„ლოცვა, რომელიც დღეს უნდა თქვათ...“ - მიხეილ ცაგარელის რეკომენდაცია
1731312844
"მხოლოდ საქართველოში" - ამ სათაურით მამა გაბრიელის სულიერი შვილი, ოთარ ნიკოლაიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ინფორმაციას იმ ტაძრის შესახებ, რომელიც აბორტის გამკეთებელი მშობლებისა და ექიმების შემოწირულებით აშენდა.
ყოვლად წმინდა სამების სახელობის ტაძარი ხუდადოვის ტყის მიმდებარედ, ტუბერკულოზის ინსტიტუტის მოპირდაპირედ მდებარეობს. ტაძარი, რომლის მშენებლობა ისტორიულ მოვლენად ფასდება, საჭიროებს მოხატვას, გალავნის აშენებას, ეზოს განაშენიანებას... ამაში მონაწილეობის მიღება კი შეუძლია ყველას, უპირველესად კი, ბუნებრივია, იმ დედებს, ვინც აბორტის გამო დიდ სინანულს ატარებს.
ოთარ ნიკოლაიშვილი: მუცლად მოწყვეტილ ყრმათა მშობლებისა და ამ ცოდვის აღსრულებაში მონაწილე ექიმების შემოწირულებით, თბილისში, კათოლიკოს პატრიარქის ილია ll-ის ლოცვა კურთხევით, აშენდა ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარი.
როგორც საპატრიარქოს უწყებანშია აღნიშნული( N18 გვ.18-19 2022წ), ეს არის ისტორიული მოვლენა. ქრისტიანობის 20-საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ასეთი ტაძარი, ასეთი მნიშვნელობით არასოდეს არსად აშენებულა.
ამ ტაძრის მშენებლობას საფუძვლად უდევს უდიდესი სინანული და უდიდესი იმედი. უდიდესი სინანული იმ საშინელი ცოდვის გამო, რომელსაც სამედიცინო ენაზე აბორტი ეწოდება; და უდიდესი იმედი ღვთის მოწყალებისა, რადგან ქრისტიანული სწავლებით, არ არსებობს ცოდვა უფლის მოწყალებას რომ აღემატებოდეს, თუ კი ადამიანს ექნება თავისი ცოდვის შესატყვისი ღრმა სინანული. ჩვენმა პატრიარქმა ერთ-ერთ ეპისტოლეში ბრძანა: "სინანული ღვთის მსჯავრსაც ცვლის, თუ იგი იქნება ჩადენილი ცოდვის შესაბამისი".
აბორტს ქრისტეს ეკლესია განიხილავს, როგორც მომაკვდინებელ ცოდვას, რადგან რეალურად ეს გახლავთ დედათა მიერ მუცლად მყოფ შვილთა განზრახ მკვლელობა, ამას მეორე დიდი ცოდვაც ემატება, ისინი მოუნათლავნი მიდიან იმქვეყნად.
ეს ტაძარი, თავის მხრივ, მომავალ თაობებს ყოველთვის შეახსენებს, რომ მსგავსი ცოდვა არ ჩაიდინონ.
ტაძარი მდებარეობს ხუდადოვის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტუბერკულოზის ინსტიტუტის პირდაპირ.
აქ კიდევ ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი, მოსახატია ტაძრის კედლები, გასაკეთებელია გალავანი, უნდა განაშენიანდეს ტაძრის ეზო, რათა ედემის ბაღს დაემსგავსოს იქაურობა. იგეგმება დედათა მონასტრის გახსნა.
ვინაიდან მუცლად მოწყვეტილი ბავშვები უნათლავნი აღესრულნენ, მათი მოხსენიება მხოლოდ პირად ლოცვებში შეიძლება, ამასთანავე ყოველდღიურად მოხდება ამ ბავშვების სახელზე უპოვარი ადამიანების დაპურება.
ყველა იმ მონანულ ქრისტიანს, ვისაც ამ საშინელ ცოდვაში წვლილი მიუძღვის დედა იქნება, რჩევის მიმცემი, თუ მედიკოსი, მოიხსენიებენ ყველა საღვთო ლიტურგიაზე. ცოცხლებსაც და მიცვალებულებსაც.
წირვა-ლოცვა შაბათ-კვირასა და დიდ დღესასწაულებზე აღესრულება. ხუთშაბათობით ჩატარდება პარაკლისი უძლურებაში მყოფთათვის, კვირას, 3 საათზე კი პარაკლისი ამ ცოდვის ჩამდენ პირთათვის.
