დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
კახი ლაზარიშვილი ფეისბუქზე ლეილა აბაშიძესთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს. კახის 90-იან წლებში, მეორე არხზე, ოპერისა და ბალეტზე საავტორო გადაცემა ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ლეილა აბაშიძე ამ გადაცემის მაყურებელი იყო. კახის ჩაწერილ ინტერვიუში, ჩვენი კინოვარსკვლავი ტოკიოს კინოფესტივალს იხსენებს და გრეგორი პეკისთან შეხვედრაზე ჰყვება... ქართველი მსახიობის თვალებით მოხიბლული პეკი, თურმე აღფრთოვანებას ვერ მალავდა და პატივისცემის ნიშნად, მისთვის მარგალიტის მძივი უჩუქებია. ეს მარგალიტი მსახიობის განუყრელ ავგაროზად ქცეულა...
გრეგორი პეკისა და ლეილა აბაშიძის შეხვედრა, ტოკიოს მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, მაშინ პეკი ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იყო და აშშ-დან ის სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა ტოკიოში, ლეილა აბაშიძე კი მთავარ როლს ასრულებდა ლანა ღოღობერიძის „ორომტრიალში”. ფილმმა კინოფესტივალზე პრიზი მიიღო რეჟისურაში, აბაშიძით კი მსოფლიოს კინოს ლეგენდა, გრეგორი პეკი მოიხიბლა.
საკურას ტოტებით მორთულ დარბაზში გრეგორი პეკს, მის ფინალურ სიტყვაში, მოულოდნელად ასეთი რამ უთქვამს:
"ბედნიერი ვარ, რომ ამ ფესტივალის ფარგლებში, ვნახე ორი სრულიად გამაოგნებელი მსახიობის - ლია ელიავასა და ლეილა აბაშიძის არაჩვეულებრივი შესრულება და ამერიკაში სინანული იმის გამო მიმყვება, რომ ფილმმა რეჟისურისთვის მიიღო პრიზი, ეს ქალბატონები კი, ჯილდოს გარეშე დარჩნენ“.
ლეილა აბაშიძე ამ შეხვედრას ასე იგონებდა:
"გრეგორი პეკი სადაც კი დამინახავდა, ჰელოუ, გადამეხვეოდა, მკოცნიდა. ჯერ ჩვენი ფილმი ნანახიც არ ჰქონდა. მერე, როდესაც ფილმი ნახა და იცოდა ვინ ვარ, ბანკეტზე ჩემთან იცეკვა. ეს დიდი პატივი იყო. გრეგორი პეკი ყველა დროის კუმირია. ბევრი ქალი შურის თვალით მიყურებდა. კომპლიმენტი მითხრა, საოცრად ლამაზი თვალები გაქვთო. მე გაოცებისგან კიდევ უფრო გამიფართოვდა თვალები. ოო, რამოდენა, უძირო თვალები გაქვთო! მაჩუქა მარგალიტი, რომელსაც თილისმასავით ვატარებ" - ლეილა აბაშიძე.
კახი "პრაიმტაიმთან" ლეილა აბაშიძეს იგონებს.
კახი ლაზარიშვილი: არიან ადამიანები, ვისთან შეხვედრასაც ელოდები. კი ელოდები, მაგრამ არ იცი, როდის, სად ან რა ვითარებაში ნახავ. ცხადია, დაგეგმილს მოულოდნელი შეხვედრა ჯობს. ასე შევხვდი ტელევიზიის მეორე სართულზე, ალეკო დათებაშვილის ოთახთან. დათებაშვილი, ფილმების “მამასახლისი” იყო და ყველა ქართული თუ უცხოური ფილმი მასთან ინახებოდა, რაც კი ეთერში გადიოდა.
