დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრი 5-დან 22 იანვრის ჩათვლით, მედეა კეიდიას გამოფენას მეორედ მასპინძლობს. "ანგელოზების გადაფრენა" თეატრში, პირველად 2014 წელს იყო. მას შემდეგ, ისევე როგორც მანამდე, მხატვარმა არაერთ ჯგუფურ და საქველმოქმედო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
იანვარში კი თქვენ გექნებათ ბედნიერება მხატვრის ძველი და ახალი ანგელოზები იხილოთ და იმ კოსმიურ ენერგეტიკას ეზიაროთ, რასაც მისი ნახატები ატარებენ.
დილით საგალობელს უსმენს, მერე კი მოფრენილი ანგელოზების გარემოცვაში დგას და ხატავს...
მხატვრის სახლის კედლებიდან უამრავი ანგელოზი დაგყურებს... თითქოს ჩუმი ჰანგები დაჰყვებათ, ფრთების ნაზი ფარფატიც გესმის. თვალებსაც აფახულებენ და ხან გიღიმიან, ხანაც - მოწყენილები იყურებიან... შენც "სხვანაირი " ზიხარ და უსმენ შემოქმედს, რომელიც "ზემოდან" წამოღებულ ინფორმაციას ხან ფერით, ხან - სიტყვით გაწვდის...
მედეა კეიდია: - "მადლიერების გამოფენა" დავარქვი, რათა ჩემი მადლიერება იმ ადამიანების მიმართ გამოვხატო, ვისაც სხვადასხვანაირი ამაგი აქვთ ჩემს ანგელოზებზე. ამ გამოფენის მოწყობის უმთავრესი მოტივაცია ეს არის. მყავს ანგელოზმოყვარეების არმია და მყავს ასევე ანგელოზთქომაგები.
ამ ადამიანების დახმარებით ხდება ყველაფერი. ისე ხდება, რომ მე ჩემით არაფერს ვაკეთებ. თავისით ვითარდება მოვლენები. ფლორენციის ბიენალეზეც კი ისე აღმოვჩნდი, რომ წვლილი არ მიმიძღვის. მე მხოლოდ ცხოვრების დინებას მივყვები.
36 წლამდე, ანუ სანამ ხატვას დავიწყებდი, შუბლით გამქონდა კედელი, რომ სიმართლე დამემტკიცებინა. მერე მივხვდი, რომ ასეთი დამოკიდებულება გვნებს, სიკეთე არ მოაქვს. უფალმა შემაძლებინა დამენახა ის უმთავრესი, რომ მის ნებაზე დაყოლას გულისხმობს. როგორც კი მოდუნდები და უფლის ნებას მიჰყვები, მაშინვე მოდის სამყაროდან ის ყველაფერი, რაც გჭირდება, რა მომენტშიც და როცა გჭირდება. მთავარია, არ უნდა იზარმაცო.
პანდემიის დროინდელი ის იზოლაცია, ჩემთვის რომ ვიჯექი, ვხატავდი და ნირვანაში ვიყავი, ძალიან მსიამოვნებდა. მსურველი მოდიოდა, ნახატს ყიდულობდა და მიდიოდა. ეს იყო იდეალური ყოფა.
მაგრამ როცა კოსმოსი რაღაცას გთავაზობს, უარი არ უნდა თქვა. ამიტომაც დავთანხმდი ახლა ამ შემოთავაზებულ გამოფენას. თორემ ეს ჩემთვის დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვაა - იმ პერიოდში ვერ დავხატავ, მშვიდადაც ვერ ვიქნები... სამაგიეროდ, კომპენსირება მოჰყვება აჟიოტაჟით, ფეიერვერკით, ენერგეტიკით, რაც შემდეგ წლები მყოფნის.
რისთვის გავჩნდი? - ეს კითხვა ქალბატონ მედეას მერვე კლასიდან აწუხებდა. მერე იყო ზედიზედ სამი ხილვა და 36 წლის ასაკში ჟურნალისტმა მოულოდნელად ხატვა დაიწყო. ეს კი პეტერგურგში მოხდა...