უღრმესი მადლობა ამ ტაძრის აშენების ინიციატორს, საპატრიარქოს არქივის დირექტორს, ქალბატონ მზია კაცაძეს, რომლის საუბარიც აქ შემოკლებითაა გადმოცემული. ასევე დიდი მადლობა ტაძრის მშენებლობაში მონაწილე ყველა პიროვნებას.
უფალმა ინებოს ყველას გამოგვესყიდოს ჩვენი ცოდვები.
ზემოთ ნახსენებ მშობლებში ის მამებიც იგულისხმება, რომელთაც წინააღმდეგობის ნაცვლად, ხშირად თვითონ მიჰყავთ ქალი გინეკოლოგთან, იხდიან თანხას და ამ ცოდვის თანამონაწილეობით იწოდებიან მკვლელ მამებად. ამდენად ამ ცოდვის მოსანანიებლად ყველას ჯეროვანი სინანული გვმართებს.
P. S. ვფიქრობ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კარგი იქნება, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ წმინდა მამა გაბრიელის ხილვა:
ერთხელ სიონის მრევლმა მამა გაბრიელს ქართველი ერის აღორძინებისა და გამრავლებისთვის პარაკლისის გადახდა სთხოვა. მამა გაბრიელმა პარაკლისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე გადაიხადა წმინდა სამების ეკლესიაში, რის შემდეგაც საშინელი ხილვა ჰქონდა.
გაბრიელ ბერის ნაამბობიდან:
"ორნი მოვიდნენ. ძველი მეომრებივით ეცვათ. ერთმანეთს ჩემზე მიუთითეს აი, ეს არისო. აქეთ-იქით ამომიდგნენ და სადღაც წამიყვანეს.
ძლივს გავარჩიე, თეთრი შენობა იყო, ოღონდ ჯვარი არ ჰქონდა. სადღაც, ბნელ ოთახში შემიყვანეს, კარი დამიკეტეს და დამტოვეს. სიბნელეს თვალი რომ კარგად შევაჩვიე, დავინახე ქვის იატაკზე მოფენილი თითის სიგრძე, მკვდარი, გასისხლიანებული ბავშვები. ჭერზე არსებული ხვრელიდან კი, კვლავ დახოცილი ბავშვები ცვიოდნენ ისე, რომ ფეხი არსად დაიდგმებოდა.
სისხლით მოსვრილი იყო იქაურობა. ფეხი რომ არაფრისთვის დამედგა კედლისკენ მივიწიე და ფეხის წვერებზე შევდექი. ამ დროს, კარი გაიღო და ხმა გაისმა:
მობრძანდება! მობრძანდება! მე გამიკვირდა, ვინ მობრძანდება?! ალბათ, ამათი უფროსია, ვთხოვ და იქნებ, გამიშვას მეთქი. ისევ ის ორი შემოვიდა, ისინი ვინც აქ მომიყვანეს, შესასვლელსა და გასასვლელში ჩადგნენ, აღარ მიშვებდნენ, კედელს ავეკარი.
დავინახე ანგელოზებითა და წმინდანებით გარსშემოხვეული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მობრძანდა. თეთრი სამოსელი ეცვა. ხმა გაისმა - აი, ეს არის, გამრავლებას რომ ითხოვდაო და იმ ორმა ჩემზე მიუთითა. ღვთისმშობელმა მკაცრად შემომხედა, იატაკზე სისხლით მოსვრილ ბავშვებზე მიმითითა და მითხრა: ამისთვის მევედრები? ასე გამრავლდება საქართველო?! მე ვამრავლო და ამათმა დახოცონ?! გატრიალდა და წავიდა. იმ ორმა წამომიყვანა და ჩემს კელიაში დამაბრუნა."
გაბრიელ ბერმა მეორე დღესვე მოუთხრო ეს ჩვენება მათ, ვინც პარაკლისს ესწრებოდა. ამის შემდეგ კი, ყველა ქალს, დიდსა თუ პატარას ევედრებოდა და შესთხოვდა:
"დედებო! აბორტს ნუ გაიკეთებთ, საქართველო დაღუპვას გადაარჩინეთ!"
აფრთხილებდა: "ისე შევშინდი განრისხებული ღვთისმშობელი რომ ვიხილე, არ ვიცოდი, სად წავსულიყავი, არავის ვუსურვებდი, ასეთი ენახოს ცისა და ქვეყნის დედოფალი."
ასევე დაგაინტერესებთ: "ეს წიგნი, მამა გაბრიელზე უცნობი ისტორიებით, დიდი პოპულარობით ისარგებლებს. ერთი კითხვა არ მასვენებს..." - წმინდანის სულიერი შვილი აქამდე გაუმხელელი ამბებით