კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა - რომელი ვირუსები ცირკულირებს საქართველოში
1734784051
ნიუ იორკის სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 454.2 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.
დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნეს უძრავი ქონების თაღლითობის საქმეში.
სასამართლომ ასევე 4.7 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა მის შვილებს, დონალდ ტრამპ უმცროსსა და ერიკ ტრამპს. 1.1 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს „ტრამპ ორგანიზაციის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ალენა ვაისელბერგს.
ჯარიმის საერთო თანხა 464.6 მილიონ დოლარს შეადგენს, ჯარიმის გადახდამდე ტრამპს ყოველდღიურად 114 000 დოლარზე მეტი ოდენობის პროცენტი დაეკისრება.
უძრავი ქონების თაღლითობის საქმე 2019 წელს „ნიუ იორკ თაიმსის“ მიერ ჩატარებული გამოძიებით გასაჯაროვდა, რომლითაც გაირკვა, რომ დონალდ ტრამპის ბიზნესი არ ადეკლარირებდა შემოსავალს და, შესაბამისად, არ იხდიდა გადასახადებს.
2022 წლის სექტემბერში ნიუ იორკის შტატის გენერალურმა პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა ტრამპის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით სარჩელი აღძრა. გენერალურმა პროკურორმა მოპასუხე მხარე დაადანაშაულა ტრამპის ქონების ღირებულების უკანონოდ მაღალ ფასად შეფასებაში, რათა მათ უკეთესი საკრედიტო და სადაზღვევო პირობები მიეღოთ.
სასამართლო დადგენილებით, დონალდ ტრამპს მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ასევე, ეკრძალება ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება ნიუ იორკში მდებარე ნებისმიერ კომპანიაში და ამავე შტატში დარეგისტრირებულ ბანკებში კრედიტების აღება. მისი შვილებისთვის კი ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავებაზე შეზღუდვა ორი წლით განისაზღვრა.