1732172400
EXCLUSIVE: „ჩემი ისტორიის სხვა ნაწილის შექმნისთვის სამი შანსი მქონდა და ვერ გამოვიყენე“- ნონა გაფრინდაშვილი
ჭადრაკის თამაში, 5 წლიდან დაიწყო. შემდგომში, მის დაოსტატებაზე ზრუნავდნენ ვახტანგ ქარსელაძე და მიხეილ შიშოვი.
15 წლისა პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. არის სსრ კავშირის ხუთგზის (1964,1974,1981,1983 და 1985) ჩემპიონი.
მსოფლიო ლეგენდა, ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი იუბილარია. 81 წლის ჭადრაკის დედოფალი, „პრაიმტაიმს“ მის წარმატებაზე და პირად ცხოვრებაზე ესაუბრება:
წლების მატებას, რატომღაც არ ვაქცევ ყურადღებას. არ ვაპირებდი დაბადების დღის აღნიშვნას, მაგრამ მაიძულებენ (იცინის).
ადრე არავის აინტერესებდა იხდიდი თუ არა, სულ ცოტა 30 კაცი მაინც დამადგებოდა-ხოლმე თავზე. ამის მერე, სანამ დამოუკიდებელი ქვეყანა გახდით, ქვეყანაში სიტუაცია აირია, სულ ბრძოლებში ვიყავით და იუბილეს აღნიშვნა, არანაირ სიამოვნებას მანიჭებდა.
მაგრამ დღეს, ჭადრაკის სასახლიდან დამირეკეს და თასის გადაცემა მთხოვეს.
- ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებთ, რომ ყველაფერი, რაც მოსაგები იყო, მოიგეთ....
ადამიანმა, თავისი ნიჭი, არ უნდა „გაანიავოს“, საბედნიეროდ, საქართველოში მოჭადრაკეები, ასეც მოვიქეცით. ჩემ ცხოვრებაში, მართლა ისე მოხდა, რომ ყველაფერი მოგებული მაქვს.
ის მიღწევები, რაც მქონდა, ჩემი სიამაყეა. ჭადრაკმა, ჩემი სახე შექმნა. როცა მეკითხებოდნენ, გულწრფელად ვამბობდი, რომ ჩვენი მთავარი სიამაყე, ხალხის სიყვარული იყო.
დღესაც, ტელეფონზე ზარი არ გაჩერებულა. ყველაზე მშვიდად მე ვუყურებ ამ ფაქტს. არ მინდა რომ აღვნიშნო დაბადების დღე, მაგრამ იმდენად ბევრი ადამიანი იჩენს ჩემ მიმართ ყურადღებას, სითბოსა და სიყვარულს, რომ სხვა გზა არ მრჩება.
- წარმოუდგენელია, რომ საზოგადოების მხრიდან ასეთი სიყვარული სტიმულს არ გაძლევდეთ...
რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. ეს ჩემი სამყაროა, პანდემია რომ არა, კიდევ გავაგრძელებდი თამაშს. სანამ გონება მიჭრის და გადაადგილების საშუალება მაქვს, ასე გავაგრძელებ ჩემ ცხოვრებას.
ჭადრაკის თამაში, ენერგიას მმატებს და უდიდეს სტიმულს მაძლევს, რომ ვიცოცხლო, ვიგრძნო, რომ კარგად ვარ. სანამ ეს გრძნობა მექნება, ასე ვიქნებით მე და ჭადრაკი ერთმანეთთან.
- ყველაზე მეტად, რაზე გწყდებათ გული?
გულის დაწყვეტას თუ დავარქმევთ, ჩემი ისტორიის სხვა ნაწილის შექმნისთვის, სამი შანსი მქონდა და ვერ გამოვიყენე.
ერთი, როცა ვითამაშე კაცების ტურნირში (ვეტერანების), იტალიაში იყო ტურნირი, სადაც მარტო მე ვიყავი ქალი. ვიგებდი ტურნირს, მაგრამ სრულიად შემთხვევით სხვამ გაიმარჯვა და გული დამწყდა. ყველა ჩემი თაყვანისმცემელი იყო.
