დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, არის ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურს, – ეს განცხადება აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, აშშ ჯოჯოხეთში ეშვება და ახლა ქვეყნის გადარჩენის დროა.
„ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა. მე არასდროს მეგონა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა ამერიკაში. ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, ჩემი ქვეყნის უშიშრად დაცვაა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურთ. სულ დასაწყისიდან დემოკრატები უთვალთვალებდენ ჩემს კამპანიას! ხომ გახსოვთ?! ისინი დამესხნენ თავს თაღლითური გამოძიებებით. რუსეთი, რუსეთი, რუსეთი, უკრაინა, უკრაინა – იმპიჩმენტისთვის გამოგონილი ჭორი ნომერი ერთი. იმპიჩმენტისთვის გამოგონილი ჭორი ნომერი ორი – უკანონო და არაკონსტიტუციური ჩხრეკა ჩემს რეზიდენციაში ფლორიდაში,“ – განაცხადა ტრამპმა.
თავის გამოსვლაში ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის ბრალის წაყენება პოლიტიკურად არის მოტივირებული და მომხდარის გამო აშშ-ს მთელი მსოფლიო დასცინის. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა პროკურორს, რომელმაც მას ბრალი წაუყენა, სოროსის მიერ მხარდაჭერილი უწოდა.
„ჩვენი არჩევნები დაემსგავსა მესამე მსოფლიოს ქვეყნების არჩევნებს და ახლა ადგილი აქვს მასშტაბურ ჩარევას არჩევნებში, რაც არავის უნახავს და ამ დრომდე არ მომხდარა ამ ქვეყანაში. დაწყებული რადიკალი მემარცხენე სოროსის მიერ მხარდაჭერილი პროკურორით, ელვინ ბრეგით ნიუ იორკიდან, რომლის კამპანიაც იყო აგებული იმაზე, რომ ის დაიჭერდა ტრამპს. მე მას დავიჭერ, მე მას დავიჭერ, – ამაზე იყო აგებული ამ კაცის კამპანია,” – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 4 აპრილს 34 მუხლით წაუყენეს ბრალი. პროკურატურა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ფინანსური დოკუმენტაციის მრავალჯერადად ფალსიფიკაციაში ადანაშაულებს, რაც, მათივე თქმით, მიზნად ისახავდა იმ ინფორმაციის დამალვას, რომელსაც შეეძლო, გავლენა მოეხდინა 2016 წლის არჩევნების შედეგებზე.
საქმე ეხება ტრამპის ადვოკატის მიერ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ 130 000 დოლარის გადახდის საქმეს. დენიელსი ამტკიცებს, რომ მას წარსულში ტრამპთან ურთიერთობა ჰქონდა, რასაც ყოფილი პრეზიდენტი უარყოფს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ტრამპმა დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ გადახდილი თანხის დანიშნულება განზრახ დამალა, რითიც არჩევნებზე ზემოქმედება მოახდინა.
დონალდ ტრამპის საქმეზე მორიგი სასამართლო მოსმენა 4 დეკემბერს გაიმართება.