კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
მხატვარი ქეთი მატაბელი ბიბლიაზე მუშაობს. ამბობს, რომ ამ წიგნთა წიგნზე, ეტაპობრივად, სულ მუშაობდა, ხან კითხვით, ხან ფიქრით, ხანაც - ესკიზებით. მისი გაფორმება ბიბლიიდან ამონარიდებითა და კოლაჟებით აქვს დაწყებული.
მანამდე მხატვარმა "ვეფხისტყაოსანზე" იმუშავა. მაშინ არც უფიქრია, რომ მის მიერ "დანახული" პოემა, ასე თავისით გაიკვალავდა გზას და დაიბეჭდებოდა. რუსთაველზე მუშაობას ახლაც აგრძელებს.
გვიყვება, რომ შემთხვევით არაფერი ხდება და ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი ერთმანეთთან ლოგიკურ ბმაშია.
ქეთი მატაბელი: როდესაც ოთხ ნაწილიანი "ჩვენ და ვეფხისტყაოსანი" დაიბეჭდა, მივართვი პატრიარქს. მაშინ უწმინდესმა მითხრა, აუცილებლად ბიბლიაზეც უნდა იმუშაო, რადგან "ვეფხისტყაოსანი" პატარძალს საჩუქრად უნდა გადაეცეს, და მას მზითვებში ასევე ბიბლიასაც ატანდნენო.
მე ბიბლიაზე მანამდეც ვმუშაობდი, ვეცნობოდი. თუ ბიბლია არ გაქვს წაკითხული, ისე "ვეფხისტყაოსნის" გაგება რთულია. მთელი ფილოსოფიაა შიგნით.
ლუკას სახარების მიხედვით ვმუშაობ. ყველა ოთხთავი საინტერესოა. ერთი და იგივე ამბავს, სხვადასხვანაირად გიყვება. ნამუშევარში მინიშნებები მაქვს, კოლაჟურია. სადღაც მეშინია, სადღაც ვერ ვრისკავ. ზოგჯერ ისე ჩავერთვები, განცდა მეუფლება, თითქოს ვხედავ იმ სიტუაციას, რაზედაც ვმუშაობ.
არის ბრძოლა, ხელის შეშლა. რომ მინდა სრულად გადავერთო ამაზე, უცებ ისეთი მაცდური შეკვეთა მომდის, მატერიალური დაინტერესებით, რომ ხელს მიშლის და მასზე ვიწყებ მუშაობას. მატერიალურს ხომ ეშმაკი განაგებს... ამ ბრძოლებზე მეცინება ხოლმე. არის სერიოზული გაფრთხილებები. ჩვენ უარყოფითი განწყობით თვითონ ვიწვევთ ავადმყოფობებს. მე მუშაობით და კითხვით ვიგერიებ ამ ნეგატიურს.
ჩემი პაპის პაპის მამა, ჯუგაანში დეკანოზი იყო, ვასილ მატებელი. თავიდან გვარად ვყოფილვართ მატებლები და მერე გადაკეთდა მატაბლად. გვაქვს მისი საინტერესო პორტრეტი, მეცხრამეტე საუკუნის ლოცვანი. მისი ლოცვა ნამდვილად მოგვყვება დღემდე.
მახსოვს, პაპა ახალი აღთქმიდან მიკითხავდა მონაკვეთებს. მაშინ აკრძალული იყო ტაძრებში სიარული. მაგრამ მე მაინტერესებდა. არ ვიცი, ეს რა ინტერესი იყო, მაგრამ მე ის მქონდა. დედა სიონში რომ მიდიოდა, მამა შორიდან გველოდებოდა მანქანით, რომ არავის დაენახა. 1968-69 წლები იქნებოდა, ლიტანიობაზე დასასწრებად ღამით რომ მივდიოდით. გენეტიკური კოდი ეტყობა ასე ჩაიდო ჩემზე... ბიბლიით ჩემი დაინტერესება ფესვებიდან მოდის.