იმდენად კარგად გამოვდიოდი ტურნირებში, პირველი ოსკარი მე მხვდა წილად. 1978 წელს როცა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დავთმე და მას მერე ორჯერ, მოგებასთან ახლოს ვიყავი.
ეს ორი ტურიც რომ მომეგო, ჩემი ისტორიის ერთ-ერთი ნაწილი გახდებოდა, რაღაც არ მეყო, ალბათ ნერვები, ან კონცენტრაცია და გავაფუჭე ეს თამაშები.
მაგრამ არაფერს ვნანობ ცხოვრებაში, თითქმის ყველაფერი მოვიპოვე, რისი მოპოვებაც შეიძლებოდა, რაც მთავარია ხალხის სიყვარული.
- რა მიზნები გაქვთ დასახული სამომავლოდ...
თუ მიზანს დავარქმევ, სანამ გონება მიჭრის, ვეტერანების ტურნირში, ყოველთვის მივიღებ მონაწილეობას. თამაშის დროს, დადებით ემოციებს ვიღებ, ეს ჩემთვის დასვენებაა, ჩემი სამყაროა. იქ ეროვნება არ არსებობს, ერთმანეთის მიმართ, ყველა პატივისცემით ვართ განწყობილი.
- ოჯახზე მოგვიყევით...
ორი შვილიშვილი მყავს, მინდა, რომ მშვიდობიან ქვეყანაში იცხოვრონ. ძალიან ცუდ დროს მოუწიათ ცხოვრება, ჯერ პანდემია, ახლა რუსეთ-უკრაინის ომი.
ჩემ ახალგაზრდობაში, სულ მესმოდა უფროსებისგან, რომ გურულები, პირველ სადღეგრძელოს მშვიდობას სვამდნენ.
დღეს უკვე, ქორწილიც კი მშვიდობის სადღეგრძელოთი იწყება. რა ჭკვიანები ყოფილან გურულები. დღეს, თუ რამე გინდა უსურვო ადამიანს, მშვიდობა და ჯანმრთელობაა.
- გასულ წელს, უმსხვილეს სტრიმინგს, „ნეტფლიქსს“, სერიალში „ლაზიერის გამბიტი“ სიცრუის გაჟღერებისთვის სასამართლოში უჩივლეთ და კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვდით - რა ეტაპზეა სასამართლო დავა...
პირველი სასამართლო, ცოტა გაიწელა, ჩვენი სარჩელი უნდა მიეღოთ. რადგან მოწინააღმდეგე მხარე ამბობდა, რომ ეს არის თავისუფალი სიტყვა, მაგრამ სასამართლომ ჩვენი მხარე დაიჭირა.
ამერიკაში, წესი ყოფილა, მედიატორს, სასამართლო თვითონ ნიშნავს, რომელიც ორივე მხარეს, ერთმანეთში მოლაპარაკებას გთავაზობს.
დღეს ეს პროცესია, ჯერ მათ უმაღლეს სასამართლოში საპროცესო არ აქვთ შეტანილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ შეიტანონ, ყველა ვარიანტში წააგებენ.
სასამართლომ ჩემი მხარე დაიჭირა, ჩათვალა, რომ ისინი არასწორად მოიქცნენ. ველოდები, რომ მოწინააღმდეგე მხარე, ამას გაასაჩივრებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ასეც იქნება.
როგორც ვიცი, მოლაპარაკებაზე მოდიან. თუ ასე მოხდა, ჩვენ შორის მოხდება შეთანხმება, თუ არა, უმაღლეს სასამართლოს გადაუგზავნიან, რაც სავარაუდოდ, დიდ ხანს გაგრძელდება.
- რას მიმართავდით საქართველოს და ქართველ ერს...
მინდა, ისეთი დონის ქვეყანა გახდეს, ნებისმიერ ეროვნების ადამიანს, ვისაც საქართველოში ცხოვრება მოუნდება, მისთვის საქართველოს მოქალაქეობა, დიდი პატივი იყოს.
იყოს მშვიდობა და ახალგაზრდებს მინდა ვუსურვო, ბევრი სახელოვანი ადამიანი წარმოჩენილიყო საქართველოში და საკუთარი ქვეყნისთვის, სახელი და წარმატება მოეტანოს.