1734778532
უდანაშაულო ადამიანი ვარ, მთელი ჩვენი ქვეყანა ახლა გაყალბებულია, სირცხვილი - ტრამპი
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტს „სირცხვილი“ და „გაყალბებული“ უწოდა.
„არაფერი დაგვიშავებია. უდანაშაულო ადამიანი ვარ. ნამდვილ განაჩენს ხალხი 5 ნოემბერს გამოიტანს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ და ამით საყოველთაო არჩევნების მოლოდინს გაუსვა ხაზი.
ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაციაც, რომელიც, ტრამპის თქმით, გავლენას ახდენდა საქმეზე.
„მთელი ჩვენი ქვეყანა ახლა გაყალბებულია. ეს გაკეთდა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ოპონენტის, პოლიტიკური ოპონენტის დასაზიანებლად“,- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, „ბიბისი“ ავრცელებს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის სოციალური ქსელიდან, Truth Social-იდან ფოტოსქრინს, რომლის თანახმადაც, ტრამპი აქვეყნებს ანგარიშს დაფინანსების მიღების თხოვნით.
„მე ვარ პოლიტიკური პატიმარი. თუ თქვენ გაქვთ საშუალება, დამეხმაროთ ამ გადამწყვეტ მომენტში ბრძოლის გაგრძელებაში, გთხოვთ, გაიღოთ შემოწირულობა“, – აღნიშნულია ფოტოსქრინში, რომელსაც „ბიბისი“ ავრცელებს.
ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო. ტრამპს ფინანსური დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდნენ. ორდღიანი მსჯელობის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპი 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. მოსამართლე სასჯელს 11 ივლისს გამოაცხადებს.