„ალქაჯებზე ნადირობა” თუ აშშ-ის ისტორიაში პირველი ისტორიული პროცესი - ტრამპი საბრალდებო სკამზე

ტრამპი

დონალდ ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, ვინც საბრალდებო სკამზე დასვეს. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 4 აპრილს 34 მუხლით წაუყენეს ბრალი. დონალდ ტრამპი 34 ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა სასამართლოს შენობაში დაახლოებით 57 წუთი დაჰყო.

ნიუ-იორკის მოსამართლემ, რომელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მანჰეტენის საოლქო პროკურორის საქმეს ზედამხედველობს, ყოფილი პრეზიდენტი გააფრთხილა, თავი შეიკავოს სოციალურ მედიაში ძალადობის წაქეზების პოტენციალის მქონე პოსტებისგან.

ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, არის ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურს, – ეს განცხადება აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, აშშ ჯოჯოხეთში ეშვება და ახლა ქვეყნის გადარჩენის დროა.

„ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა. მე არასდროს მეგონა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა ამერიკაში. ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, ჩემი ქვეყნის უშიშრად დაცვაა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურთ. სულ დასაწყისიდან დემოკრატები უთვალთვალებდენ ჩემს კამპანიას! ხომ გახსოვთ?! ისინი დამესხნენ თავს თაღლითური გამოძიებებით. რუსეთი, რუსეთი, რუსეთი, უკრაინა, უკრაინა – იმპიჩმენტისთვის გამოგონილი ჭორი ნომერი ერთი. იმპიჩმენტისთვის გამოგონილი ჭორი ნომერი ორი – უკანონო და არაკონსტიტუციური ჩხრეკა ჩემს რეზიდენციაში ფლორიდაში,“ – განაცხადა ტრამპმა.

პროკურატურა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ფინანსური დოკუმენტაციის მრავალჯერადად ფალსიფიკაციაში ადანაშაულებს, რაც, მათივე თქმით, მიზნად ისახავდა იმ ინფორმაციის დამალვას, რომელსაც შეეძლო, გავლენა მოეხდინა 2016 წლის არჩევნების შედეგებზე.

საქმე ეხება ტრამპის ადვოკატის მიერ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ 130 000 დოლარის გადახდის საქმეს. დენიელსი ამტკიცებს, რომ მას წარსულში ტრამპთან ურთიერთობა ჰქონდა, რასაც ყოფილი პრეზიდენტი უარყოფს.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ ტრამპმა დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ გადახდილი თანხის დანიშნულება განზრახ დამალა, რითიც არჩევნებზე ზემოქმედება მოახდინა.

30 მარტს, ნიუ-იორკის შტატში, მანჰეტენის სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ მხარი დაუჭირა ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენებას.

ტრამპმა მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებებს არაერთხელ უწოდა უწოდა „ალქაჯებზე ნადირობა”. ბრალდება კი შეაფასა როგორც “პოლიტიკური დევნა და არჩევნებში ჩარევა უმაღლეს დონეზე”.

საქმე ისაა, რომ ტრამპი 2024 წელს კვლავ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. ამის შესახებ, მან ნოემბერში განაცხადა. იურისტები ამბობენ, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა ამაში ხელს ვერ შეუშლის.

ტრამპმა, სასამართლოში წარდგენამდე ორი დღით ადრე, მხარდამჭერებს 2024 წლის საარჩევნო კამპანიისთვის თანხების მობილიზაციისკენ მოუწოდა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ღია მხარდაჭერას უცხადებს ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

„განაგრძე ბრძოლა, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ“,- წერს ორბანი.

“ჩვეულებრივ პირობებში, საბრალდებო დასკვნა პრეზიდენტობის კანდიდატისთვის სასიკვდილო დარტყმა იქნებოდა. მაგრამ ტრამპი ნორმალური კანდიდატი არაა”, - წერს გაზეთი “ნიუ-იორკ ტაიმსი”.

გამოცემა არ გამორიცხავს, რომ გამოძიებებმა ტრამპის პოლიტიკური კარიერის დასამარების სანაცვლოდ, შეიძლება პირიქით - გააერთიანოს მის გარშემო რესპუბლიკური პარტია.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის საქმის პროკურორი, ელვინ ბრეგი დემოკრატიულ პროცესში ჩარევას ცდილობს.

„ელვინ ბრეგი ჩვენს დემოკრატიულ პროცესში ჩარევას ცდილობს პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ პოლიტიზებული ბრალდებების წაყენების გზით. ცხადია, ის ამისთვის ფედერალურ სახსრებს იყენებს და ამავდროულად ამტკიცებს, რომ კონგრესში ხალხის წარმომადგენლებს არ აქვთ იურისდიქცია ამ ფარსის გამოსაძიებლად. ეს ასე არ არის. კონგრესი პასუხისმგებლობას დააკისრებს ბრეგის მიერ ფედერალური მართლმსაჯულების იარაღად გამოყენების პროცესს“, - აღნიშნა კევინ მაკარტიმ.

დონალდ ტრამპის საქმეზე მორიგი სასამართლო მოსმენა 4 დეკემბერს გაიმართება.

 

მილიარდერი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი 2017 წლის 20 იანვარს გახდა და ოვალური კაბინეტი ზუსტად ოთხ წელიწადში დატოვა, მას შემდეგ, რაც არჩევნებში ჯო ბაიდენთან დამარცხდა.

ნანა ჩხაიძე