რამდენიმე შეხვედრა მქონდა პატრიარქთან, ერთხელ ფოლიანტი მივუტანე, ხელით გაკეთებული გამომწვარი და დაძველებული წიგნი, როგორც სიმბოლო ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობისა. ერთხელაც ვუთხარი, დამლოცეთ, რომ დავიწყო ბიბლიაზე მუშაობა-მეთქი. ეს რთულიაო... ხელი დამადო თავზე და მომცა კურთხევა. თუმცა წლები ვერ ვბედავდი მუშაობის დაწყებას.
ბიბლია ოთხი სახარებისგან შედგება და როგორც ძეგლს ოთხი მხრიდან, ისე ვუყურებ მასაც. ასევეა "ვეფხისტყაოსნის" შემთხვევაშიც. სკოლაში "ვეფხისტყაოსნის" შინაარსს გვასწავლიან მხოლოდ. შესაბამისად ბევრი კითხვა მქონდა და მოგვიანებით, სხვადასხვა ავტორებთან მივიღე პასუხები ჩემს კითხვებზე.
ჯერ გრაფიკული ნამუშევრები იყო. მერე წლების განმავლობაში ტექნიკაც იცვლება, ხედვაც, მუშაობაც. მამუკა თავაქარაშვილის რეპროდუქციების მიხედვით დავიწყე კოლაჟის კეთება. ამას დავურთე თამარ მეფის ოთხ თავიდან ხელნაწერები. "ვეფხისტყაოსანი" ჩემს ნათლიებს ვუძღვენი - ზურა კაპანაძეს, მიშა ქვლივიძეს და თემიკო ჩირგაძეს...
პირველი ფოლიანტების (ძველი წიგნი ფურცლებად) კეთება რომ დავიწყე, შევიმუშავე ტექნიკა: ხელოვნურად ვაძველებდი ფურცლებს. ამ დაძველების ტექნიკას ანალოგი არ აქვს. ძველად ხომ პერგამენტზე ან ტყავზე წერდნენ. იმ ფაქტურებთან მიახლოებული ფაქტურის მიღება დავიწყე.
ინსპირაცია კი იყო ძველი ლოცვანი, რომელიც ჩემი დეკანოზი წინაპრის სკივრიდან ამოვიღეთ. კახეთში, ბავშვობაში დამალული სკივრი ამოიტანეს და რომ გაიხსნა, მახსოვს, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ამოვიღეთ ღვთისმშობლის ხატი, ლოცვანი... ნუსხა-ხუცურით არის დაბეჭდილი. მის ფურცლებზე დაწვეთებულია სანთელი, სხვა ენერგეტიკის მატარებელია. მეც ჩემს ნამუშევრებზე დავაწვეთე სანთელი, ცოტა მოვწვი, ცოტა დავაძველე, წყალში ჩავდე, ცეცხლზე გავატარე და მივიღე დაძველებული ფურცლები. მე მაშინ, ბავშვობაში, ბუნებრივია, არც ვფიქრობდი, რომ ფოლიანტს გავაკეთებდი. თუმცა ეს მაშინ ქვეცნობიერში ჩაიდო...
ჩვენს ცხოვრებაში ისეა ერთმანეთზე ყველაფერი გადაბმული და დაკავშირებული, რომ ამას მერე ვაცნობიერებთ. შემთხვევით არაფერი ხდება, ერთმანეთზე თავისით ეწყობა მოვლენები. მხატვარს ინტუიცია აქვს და ნიშნებს გრძნობს ხოლმე.
ბათუმში წლების წინ, თიბისი ბანკის შენობაში გაკეთდა ჩემი გამოფენა. ეს შენობა ადრე იყო რკინიგზის სადგური. ბებიაჩემი ბევრჯერ იხსენებდა: 24 წლის ვიყავი ჩემი ქმარი გადასასახლებლად რომ წაიყვანეს მატარებლით, გავიქეციო და ძაღლები მომიქსიეს და ქოლგით ვიგერიებდიო. და წლების შემდეგ, მე ჩემი აკინძული რუსთაველის და თამარის ძველისძველი ხელნაწერებით, თითქოს სიმბოლურად, ჩემი წინაპრების ცხოვრება შევაგროვე, ავაწყვე და სწორედ იმ ადგილას მოეწყო გამოფენა, სადაც ბებია და ბაბუა, სადგურში ერთმანეთს იძულებით დააშორეს.
ამგვარად მოგონებები გადავაქციე ნამუშევრებად...