"მონატრება და სევდა მაქვს. ქართველი ბიჭები დედების მიმართ სიფაქიზით არ გამოირჩევიან. სინანულის გრძნობაც გიპყრობს, მისთვის ბოლომდე კარგი რომ არ იყავი..." - 20 თებერვალი განუმეორებელი მედეა ჯაფარიძის დაბადების დღეა

medea

20 თებერვალი განუმეორებელი მედეა ჯაფარიძის დაბადების დღეა. ლეგენდარული არტისტი 101 წლის გახდებოდა...

თუ მსოფლიო თავისი ვივიენ ლიებითა და გრეტა გარბოებით ამაყად თამაშობს, ჩვენ მედეა ჯაფარიძით ჯოკერს ჩამოვდივართ! და ამით ყველაფერია ნათქვამი.

მსახიობის ვაჟი, დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი "პრაიმტაიმთან" დედაზე გაკეთებულ გულწრფელ კომენტარში დასძენს, რომ ამ დღეს, სიამაყესთან ერთად, სინანულის განცდაც აქვს...

ლაშა თაბუკაშვილი: მონატრება, სევდა და თან დიდი სიამაყე მაქვს. დიდი პიროვნება იყო. დრო აბსოლუტურად იცვლის ფერს და ზნეს, როდესაც საყვარელ ადამიანზე, მშობლებზე, ძმასა თუ დაზე ან მეგობარზე საუბრობ. არა, არ შველის დრო, პირიქით, უფრო აღრმავებს და ღირსეულს ხდის მონატრებას და სევდას.

ნაკლებად ეგოისტურია, უკვე იმას კი არ ფიქრობ, მე რა დამაკლდა, არამედ ფიქრობ იმას, თუ რამხელა პიროვნება იყო. მედეა მთელი ეპოქაა. მთელი ეს ეპოქა გახსენდება, სინანულის გრძნობაც გიპყრობს, მისთვის ბოლომდე კარგი რომ არ იყავი. მუტრუკი, ხომ იცით ქართველი ბიჭები დედების მიმართ მაინცდამაინც სიფაქიზით არ გამოირჩევიან, მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელისთვის შეაკვდებიან...

ის, რაც ნორმა გეგონა, დღეს ხვდები, თუ რაოდენ დიდი შინაგანი ძალისხმევის ხარჯზე ხდებოდა. ზედაპირულად ვერ გააკეთებდა, მთლიანად ეთმობოდა თავის საქმეებს. თან მსახიობი ლამაზი ქალი ეგოისტი უნდა იყოს, არა? დედას ეგოიზმი აბსოლუტურად ატროფირებული ჰქონდა. სულ გასცემდა, გასცემდა...

- თქვენს მეხსიერებაში რომელ კინოკადრადაა დედა?

- კოტე რომ აცნობს ბიძას, ჩემი ქეთოო და მედეა რომ ამოიხედავს.

მიჭირს დედაზე რაიმე გახსენების ყურება, მონაწილეობა, მით უმეტეს. არც ინტერვიუებს ვაძლევ, იცით. მადლობა, რომ გახსოვთ მედეა ჯაფარიძე. ჯობს, წარსულის ღირსეული ადამიანები არ დავივიწყოთ.

ლეგენდარული მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის სიყვარულის ისტორია ფილმს ჰგავს. იშვიათი სილამაზის წყვილს, უცხოეთში, გულგრილად ვერც ვარსკვლავები ჩაუვლიდნენ. 

ერთხელ მედეა ჯაფარიძე და რეზო თაბუკაშვილი მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში შესულან. სანამ თავისუფალ მაგიდასთან მივიდოდნენ, მთელი დარბაზი მათკენ შემობრუნდა, ორკესტრმა დაკვრა შეწყვიტა, ჯერ აღტაცების ხმები გაისმა, მერე კი დარბაზში ერთობლივმა ტაშმა იქუხა. თითქმის ყველგან ასეთი მოწიწებითა და პატივისცემით ეგებებოდნენ ამ ლამაზ წყვილს. სადაც კი გამოჩნდებოდნენ უმალ ყველას ყურადღებას იპყრობდნენ, ორივეს საოცარი ხიბლი და მიმზიდველობა ჰქონდა. ირგვლივ სიკეთეს და სილამაზეს ასხივებდნენ.

