძანებას გასცემდა, ყველა ნაღმს აამოქმედებდნენ და ყველაფერს ააფეთქებდნენ.
სკოლის შენობის ყველა ფანჯარასთან ტერორისტებმა ცოცხალ ფარად ბავშვები ჩაამწკრივეს. ტერორისტებმა ასევე განაცხადეს, რომ ყოველ მოკლულ ტერორისტზე 50 მძევალს დახოცავდნენ, დაჭრილზე კი 20-ს.
მომხდარს ვლადიმერ პუტინი ასე გამოეხმაურა: „ჩვენი უმთავრესი ამოცანა ახლა მდგომარეობს იმაში, რომ ვიხსნათ და გადავარჩინოთ მძევალთა სიცოცხლე.”
თუმცა, მიუხედავად ამისა, ტერორისტთა მიერ ქალაქ ბესლანში სკოლის შენობის ბლოკირებისა და მძევლების აყვანის თითქმის პირველივე წუთიდან, ჩრდილო ოსეთში რუსეთის არმიის სამხედრო საჰაერო ძალებმა, ქალაქ ბესლანსა და მის შემოგარენში რუსული არმიის სპეცდანიშნულების რაზმების გადასროლა დაიწყეს. ეს გენერალმა ვლადიმერ მიხაილოვმა დაადასტურა.
3 სექტემბერს 13:05 საათზე სკოლის შენობასთან ორი მძლავრი აფეთქება გაისმა და სროლაც დაიწყო… დაიწყო შტურმი…
ტერორისტებმა ოფიციალური მონაცემებით მძევლად სულ 1128 ადამიანი აიყვანეს. „სამაშველო ოპერაციის” ფარგლებში, 3 სექტემბერს სკოლის შენობის შტურმის, ძალოვანების იერიშის შემდეგ, 334 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – 186 ბავშვი. 700-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მაგრამ გადარჩა მაინც…
სტრაზბურგის სასამართლო, „ბესლანის დედები” და გამტყუნებული რუსეთი…
სტრაზბურგის სასამართლომ მომხდარი შეისწავლა და დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ვერ შეძლო, საფრთხე აერიდებინა ადამიანების სიცოცხლისათვის და ბესლანის სკოლიდან მძევლების გასათავისუფლებელი სპეცოპერაცია დაეგეგმა ისე, რომ შეძლებისდაგვარად დაეცვა მძევლების სიცოცხლე.
სტრასბურგის სასამართლომ განიხილა ერთბაშად რამდენიმე სარჩელი, რომლებითაც მას მიმართა საინიციატივო ჯგუფმა „ბესლანის დედები”. სულ მოსარჩელეთა რიცხვი 400-ს აღემატება. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პირველი სხდომა ამ საკითხზე ჯერ კიდევ 2014 წელს გაიმართა.
სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ არ მიიღო საკმარისი ზომები, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იცოდნენ ტერაქტის მზადების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ხელისუფლებას 2,955 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა ბესლანის ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახის წევრებისთვის.
ნანა ჩხაიძე