ჯეიმს ვების ტელესკოპმა „სიკვდილის პირას მყოფი“ იშვიათი ვარსკვლავი გადაიღო

ჯეიმს ვები

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ახალ ფოტოებზე დეტალურად ვხედავთ სიკვდილის პირას მყოფი ვარსკვლავის ბოლო „ამოსუნთქვებს“.

ვარსკვლავი, სახელად WR 124, მშვილდოსნის თანავარსკვლავედში მდებარეობს და წარმოადგენს ვოლფ-რაიეს ტიპის ვარსკვლავს, რომლებიც ირმის ნახტომში საკმაოდ მწირად არის. მიზეზი ისაა, რომ მხოლოდ გარკვეული ვარსკვლავები გადაიქცევიან ვოლფ-რაიედ და ამის შემდეგაც, მათი დრო ამ ფაზაში საკმაოდ ხანმოკლეა; სულ რამდენიმე ათასწლეულის შემდეგ, WR 124 დიდებულ სუპერნოვად აფეთქდება.

ვოლფ-რაიეს ვარსკვლავები გალაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ვარსკვლავებია. არიან ძლიერ ცხელი, კაშკაშა, იმყოფებიან მთავარი მიმდევრობის ფაზის მიწურულს, რადგან საწვავის მარაგი უკვე ეწურებათ და აფრქვევენ სინათლის ბოლო გაელვებებს.

ამ ეტაპზე მათში საკმაოდ გამოლეულია წყალბადი, მაგრამ ბლომად არის აზოტი ან ნახშირბადი. ძლიერ მაღალი მაჩვენებლით კარგავენ მასას. მათ მიერ დაკარგული მასა მდიდარია ნახშირბადით, რომელიც რადიაციას შთანთქავს და ხელახლა გამოყოფს ინფრაწითელი სინათლის სახით. სწორედ ამიტო, ისინი ჯეიმს ვებისთვის ძლიერი მიმზიდველი სამიზნეებია; ეს ტელესკოპი არა მხოლოდ ყველა დროის ყველაზე ძლიერი კოსმოსური ტელესკოპია და იღებს უმაღლესი რეზოლუციის ინფრაწითელ და ახლო-ინფრაწითელ სურათებს.

WR 124 არის ვოლფ-რაიეს ვარსკვლავი, რომელმაც უკვე საკმაოდ დიდი მასა დაკარგა; გარს აკრავს თავისივე ამოტყორცნილი მატერიის დახვეწილი ღრუბელი, რომელიც კოსმოსში გარე მიმართულებით ფართოვდება და სავსეა ფილამენტებითა და კვანძებით; გაციებისას ის ინფრაწითელში ანათებს. წინა დაკვირვებებიდან უკვე ვიცით, რომ ეს ღრუბელი მომაჯადოებელი და ჩახლართულია, მაგრამ არ გვქონდა საკმარისად მაღალი რეზოლუციის გამოსახულება, რომ ის სრულყოფილად აღგვექვა.

მაგალითად, როდესაც WR 124 საბოლოოდ აფეთქდება, არის თუ არა მის ნისლეულში მტვრის მარცვლები საკმარისი ზომის, რათა სუპერნოვას გადაურჩნენ? ამის გარკვევა ასტრონომებს მნიშვნელოვან ცნობებს მიაწვდის იმის შესახებ, თუ რა წვლილი შეაქვთ ვოლფ-რაიეს ვარსკვლავებს ვარსკვლავთშორისი მტვრის ბიუჯეტში — მატერიაში, რომელიც შემდეგ სხვა ვარსკვლავებისა და პლანეტების წარმოქმნაში მონაწილეობს.

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: 1tv.ge