მედეა კეიდია: - იცით, პატრიარქმა ერთ-ერთ შეხვედრაზე რა მითხრა: ყველა უნდა ხატავდესო. მე მაშინ ეს გამიკვირდა. მაგრამ ახლა უკვე მიმაჩნია, რომ ყველა უნდა ხატავდეს. შენი სულის მდგომარეობას ხატვით დამოსცემ. ხომ არ იცი, რა ნიჭი დევს შენში და რას ამოაფრქვევ ვულკანივით.
36 წლის ასაკში, ჩემს სულში დაგროვილი ნიაღვარი წამოვიდა და ყველაფერი ამოყარა, რაც შიგნით მქონდა - ხაზები, რგოლები, აბსტრაქტული, შავები, ყვითლები... დილიდან საღამომდე ვხატავდი. ფერებისადმი ლტოლვა იმდენად მქონდა, რომ საღებავების შეჭმაც კი მინდოდა.
სანქტ-პეტერბურგში ორი წელი მეცნიერებათა აკადემიაში ვსწავლობდი ანუ ჩემი, როგორც მხატვრის დაბადება, იქ მოხდა. ამ პირველი "ნალექის" შემდეგ, წამოვიდა ფიგურები. და გამოერია პირველი თეთრი ანგელოზი...
ჩემი ნახატები სანქტ პეტერბურგის მთავარ მხატვართან წაიღეს. და მან გააკეთა შეფასება: "მედეა კეიდიას შემოქმედება ეს არის კოსმიური ცნობიერების სამყარო, ნიჭიერების ფეიერვერკი. ამოუხსნელი სასწაული" - იური ლატუტოვი.
საოცრება იყო ის, რომ წარმოსახვით დავხატე ანა ახმატოვას საფლავი. ნანახი არ მქონდა და მერე, როცა ჩემი კურსი იქვე ლენინგრადთან ახლოს წავედით მის საფლავზე და ვნახე, შოკში ჩავვარდი. ზუსტად ისეთი იყო, როგორც ჩემ ნახატზე. აზრზე არ ვარ, რატომ მომინდა მისი დახატვა. იყო კიდევ ოთხი შემთხვევა, როდესაც ასე წინსწრებად დავხატე ადამიანები. მეორე ქართველი ვიყავი, ვინც ფლორენციის ბიენალეში მიიღო მონაწილეობა. იტალიის საელჩო ძე ხორციელს არ უშვებდა აქედან. ამ დროს დავხატე ქალის პორტრეტი. შევხედე და ეს პორტრეტი სავსებით შეუთავსებელი იყო ჩემთან. მაგრამ დასახევადაც ვერ გავიმეტე, არადა, გამაღიზიანა, მე არ ვიყავი. მეორე დღეს მოვიდნენ სტუმრები, მათ შორის, ერთი ჟურნალისტი. შევხედე და ის გოგოა, მე რომ დავხატე. ნახატებს შორის ჩავუდე ეს ნახატი და დასათვალიერებლად მივეცი: რომ დაათვალიერებს, რა რეაქცია ექნება-მეთქი. ნახა და მაშინვე შესძახა - ეს გოგო მე ვარო და ნახატი გულში ჩაიხუტა. გამიხარდა! მაშინვე ვაჩუქე.
მხატვარ შალვა ხუნდაძეს სადღაც უნახავს ჩემი ნახატი და აღფრთოვანებულა! მოვიდა ჩემთან ნახატების დასათვალიერებლად. სულისმიერი, გულითადი საუბარი გვქონდა. მეორე დღეს ვხატავ და ვიღაც "ტიპი" გამოვიდა. ვუყურებ, ღმერთო ჩემო, ეს შალვა ხომ არ არის-მეთქი! ვურეკავ, შემომიარეთ-მეთქი. მოვიდა და გაოცდა. ახალგაზრდობის სახით დამიხატავს. თავის ყმაწვილობის მეგობრებს რომ აჩვენა, იქით ისინი გაგიჟებულან; როგორ შეიძლება ასეთი რამ, არ გიცნობდა ამ ასაკში როგორ დაგხატაო...
