დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რუსული მედია РЕН ТВ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვის გარეუბანში ფესტივალ "ტრადიციაზე", რომელსაც აფეთქების წინ დარია დუგინა ესწრებოდა, ბოლო 2 კვირის განმავლობაში სათვალთვალო კამერები არ მუშაობდა.
მედიის ცნობით, ამ დროისთვის პუტინისტი პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის დაღუპვის რამდენიმე ვერსია მუშავდება, რომელთაგან ერთ-ერთის მიხედვით, აფეთქების ორგანიზატორები ავტომობილის გადაადგილებას გარკვეული დროის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ფესტივალის პარკინგზე დაცვის წევრები არ იმყოფებოდნენ, კამერები კი გამორთული იყო.
20 აგვისტოს მანქანა, რომელშიც დარია დუგინა იჯდა, მოსკოვის გარეუბანში აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ის ადგილზევე დაიღუპა. როგორც რუსულ მედიაში წერენ, მანქანა, რომლითაც დარია დუგინა ღონისძიებაზე იმყოფებოდა, ალექსანდრ დუგინს ეკუთვნის. დაღუპულის ნაცნობის თქმით, თავად ალექსანდრ დუგინი ღონისძიებაზე სხვა ტრანსპორტით მივიდა. ალექსანდრ დუგინი აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილზეც გამოჩნდა.
მანქანის აფეთქების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა BAZA-მ გაავრცელა. აფეთქება მოსკოვის დროით, დაახლოებით, 22:00 საათზე მოხდა და გამოცემის ცნობით, აფეთქების მიზეზის შესახებ მთავარი ვერსია მკვლელობის მცდელობაა.
უკრაინის ოკუპირებული რეგიონის, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერი, დენის პუშილინი კრემლის ულტრა მემარჯვენე პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინის აფეთქებას უკრაინას აბრალებს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინას არაფერი აქვს საერთო დარია დუგინას მანქანის აფეთქებასთან.
რუსეთის სამთავრობო მედია Sputnik-ი რუს პროპაგანდისტზე, სერგეი მარკოვზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ კრემლის პუტინისტი პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი შვილის, დარია დუგინას გარდაცვალების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დარია დუგინა 2022 წლის ივლისში დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. დარია დუგინა მუშაობდა მამამისის მიერ დაფუძნებულ საერთაშორისო ევრაზიულ მოძრაობაში.