ოთახში რომ შევედი, ლეილა აბაშიძე იქ დამხვდა; იმდენად ვერ დავიჯერე მისი დანახვა, რომ თვალები მოვიფშვნიტე და როცა გავახილე, ლეილა ისევ თავის ადგილზე იჯდა. მივესალმე და მოვიკითხე. ახლოს მისვლაც ვერ გავბედე. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და იქვე სკამზე ჩამოვჯექი. რომ არ მოველოდი, უცებ მომიბრუნდა და მითხრა: მე თქვენს გადაცემებს ხშირად ვუყურებ და ძალიან მომწონს. კარგია, რომ ახალ თაობას აძლევთ საშუალებას მოუსმინოს და შეიყვაროს ოპერა და ბალეტი. მადლობის თქმა მინდოდა, მაგრამ იმ მომენტში მგონი დავმუნჯდი - ქაჯანასავით! ბოლოს კი, როგორც იქნა ამოვილუღლუღე…
იცით, როგორი თვისება ჰქონდა? არ შემოგხედავდა, არც მოგისმენდა, მხოლოდ დაგაკვირდებოდა, დააკვირდებოდა შენს მოძრაობას, მანერას და თუ რაღაც მისთვის საინტერესოს და მოსაწონს მაინც დააფიქსირებდა, მერე უკვე თავისიანად მიგიღებდა, შეგიყვარებდა, მოგენდობოდა.
არ ვიცი, რა მოეწონა ჩემში, მაგრამ მე და ლეილა იმ დღიდან ერთმანეთისთვის ძალიან ახლო მეგობრები გავხდით. გარკვეულ საკითხებშიც კი ერთმანეთს რჩევებსაც კი ვეკითხებოდით.
საოცრად განათლებული, შეიძლება ითქვას, მრავალმხრივ განათლებული, მაღალი ინტელექტის არტისტი იყო. მსგავსი ერუდიციის მქონე, მიჭირს, მის კოლეგებს შორის, მეორე გავიხსენო. ფუნდამენტალურად იყო გატაცებული: ფიზიკით, ასტრონომიით, ფილოსოფიით.
ახლა გიამბობთ, თუ როგორ დავითანხმე ინტერვიუზე. ვიცოდი, რომ ხშირად კატეგორიული წინააღმდეგი იყო გადაცემებში მონაწილეობაზე და უარს ამბობდა, რასაც ალბათ ჰქონდა მიზეზი. ვიჯექი და ვფიქრობდი, როგორ გამომეყენებინა მასთან პირისპირ შეხვედრა, მეგობრული ურთიერთობა, რომ ინტერვიუზე დამეყოლიებინა. თანაც უკვე ხომ ნათქვამი ჰქონდა, რომ ჩემს გადაცემას უყურებდა და მოსწონდა.
ზაფხული იყო, მისი დაბადების დღე ახლოვდებოდა... მეც ვისარგებლე და ვუთხარი, რომ თუ ნებას მოგვცემდა, მეორე არხის საინფორმაციო გამოშვებაში მივულოცავდით… რატომაც არაო, მითხრა. და, რამდენიმე დღეში გადაღება დავნიშნეთ.
სიუჟეტი ეთერში რომ გავიდა, დამირეკა და მადლიერება გამოხატა, მაგრამ ვიგრძენი, რომ მცირე ქრონომეტრაჟის გამო, უკმარისობის გრძნობა ჰქონდა… ამიტომ მე თვითონ შევთავაზე - ამომწურავი და ვრცელი საუბრით, მაყურებელიც, მეც და თავად ლეილაც კმაყოფილი რომ დარჩენილიყო, უნდა ჩაგვეწერა გადაცემა დიდი ქრონომეტრაჟით. და თქვენ წარმოიდგინეთ, დამთანხმდა.
ასე დაიბადა ეს გადაცემა. ლეილა კი ორმოცი წუთი საუბრობს ყველაფერზე, რაც კი ახარებდა და აწუხებდა. გადაცემა კი, მაყურებლის თხოვნით, ხუთჯერ გავიდა ეთერში და ხუთივეჯერ, საუკეთესო საეთერო დროს.
ასევე დაგაინტერესებთ:
"შეთეს და გედიას ჩხუბი ხომ გახსოვთ?! დადგმულიც იყო, მაგრამ ნამდვილადაც ვჩხუბობდით. მერე, კომპენსაციის მიზნით, სოსო საჭმელად მეპატიჟებოდა" - "ნატვრის ხეში" დაწყებული მეგობრობის ამბავი