სანქტ-პეტერბურგიან თბილისში რომ ჩამოვედი, შევხვდი სომეხ მხატვარ ალბერტ დილბარიანს (დილბო). ახლობელმა მიმიყვანა და წავიღეთ ჩემი ნახატები. მენანება, რომ არ არსებობს მასთან შეხვედრის ვიდეო. 70 წლამდე იქნებოდა მაშინ. წითელი კომბოსტოს მჟავე და დოქით ღვინო გამოიტანა. ჩემი ნახატები თავის მოლბერტებზე დადო და როგორც პატარა ბავშვი, ისე დარბოდა ჩემსა და ნახატებს შორის. მოგვიჭახუნებდა ღვინის ჭიქაზე, მიირბენდა ნახატთან და აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ჭკუაზე არ იყო ჩემი ნახატებით, რომელიც მე ნახატებიც კი არ მეგონა და ასეთ რამეს მეუბნება: მედეა, თქვენ აზრზე არ ხართ, რას აკეთებთ. ჩემი დაჟინებული თხოვნაა, რომ არც ერთ მხატვარს არ გაეკაროთ! ჩაიკეტოთ და ხატოთ დღე და ღამეო. მილიონიც რომ გადაგიხადოთ, ძე ხორციელს თქვენი ნახატი არ მიყიდოთ. შენ არ იცი მისი ფასეულობაო. ნახატი, რომელზედაც დილბო გაგიჟდა, ჩემს პატარა კატალოგში შევიტანე.
2003 წელს ბიენალეზე სხვადასხვა ტიპის ნახატები წავიღე. ასაკის მიუხედავად, ყველა ანგელოზმა მოხიბლა. ფლორენციის შემდეგ გერმანიასა და საფრანგეთში მიმიწვიეს. იქაც ყველას ანგელოზები მოსწონდა. 2005 წელს საქართველოში რომ ჩამოვედი, აქ ჩაშავებული, ნაცრისფერი და ჩაყავისფერებული იყო ყველაფერი. დავჯექი მაგიდასთან, ჯერ მაგიდა მოვხატე და ვიფიქრე, რაღა უცხოელები გავახარო, ჩემს ქართველებს გავახარებ-მეთქი და უკვე მიზნობრივად დავიწყე ანგელოზების ხატვა. მეგობრები, მეზობლები ნახულობდნენ ნახატებს. ერთს სალონი ჰქონდა, დაკიდა ჩემი ნახატი, იქ ნახეს და მოეწონათ. ასე ნელ-ნელა დაიწყო ნამუშევრების გაყიდვა.
ჩემი ერთ-ერთი პირველი ანგელოზი ისე მინდა უკან გამოვისყიდო, მაგრამ არ ვიცი სად არის, ვინ იყიდა. არაერთხელ გავაკეთე განცხადება, ვიყიდი-მეთქი. რას არ გადავიხდი ეს ანგელოზი რომ დამიბრუნდეს. მაგრამ სად არის? ბედად მისი ფოტო შემომრჩა.
იმდენი ანგელოზია ჩემგან გაფრენილი, უამრავი. ციფრის წარმოდგენაც არ მაქვს.
ხშირად საჩუქრად უცხოეთში აგზავნიდნენ. ახლა ფეისბუქით მიკვეთენ და იძენენ.
ანგელოზებამდე, ხან რისი ხატვა მინდებოდა, ხან - რისი. ერთი პერიოდი სულ ყვავილებს ვხატავდი და ვყიდდი.
ანგელოზის გარდა, ჩემი სულის ამოძახილია ბალერინა. როცა ცუდად ვარ, ბალერინას დავხატავ და კარგად ვხდები.
ყველაზე კარგად მაშინ იხატება, როდესაც ტაძრიდან ნაზიარები მოვდივარ სახლში. ანგელოზები გუნდებად მოფრინდებიან... და მე ვახატავ.
ხატვა იმდენად ბედნიერს მხდის, სხვა დანარჩენი არაფერი მაინტერესებს. თვითონ პროცესია ბედნიერება.
ანგელოზებს თვალებს რომ ავუხელ, ეს მომენტია ენით აუწერელი. ეს პროცესი ახლახან დავაფიქსირე. აქამდე ჯერ თვალებს ვხატავდი და შემდეგ ვმოსავდი. მივხვდი, რომ ყველაზე მთავარი მაინც თვალია. ის თვალი აცოცხლებს ნახატს, საიდანაც მოდის ენერგეტიკა და გაკეთებინებს. როგორც ადამიანში. თვალს რომ აუხელ იმხელა ბედნიერებაა, ძნელია გადმოსცე.
