დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ასმათ ტყაბლაძემ თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების შემდეგ, სოციალურ ქსელში, გამოაქვეყნა ფოტოები სპექტაკლიდან "თვალი პატიოსანი", სადაც მსახიობები პარტნიორები იყვნენ.
"გურამ ფანჯიკიძის საინტერესო პიესაა, სპექტაკლიც კარგი გამოვიდა. არც ჩვენ ვიყავით ცუდები" - ამბობს "პრაიმტაიმთან" მსახიობი და იხსენებს კოლეგასა და უფროს მეგობარს, რომელიც 31 ოქტომბერს უკანასკნელ გზაზე გააცილეს.
ასმათ ტყაბლაძე: თენგიზი არაჩვეულებრივი პარტნიორი იყო. იმ დროს ძალზე პოპულარულები გახლდით. სპექტაკლს მაყურებელი არ აკლდა; სავსე დარბაზები, კარგი სამსახიობო ანსამბლი... მე ძალიან ახალგაზრდა, 29-30 წლის ვიქნებოდი. თენგიზი ნახევრად იუმორში მეუბნებოდა, ნახე, როგორ უყვარს ეს სპექტაკლი მაყურებელსო.
თავისი ქვეყანა უყვარდა უზომოდ. საქართველოზე სიგიჟემდე იყო შეყვარებული. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფია და ისტორია იცოდა საუცხოოდ. ეტყობა, ისეთ გარემოში იზრდებოდა, სადაც ასე აყვარებდნენ სამშობლოს. თითოეულ მთაზე, ქედზე, მდინარეზე შეეძლო ელაპარაკა. ბევრ განათლებულ ადამიანს ვიცნობდი, მაგრამ თავის ქვეყანაზე ასე შეყვარებულს და ყველა კუთხე-კუნჭულის ასე ძირფესვიანად მცოდნეს, არასდროს შევხვედრივარ.
ხშირად დავდიოდით გასტროლებზე ავტობუსით და გზადაგზა გვიხსნიდა ადგილების ისტორიას. მთებზე გიჟდებოდა, დადიოდა ლაშქრობებში - ხევსურეთში, თუშეთში. უყვარდა ბუნება და იცოდა ქვეყნის ისტორია გადასარევად. სულ წიგნებში იყო. შესანიშნავად ფლობდა რუსულ ენას.
ფიზიკურად ხომ არაჩვეულებრივი გარეგნობის იყო, მაგრამ ამით არასდროს უსარგებლია. საერთოდ, ძალიან ღირსეული კაცი იყო და ხელოვნური სარგებელი არაფერში უნახავს, არ უხმაურია, არაფერი მოუთხოვია. სხვები რომ იქით ითხოვდნენ როლებს, თენგიზს არასდროს უთხოვია - აქ მათამაშეთ, იქ მათამაშეთო. გამორიცხული იყო. თავმოყვარე იყო, პატივმოყვარე - არა. თეატრის ინტრიგის მსგავსი რამ, მის ბიოგრაფიაში, არ ყოფილა. ან რაში სჭირდებოდა, გადასარევი მსახიობი იყო, შესანიშნავი გარეგნობით და ინტელექტით. მისი ინტელექტი მის თამაშში კარგად ჩანდა.
უყვარდა ქართულ-ხალხური სიმღერები, საგალობლები. კარგი ხმითაც იყო დაჯილდოებული. რაჭაზე იყო შეყვარებული. ძალიან კარგად ხატავდა.
სხვათა შორის, თენგიზი სოფიკო ჭიაურელის ნათლია იყო. მიხეილ ჭიაურელი რომ გარდაიცვალა, სოფიკო, 37 წლის ასაკში არ იყო მონათლული და სასწრაფოდ მოინათლა. ნათლიებად მსახიობები - ნათელა მიქელაძე და თენგიზ არჩვაძე აირჩია. ნათლობა სიონში ჩატარდა. ვიყავით მე, ნანი ბრეგვაძე, მზია მახვილაძე, სოფიკო და ნათლიები... მახსოვს, ტაძრის მსახურები, მრევლი ჩვენ შემოგვყურებდნენ.
ერთი პატარა ამბავი გამახსენდა: სპექტაკლის შემდეგ, თეატრიდან სახლში, ვაკეში მივდიოდით, რომ უცებ, ქუჩაში რაღაც უსიამოვნო სიტუაციას გადავეყარეთ. მამაკაცი ქალს უხეშად ესაუბრებოდა. დამაინტერესა, თენგიზი რას იზამდა. ჩხუბს გულგრილად კი არ აუქცია გვერდი, მივიდა და სიტყვით, მშვიდად, ისე ლამაზად ჩაერია და გაანეიტრალა დაძაბული სიტუაცია, რომ იქიდანაც კი ღირსეული წამოვიდა.
აცხონოს უფალმა... ნამდვილად კარგი და ღირსეული კაცი იყო...
ასევე დაგაინტერესებთ:
„რაც მე ვერ შევძელი, ის მოახერხა თენგიზმა...“ - რას ამბობდა გოდერძი ჩოხელი თენგიზ არჩვაძეზე