დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
68 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი ზაზა მიქაშავიძე.
ზაზამ და ნინელი ჭანკვეტაძემ წლები ერთად გაატარეს სცენასა და ცხოვრებაში. ნინელიმ თეატრალურ ინსტიტუტში რომ სწავლა დაიწყო, ზაზამ დაასრულა. სიყვარული სცენაზე ეწვიათ. შვილი ქორწინების მეთვრამეტე წელს გაუჩნდათ. ანკა მიქაშავიძე მშობლების გზას არ გაჰყვა. სამსახიობო პროფესია არ აურჩევია.
მეგობარსა და კოლეგას "პრაიმტაიმთან" ლაურა რეხვიაშვილი იხსენებს.
ლაურა რეხვიაშვილი: ჩვენ ჯგუფელები ვიყავით. მე და ზაზა პირველი კურსიდან ერთად ვართ.
იყო არაჩვეულებრივი მეგობარი. ასპროცენტიანი სმენა ჰქონდა, უკრავდა გიტარაზე, მღეროდა... კარგი საურთიერთო ადამიანი იყო.
არეულ 90-იან წლებში, თბილისში რომ ბრმა ტყვიებს ემალებოდნენ, მე კახეთში ვცხოვრობდი, მათე პატარა მყავდა და დათიკო რომ მოსკოვში იყო, ზაზა ჩამოდიოდა სტუმრად და ერთგვარად გვპატრონობდა. ზაზას სტუმრობა დღესასწაულივით იყო. დათიკოს მეგობრებს უყვარდათ მასთან ურთიერთობა. ზაზა ხელს მოკიდებდა მათეს, შეისვამდა ზურგზე და ახტუნავებდა.
ღვინო და არაყი მარანში ხომ ინახება, იქვე იყო გარჩეული ნიგოზი. ვიქეიფებდით და მეტყოდა, აღარ მივდივარ თბილისში, აქვე უნდა დავწვე, დავიძინოო.
როცა მეკითხებოდნენ, რატომ არ ბრუნდები თეატრში და როდემდე გინდა მანდ იყოო, ზაზამ, რომელმაც ჩემი ატმოსფერო და მიკროსამყარო იცოდა, ასეთი პასუხი გასცა: გაანებეთ ამ ქალს თავი. მთავარია ჰარმონიულად არის და ბედნიერია, რა მნიშვნელობა აქვს, რას აკეთებსო. მნახა იმ სიტუაციაში და მიხვდა, რომ სიცოცხლით სავსე, ბედნიერი ვიყავი. არ ერიდებოდა სტუმრად მოსვლა, იცოდა, რომ იმდენი რძე, ყველი, ქათამი, ნიგოზი, ღვინო და სანოვაგე მქონდა... ხუმრობით მეტყოდა, აბა, დაუძახე ქათმებს, რამდენი გყავსო. იცინოდა. უხაროდა, რომ კარგად ვიყავი. ასეთს რომ მხედავდა, ხვდებოდა, რა არის ბედნიერება. ხვდებოდა, რომ მნიშვნელობა არ აქვს - ძროხას წველი და ელაპარაკები, ბოსტანს უვლი, თუ სცენაზე თამაშობ იგივე ქალს, რომელიც იმ ყველაფერს აკეთებს.
გარდამეცვალა და. გზაში მანქანა გაფუჭებია თეატრის დასს და გვიან ჩამოვიდნენ კახეთში. მიცვალებული უკვე ეზოშია ჩამოსასვენებელი და დედაჩემი გამოსათხოვებლად დასტირის... მოვიდნენ, ზაზა უყურებს ამ სცენას და თავი ვერ შეიკავა იმ აზრისგან, რომელიც მოუვიდა და რომლის არ თქმა, არ შეიძლებოდა... და ყურში გულწრფელად მეუბნება: კიდევ კარგი მანქანამ არ გვიღალატა და გასვენებას მოვუსწარი, თორემ ხომ ისე მოვკვდებოდი, რომ ვერ გავიგებდი, რა არის დედის დატირებაო... ჩვენს ფოლკლორში ხომ არის დატირება, ზარი - შედევრებია! დედა ისე დასტიროდა თავის შვილს, ქვას ხეთქავდა!..
ერთხელ რეპეტიციის დროს, ზაზას წნევამ აუწია, სარეპეტიტოროში დააწვინეს. წამალი არ გაიკარა, არ მინდაო. მივედი, ავქოთქოთდი, ხელის გულზე მაქვს აბი. ვეფერები - წნევა გაქვს, წამოწითლებული ხარ, რად უნდა გასინჯვა, დალიე წამალი, არც მე მენდობი-მეთქი?! ამ სიტყვებზე გადმობრუნდა, შემომხედა, აიღო აბი და შენ თუ არ გენდობი, აბა, ვიღას ვენდობიო...
ბევრჯერ გვიკამათია, მაგრამ მაგონდება ასეთი ისტორიები...
ემოციურად მძიმე დღე იყო, ცუდ განწყობაზე ვართ ყველა. კიდევ კარგი ეს ისტორიები გავიხსენე...