დილა საგალობლებით იწყება. მიყვარს "შენ გიგალობ, შენ გაკურთხებ..." თან საგალობელს ვუსმენ, თან ფეისბუქზე ვკონტაქტობ ანგელოზთმოყვარეებთან. რაც კი გამოფენები გამიკეთებია, სულ ფეისბუქის მეშვეობით. ასე თითის გაუნძრევლად გამოდის საქმე და ამან ისე გამაზარმაცა, თითს არ ვატოკებ.
ადრე, როცა ენერგეტიკულად ძლიერად ვიყავი, დილიდან ღამემდე, ღამიდან დილამდე შეუჩერებლად მიხატია. ასე შექმნილი ბევრი ნახატია გერმანიაში.
ხატვის დროს, როცა საჭმელად არ მცალია, იოგურტია კარგი გამოსავალი, უცებ მიირთმევ და აგრძელებ. ზოგჯერ არც მახსენდება ჭამა. ახლა მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ. შვილი, თავისი ოჯახით, ცალკე ცხოვრობს. ქმარი ექიმია, განათლებული ადამიანია და ცდილობს ხელი შემიწყოს. გამორიცხულია დამიძახოს, მოდი, კვერცხი შემიწვიო. სადილი ისედაც სულ მზად მაქვს. ტაძარში ყოფნის შემდეგ, ხატვის პროცესს არაფერი დაუდგება წინ. ასევეა ჩემთვის კერძების მომზადება. და მისი სტუმრისთვის ან ოჯახის წევრებისთვის სიყვარულით მირთმევა, ძალიან მსიამოვნებს.
კერძი დადებითი ენერგიით უნდა მოამზადოთ, რომ იყოს მკურნალი და მარგებელი. თუ ცუდ ხასიათზე აკეთებ სადილს, უგემური გამოდის. არ ვტრაბახობ, გემრიელ საჭმელებს ვაკეთებ. საფირმო? ჩახოხბილი, ბაჟე-საცივის კომბინაცია, რომელიც ძალიან მოსწონთ. იმპროვიზირება მიყვარს. მაგრამ საკვებსა და სხვა ყოფითზე არ ვაკეთებთ აქცენტს. ჩვენს ოჯახში სულიერებაა მთავარი. შვილიშვილებს სულ წიგნზე ვეჩიჩინები... ისინი ჩემს ანგელოზებს ჰგვანან. ღმერთმა მათი სახით დამასაჩუქრა. როცა უფალი ხედავს, რომ მისკენ ხარ, ისე არ გტოვებს. ერთ ნაბიჯს რომ გადადგამ მისკენ, ის ორი ნაბიჯით მოდის შენკენ და გულში გიხუტებს.
ერთხელ საჩუქრად მივიღე კატალოგი. გადავშალე და ჩემი ნახატების კატალოგია! ჩემი ფეისბუქმეგობრის მეუღლე აღმოჩნდა. მილიონერი, ბილი-უილიამს (ივანე) აკერმანსი, რომელიც თავის შეძენილ კუნძულზე ცხოვრობდა. ივანე- თბილისში ნათლობის სახელია.
ცოლმა მომწერა, შორიდან რომ დაგანახა, რა სიყვარულით ამზადებდა თავისი ხელით ამ კატალოგს, გაოცდებოდიო. ერთი ეგზემპლარი ცოლს აჩუქა, მეორე მე გამომიგზავნა.
ეს კაცი იყო მაძიებელი, ეზოთერიკი, მოვლილი ჰქონდა მუზეუმები და უთქვამს: ასეთი წრფელი და უნიკალური მხატვრობა ჯერ არ მინახავსო. მეორე წელს მეორე კატალოგი გამომიგზავნა... წელიწად ნახევრის წინ გარდაცვლილა... ისე დამწყდა გული...
ეს ორ სიტყვიანი შეფასება ამბობს ყველაფერს - წრფელი და უნიკალური! ყოვლად ობიექტურად ვეთანხმები შეფასებაში.
