"შეთეს და გედიას ჩხუბი ხომ გახსოვთ?! დადგმულიც იყო, მაგრამ ნამდვილადაც ვჩხუბობდით. მერე, კომპენსაციის მიზნით, სოსო საჭმელად მეპატიჟებოდა" - "ნატვრის ხეში" დაწყებული მეგობრობის ამბავი

soso

არის როლები და სახეები, რომლებიც მუდმივად რჩება როგორც თავად მსახიობის ცხოვრებაში, ისე მაყურებლის მეხსიერებაში. "ნატვრის ხის" სამივე მთავარი პერსონაჟი - მარიტა, გედია და შეთე, სწორედ ამგვარი სახეებია. ლიკაც, სოსოც და ზაზაც ბოლომდე ამ ფილმის გმირებად დარჩნენ...

სოსო ჯაჭვლიანი და ზაზა კოლელიშვილი თენგიზ აბულაძის ამ გენიალური ფილმის გადასაღებ მოედანზე დაახლოვდნენ. ზაზა 18 წლის იყო, სოსო - წელიწად-ნახევრით უმცროსი.

ერთმა ყურებამდე შეყვარებული გედიას როლი შეასრულა, მეორემ - შეთესი, რომელსაც გარიგებით რთავენ ცოლს. გლეხის ულამაზესი მარიტას გამო მათი გმირები დაუძინებელ მტრად ექცნენ ერთმანეთს.

კადრს მიღმა გაჩაღებული მეგობრობა ეკრანზე უნდა დაევიწყებინათ, ეს კი, გენიოსი რეჟისორის წყალობით, საუკეთესოდ გამოუვიდათ. ჩხუბიც ისეთი ბუნებრივი ჰქონდათ, რომ ერთმანეთს დარტყმისგან სისხლჩაქცევებს უჩენდნენ. აბა, მშრალად ვინ დაუძვრებოდა მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონ სოსო ჯაჭვლიანს. მერე, კადრს მიღმა, დაჟეჟილ "შეთეს" "გედია" საჭმელად ეპატიჟებოდა...

ზაზა კოლელიშვილი: - გადაღების დროს, მთელი წლის მანძილზე, მე და სოსო თითქმის ყოველდღე ერთად ვიყავით. ერთ ოთახში ვცხოვრობდით. ჩვენს ოთახში გადაღებების მერე სუფრა იშლებოდა და ვეპატიჟებოდით ყველას, ჩვენს ლეგენდებს - სესილია თაყაიშვილს, სოფიკო ჭიაურელს, თინა ბურბუთაშვილს, ეროსი მანჯგალაძეს, კახი კავსაძეს, კოტე დაუშვილს, რამაზ ჩხიკვაძეს, ჯემალ ღაღანიძეს, გივი ბერიკაშვილს, ყველას... ეს იყო დიდი ზეიმი და ბედნიერება. წარმოგიდგენიათ, მათთან ერთად ვახშამი რა იყო?! დაუვიწყარი რამ...

ბატონი თენგიზ აბულაძე სამ ჭიქას დალევდა და სუფრას პირველი ტოვებდა, სამუშაოდ მიდიოდა, ჩვენ კი დაგვიბარებდა - თვალები გქონდეთ კრიალაო. დიდი მსახიობები მაგალითს გვაძლევდნენ ახალგაზრდებს და ზედმეტს არც ისინი სვამდნენ. ნაბახუსევზე თვალები სულ სხვა გამომეტყველებისაა ეკრანზე, კამერა მგრძნობიარეა, შეშუპებულ თვალებს მაშინვე აფიქსირებს. ამიტომ გვარიგებდა მაესტრო.

მე წელიწად-ნახევრით ვარ სოსოზე უფროსი. წამოდიო, მითხრა და სასადილოში დამპატიჟა. იქ მოხდა ჩვენი გაცნობა. მებუფეტე ეკითხება სოსოს, რას უკვეთავთ და რამდენსო? მხოლოდ მე და სოსო ვართ. ხუთი ბიფშტექსი და ხუთი ლიმონათიო. მე ვუთხარი, არ მშია, მხოლოდ ლიმონათს დავლევ-მეთქი. მაშინ - ხუთი ლიმონათი და ოთხი ბიფშტექსიო. წარმოიდგინეთ, ოთხი ბიფშტექსი შეჭამა, გაოცებული ვუყურებდი. დღე და ღამე ვარჯიშობდა იქაც, გადაღებების პარალელურად. იმ პერიოდში სპორტულ კარიერაში წარმატება ჰქონდა. მსოფლიოს ჩემპიონი იარიკინი დაამარცხა. დიდ იმედებს ამყარებდნენ სოსოზე, მაგრამ კოჭის ტრავმის გამო ნელ-ნელა შეეშვა სპორტს და გადაერთო კინოზე. 

