"თავისით მოვიდა..." - დიდი ხნის წინ დაწყებული "ჯვარცმა", რომელიც გია გუგუშვილმა დიდ ხუთშაბათს დაასრულა

christ

"ჯვარცმის" ხატვა სამხატვრო აკადემიის რექტორს, გია გუგუშვილს, დიდი ხნის წინ დაუწყია, თუმცა მასში კორექტივები შეჰქონდა და აქამდე, დასრულებულად არ თვლიდა.

და გუშინ, დიდ ხუთშაბათს, ტილოს, ფერებად ქცეული ემოციებით წერტილი სწრაფად დაუსვა.

როგორც მხატვარი "პრაიმტაიმთან" ამბობს, ეს წერტილი იყო ამ უცებ წამოსული განცდების დაგვირგვინება. 

ტილოს, რომლის ფოტოც მხატვარმა ფეისბუქზე განათავსა, დიდი გამოხმაურება და ოვაციები მოჰყვა.

გია გუგუშვილი: ეს არის თემა, რომელიც თავისით მოვიდა, წინასწარ მისი დახატვის გეგმა არ მქონია. მისი ხატვა  დიდი ხნის წინ დავიწყე, მერე რაღაცამ არ დამაკმაყოფილა, გავჩერდი და... გუშინ, დიდ ხუთშაბათს, დავამთავრე. 

ეს ველია, რომელიც ჩვენს გარშემო ტრიალებს, ვისთან როგორ ილექება და რას აკეთებს. ეს ნამუშევარი წმინდა წყლის ემოციაა, რომელსაც სახე მივეცი. მეც მომწონს!.

ეს "ჯვარცმა" უფრო სევდიანია, ვიდრე ტრაგიკული. ჯვარცმა თავისთავად დიდი ფილოსოფიური მოვლენაა. სასწაულია!

განკაცებული მაცხოვარი ჩვენს მაგივრად ეცვა ჯვარს. ჩავთვალე, რომ საფიქრალიც მქონდა, რომელსაც გუშინ სწრაფ-სწრაფად მოვუყარე თავი. ნახატს აქვს სქელი მონასმები. ეს არის სწორედ ის ემოცია, რაც ხატვისას თანდათან მოდიოდა. წინასწარ არც ესკიზი მქონია, არც ჩანახატი... პირდაპირ ტილოზეა დახატული. ერთი ფეხი არ გადმოუდგია, თორემ თავისით მოვიდა!

გუშინ არ დავდე ფეისბუქზე, მინდოდა დღეს, წითელ პარასკევს კიდევ დამენახა და... ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, სასიამოვნოდ აღვივსე...

ნახატს არ ვყიდი, ჩემს კოლექციაში დარჩება. მე თვითონაც დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი. ვტრაბახობ ახლა, მაგრამ ასეა. ქეთისაც ისე მოეწონა, ეს ხომ ჩვენიაო, მკითხა. დავამშვიდე, კი, მეც მომწონს და არ ვყიდი-მეთქი. 

ნახატებზე საუბარი მიყვარს, მაგრამ ამ ტილოზე ბევრს ვერაფერს დავამატებ. 

ძალიან მიხარია, რომ დამირეკეთ. ბედნიერი აღდგომა გაგვთენებოდეს...