ერთხელ დედა შვილი დავხატე. ჩემს გულში გავიფიქრე - სულიერებით ღვთისმშობელს როგორ გავს-მეთქი. შინაგანად რომ მიხვდები, რომ ის არის. შემოვიდა მეგობარი და მითხრა, მედიკო, ღვთისმშობელი დაგიხატავსო. რაკიღა ეს მითხარი, გაგიმხელ, მეც ასე გავიფიქრე-მეთქი. წაუღე პატრიარქს და თუ ისიც იგივეს იტყვის, ჩემზე ბედნიერი დედამიწის ზურგზე არავინ იქნება-მეთქი. საღამოს უწმინდესის თანდასწრებით დამირეკა და მითხრა: პატრიარქმა თქვა, მედეას ღვთისმშობელი დაუხატავსო... ისეთი ბედნიერი ვიყავი... ეს შეფასება ჩემთვის არის ჭერი! იმის იქით არაფერი არსებობს.
მე პრეტენზია მაქვს სულიერებაზე. ფიგურა და ფორმა არ არის ჩემთვის საინტერესო. შიგნითა მდგომარეობის სისუფთავის ხარისხია ყველაფრის საზომი.
ერთხელ დამირეკეს საპატრიარქოდან, პატრიარქის დაბადების დღეზე დამპატიჟეს. იმდენად ცუდად ვგრძნობდი თავს (ხერხემალი მაწუხებდა), ვერ წავედი. დამირეკეს საშობაოდ - პატრიარქი გელოდებაო. ისევ ცუდად ვარ, მაგრამ ეს უკვე მოთხოვნა იყო. ჩამოვიფხატე შავი ქუდი და მეუღლემ მანქანით მიმიყვანა. იცით, იქ სტუმრობა უფალთან სტუმრობად აღვიქვი. სახლში ჩიტივით დავბრუნდი... სასწაული იყო. მთელი წელი იყო წარმატებული. საბერძნეთში კუნძულ კერკირაზე, სადაც ტაძარში მღვდელმთავარ სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილები განისვენებს. იერუსალიმში მოვხვდი. სამი-ოთხი პროექტი გავაკეთე. თავაუღებლად ვხატავდი... სხვა ენერგია მქონდა. ალაგდა ხერხემლის ტკივილი. ეს იყო სასწაული!
ვხატავდი, მოვიდა გოგონა, ნარიყალას ტაძრის მოძღვრისთვის საჩუქრად მინდა თქვენი ნახატიო. დადგა ოთახში და - თქვენ კერკირაზე უნდა წახვიდეთ! აუცილებლად უნდა წახვიდეთო! ეს იყო დაჟინებული მოთხოვნა.
სასწაული მოხდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილების მოლოცვისას. მანამდე გამარფთხილეს, რომ არ ხსნიან იმ ლუსკუმას, რაშიც არის დაბრძანებული, მაგრამ მადლს წამოიღებო. მივედი და მაშინვე გახსნეს ლუსკუმა. მერე მეორედაც გახსნეს. და კუნძულიდან წამოსვლისას, ჩალაგებული ბარგი დავტოვეთ სასტუმროში და გამოფრენამდე ერთი საათით ადრე მივედით და... მესამედაც გახსნეს! ეს დიდი სასწაული იყო...
მას შემდეგ მე ხერხემლის პრობლემისგან გავთავისუფლდი. და ბევრი ანგელოზი დავხატე...
- შეიძლება ითქვას, რომ თქვენმა შემოქმედებამ თავიდან შეგქმნათ?
- მე დაწერილი მაქვს ასი საგალობელი. სანამ ხატვას დავიწყებდი, საგალობლები მანამდე დავწერე. და ის ყველაფერი, რაც დახატული მაქვს, მანამდე სიტყვებში ჩავდე. პირველად იყო სიტყვა. მერე შეისხეს ხორცი ანგელოზების სახით.
ანა კალანდაძე იყო ამ საგალობლების წიგნის რედაქტორი. (1989 წელს დაიბეჭდა.) ანა ბოლომდე ვერ ხვდებოდა რწმენის იმ დონეს, რომ ადამიანს შეუძლია ღმერთს ასე "მიუჩოჩდეს" და პირდაპირ ელაპარაკოს. ჩემი ნახატებიც ღმერთთან ურთიერთობაა.
"ნეტარ სიმშვიდით ავივსე და ასე მგონია, ხარობს სამყარო ჩემთან ერთად ჩვენს ასე ყოფას..."
"დღეს კეთილი ვარ და სიკეთეს გავცემ უშურვლად. მოდით, იჩქარეთ, გაიყავით, გაინაწილეთ ციდან დაბნეულ სხივს გირიგებთ, მოდით, იჩქარეთ!"