შეთეს და გედიას ჩხუბის ეპიზოდი ხომ გახსოვთ?! სად არ გადავიღეთ, ბოლოს ხორნაბუჯის ციხეზე ათ წუთიანი ჩხუბი გადაიღეს. მაგრამ ბოლოს 58 წამიანი მონაკვეთი დარჩა ფილმში.

წარმოიდგინეთ, რა დღე გაგვატარა თენგიზ აბულაძემ! გადაღების დროს დადგმული ჩხუბი იყო, ვიცოდით აპაჩით (დადგმული დარტყმა) მუშაობა. მაგრამ როცა მართლა მოგხვდება, მწარდები და პასუხობ. იყო მომენტები, მართლა ვარტყამდით ერთმანეთს. ერთმანეთი დავლეწეთ, ყურების უკან სულ სისხლჩაქცევები მქონდა. ყურებზე ხელს მკიდებდა და თავს მიწაზე მარტყმევინებდა. მერე, კომპენსაციის მიზნით, საჭმელად მეპატიჟებოდა.

ფარიკაობის და სასცენო მოძრაობის პედაგოგი - შოთა სხირტლაძე გვადგმევინებდა ჩხუბის კადრებს, ჩვენი უფროსი ძმაკაცი იყო. პენოპლასტის ქვები დაამზადეს, რომ ერთ სცენაში სოსოსთვის თავში ჩაერტყათ. ეს გაკეთებული ქვები ნამდვილ ქვებს შორის ეგდო და შოთას შეეშალა და ერთი დუბლის დროს, ნამდვილი ქვა ისე ჩაარტყა სოსოს, რომ თავი გაუტეხა. 

ლიკას რაც შეეხება, დასამალი არ არის, რომ ბიჭები, "ნატვრის ხის" გადაღების დროს, მასზე ვიყავით შეყვარებული. თან იცით, როგორ გვიყვარდა? მასთან ფიზიკურ სიახლოვეს საკუთარ თავსაც ვერ ვკადრებდით. იმდენად სუფთა და ხალასი იყო ლიკა, რომ მხოლოდ წრფელი სიყვარულით გვიყვარდა. ბიჭებს ერთმანეთისთვის თავ-ყბა დაგვილეწია მისი გულისთვის. ვინმე უშნოდ თუ იხუმრებდა ლიკაზე, მე ვურტყამდი, სოსოს ვაწოდებდი და მერე ის კვანძავდა და ყრიდა.

ვირზე შესმული ლიკას კადრების გადაღების დროს, როცა ტალახისგან და წვიმისგან სველდებოდა, მისი ნებით, მხოლოდ მე ამყავდა ხელში და მანქანაში ვსვამდი, რომ სიღნაღის სასტუმროში წაგვეყვანა, სადაც ერთ ნომერში ცხელ აბაზანას იღებდა, რომ არ გაცივებულიყო. ხელში აყვანილი მანქანამდე დიდხანს რომ მეტარებინა, მძღოლს ვეუბნებოდი, მანქანა შორს დააყენე, თორემ საბურავებს დაგიჭრი-მეთქი...

 "ნატვრის ხის" შემდეგ, როცა ცოლი შევირთე, სოსო ჩემი მეჯვარე და ორი შვილის ნათლია გახდა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

„საცოლე თვალწინ მოუკლეს, გოგონა გაქანებული მატარებლის ქვეშ ჩააგდეს...“ - საინტერესო ფაქტები სერგო ფარაჯანოვზე, რომელიც დღეს 100 წლის გახდებოდა

"ბუბას ირინასგან დიდი თავისუფლება ჰქონდა, რადგან მან იცოდა, რომ ბუბა უმისოდ ვერ გაძლებდა. ირინა კი ის ქალი იყო, რომელსაც ვერ მიატოვებდი“ - ლეგენდის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

"ხშირად ჰყვება ხოლმე, პალტო არ მქონდა და გიორგიმ, თავისი პირველი ხელფასით მიყიდაო. ერთმანეთს უვლიდნენ..." - კირა ანდრონიკაშვილი ელდარ შენგელაიაზე