კინომცოდნე ლელა ოჩიაური იხსენებს:

„კინემატოგრაფისტთა კავშირის მცირე დარბაზში, საზოგადოების ვიწრო წრეში, რომელიღაც ქართულის ფილმის ჩვენება იმართებოდა. ჩვენების დაწყებამდე მედეა ჯაფარიძე და რეზო თაბუკაშვილი შემოვიდნენ. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ მე და ჩემი მეგობრები ინსტინქტურად წამოვიჭერით და ტაშით შევეგებეთ მათ. მერე ჩვენი საქციელის ცოტა შეგვრცხვა, რადგან ყურადღების ცენტრში მოვექეცით და თვითონაც გაგვიკვირდა, ასე რატომ მოვიქეცით. მხოლოდ წლების გასვლის შემდეგ მივხვდით, რომ ძალას, რომელმაც ჩვენ ფეხზე წამოგვაგდო ძალიან მარტივი ახსნა აქვს და ეს ოთხ სიტყვაში გამოიხატება - სიყვარული, სილამაზე, პატივისცემა და მადლიერება. მას შემდეგ კი ბევრჯერ მიფიქრია, რომ ბევრს გავიღებდი იმისთვის, რომელიღაც კინოჩვენებაზე კვლავ გაიღოს კარი და შემოვიდნენ მედეა ჯაფარიძე და რეზო თაბუკაშვილი, ჩვენ კი შეგვეძლოს კვლავ წამოვდგეთ ფეხზე და ტაშით შევეგებოთ მათ შემობრძანებას".

ლაშა თაბუკაშვილი კი დედაზე ამ ფაქტს ჰყვება: 

"ვენეციის ფესტივალი, სადაც მე, მედეა და რეზო ტონინო გუერას წყალობით სტუმრის ვიზით ვიყავით, კუნძულ ლიდოზე იმართებოდა. ფილმები მეტ-ნაკლებად საინტერესო იყო, მაგრამ ფესტივალის შინაგანი რიტმი, ვარსკვლავების სიმრავლე და, ცოტა არ იყოს, ვაჭრულ-სნობური ატმოსფერო რაღაც მოშავო-მოთეთრო მაგიას ქმნიდა. ფოტოჟურნალისტთა კომპაქტური ჯგუფი მგლური ყმუილით ხვდებოდა სასტუმრო „ამბასადორის“ ფოიეში გამოჩენილ ყოველ ვარსკვლავს. თურმე სტილი ყოფილა ასეთი, ერთგვარი აღფრთოვანების გამოხატვისა. ეს უცნობილესი ხალხი, ყველა ვარსკვლავი საკუთარი კვადრილიით დადიოდა, ნაკლებ ყურადღებას აქცევდა ერთმანეთს, მხოლოდ ხანდახან გაოცებით შესცქეროდნენ რეზოს და მედეას. მათი ყოველი გავლა ფოტოჟურნალისტებსაც აბნევდა, ძალიან ლამაზები იყვნენ და ამავე დროს, არავინ იცნობდა. ერთხელ ბართან მჯომმა მედეამ მანიშნა, ფული გამითავდა და წვენი ამიღეო. ბარმენის დამხმარე გოგონები მოცვივდნენ და მკითხეს, რა ფილმებში თამაშობსო. შევეცადე ამეხსნა, სად არის საქართველო. მალევე დაკარგეს ჩემი ინტერესი, მხოლოდ იმას გაიძახოდნენ, რა ლამაზიაო..."

ასევე დაგაინტერესებთ:

"შეთეს და გედიას ჩხუბი ხომ გახსოვთ?! დადგმულიც იყო, მაგრამ ნამდვილადაც ვჩხუბობდით. მერე, კომპენსაციის მიზნით, სოსო საჭმელად მეპატიჟებოდა" - "ნატვრის ხეში" დაწყებული მეგობრობის ამბავი

"პეკი მეცეკვა. საოცრად ლამაზი, უძირო თვალები გაქვთო, მითხრა... გამომშვიდობებისას, მარგალიტის მძივი მაჩუქა" - გრეგორი პეკის და ლეილა აბაშიძის ისტორია

"ყველანაირად შემკობილი იყო... ჩემი სითბო და სიყვარული ჰქონოდეს იქ, სადაც მიდის, სასუფეველში..." - გია ავალიშვილი ხათუნა კოტრიკაძეს იხსენებს