გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
კომპოზიტორი ნატო გელაშვილი იუბილარია. ყველასათვის საყვარელ მუსიკოსს და მომღერალს დღეს 50 წლის იუბილე აქვს
„მე დღეს დავიბადე...ჩემს აპრილთან ერთად - 50 ვარდი....ჭოხოებისგან.“- წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში და ვაჟთან, ლუკა ჭოხონელიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს:
იუბილარი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში, საზოგადოებას, ცხოვრების მარტივ ხერხს სთავაზობს - სიყვარულით ვიცხოვროთ, რაც ბუმერანგივით უკან დაგვიბრუნდება:
უდიდესი, „გაფრენილი“ რომანტიკოსი ვარ, ვგიჟდები აპრილზე. არა იმიტომ, რომ მე დავიბადე - მადლიანი, დალოცვილი, სიყვარულის თვეა, დაწყებული იმით, რომ უმეტეს შემთხვევაში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული უწევს.
დღეს რომ მკითხონ, რომელ თვეში ინატრებდი დაბადებასო, ვეტყოდი, ნეტა აპრილში გავჩენილიყავი-მეთქი. ამაში, მართლა ძალიან გამიმართლა, რადგან განსაკუთრებით მიყვარს აღდგომის დღესასწაული და ყველაფერი, რაც ამ დღესთან არის დაკავშირებული.
ალბათ უფლის საჩუქარია, რომ აპრილში დავიბადე. ძალიან დიდი პატივს ვცემ ამ თვეს, თავის კვირტებით, ბუნებით, სიცოცხლით. ჩემი გადმოსახედიდან, გაზაფხული, თითქოს აპრილიდან იწყება.
- აქედან გამომდინარე, გიყვართ ეს დღე, დღე როცა დაიბადეთ....
ჩემ დაბადების დღეზე მეტად, აპრილი მიყვარს. გარკვეულ ასაკამდე, ალბათ უფრო მიყვარდა ჩემი დაბადების დღე, როცა აპრილი მოდის, უფრო მეტად, აღდგომას ველოდები.
ჩემში დიდი გარდატეხა მოხდა, უკვე იმ ასაკში ვარ, რომ ჩემი ყველაზე დიდი მოლოდინი, აღდგომასთან ასოცირდება.
- აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული თითქმის ყოველთვის აპრილის თვეშია...
ძალიან ხშირად ემთხვევა, ბევრჯერ ყოფილა, რომ ჩემი დაბადების დღე, წითელ პარასკევს დაემთხვა, ახლაც მძიმე კვირაშია და ყველა გაფრთხილებული მყავს, რომ არ ვაპირებ აღნიშვნას.
ეს არის უმძიმესი კვირა ყველა ქრისტიანის და მართლმადიდებლისთვის. ჩემი დაბადებაც, თუ ზოგადად, ჩემი ყოველდღიური დღის გათენება, უფალზეა დამოკიდებული და ამიტომ ვთვლი, რომ დღევანდელ დღეს ტაძარში უნდა ვიყო.
მადლობა მინდა ვუთხრა უფალს, რომ სიცოცხლე მაჩუქა და ყოველ დღე მჩუქნის. მადლობა იმისთვის, რომ მასთან ახლოს - აღდგომის დღესთან ახლოს დავიბადე.
- სიმღერა - „თეთრ კლავიშებს“, რომელიც ძალიან უყვარს საზოგადოების უმეტეს ნაწილს, თქვენი შესრულებით, ვერ მოვიძიე...
ამ სიმღერას არ ვმღერი და არც არასდროს მიმღერია. რადგან ჩემი ტონალობა არ არის, ძალიან მაღალი დიაპაზონია, არ არის ჩემი შესასრულებელი.
როცა დავწერე, მხოლოდ მაშინ ვმღეროდი. ამ სიმღერის უამრავი ვერსია არსებობს, გიგა აბესაძე, აჩიკო ბერიძე და კიდევ ბევრი სხვა მომღერალი, არაჩვეულებრივად ასრულებს.
შარშან უკრაინელებმა შეასრულეს, რომელსაც „სიყვარულის საგალობელი“ დავარქვი, მართლაც სასწაული იყო. ასე, რომ ნატოს გარდა, ყველას მოძებნი, ვინც ამ სიმღერას ასრულებს.
- რომელს გამოარჩევდით თქვენი სიმღერებიდან?
ვერ გეტყვით, რომ რომელიმეს გამოვარჩევდი, მაგრამ სიმღერას „მე მზეს ვატან“, ძალიან ხშირად ვმღერი, განსაკუთრებით, როცა მარტო ვარ, რადგან ჩემ ყოფასთან, ახლანდელ მდგომარეობასთან ახლოს არის, ძალიან შეეფერება და როცა სევდა მომაწვება, ამ სიმღერას ვღიღინებ.
- სიმღერა, რომელიც ბოლოს დაწერეთ?
„ვბერდებით“ - ეს არის ჩემი ბოლო დაწერილი სიმღერა, სანამ ჩემ პირად ცხოვრებაში ტრაგედია დაიწყებოდა, მაშინ დავწერე. ამის შემდეგ, დაახლოებით 7 წელი, მუსიკას არ გავკარებივარ.
- თქვენი კრებულის გამოშვებას გეგმავთ - „ვი-ნატოვე“ - საზოგადოების დიდი ნაწილიც დამეთანხმება , რომ მართლაც „ი-ნატოვეთ“ ...
„ვი-ნატოვე“ - ჩემი ლექსიდან არის ამოღებული, მკითხველი როცა ამ კრებულს წაიკითხავს, მიხვდება რას ნიშნავს. მე მხოლოდ 10 წუთი „ვი-ნატოვე“, 10 წუთი მიგატოვე, ანუ 10 წუთზეა საუბარი.
სწორედ, ეს არის ამ სათაურის ინტრიგა, რომ არასდროს მიგატოვებ, მხოლოდ 10 წუთს ვრჩები ზოგჯერ ჩემ თავთან მარტო, მაგრამ მკითხველი თავად ამოხსნის, რატომ დაერქვა ეს სათაური.
სავარაუდოდ, ყველა ადამიანი საკუთარ აზრს დააფიქსირებს. პანდემიის გამო შეფერხდა წიგნის გამოცემა, ჯერ აკინძვის პროცესშია, მაგრამ იმედია მალე ნახავს „დღის სინათლეს“.
- თქვენ უნიჭიერეს ვაჟებთან ერთად მონაწილეობთ ახალ პროექტში - „მიმღერე“...
ჩემი არც ერთი შვილი, პროფესიონალი მომღერალი არ არის, მაგრამ გულით მღერიან - გული, ყველაზე მთავარია, ხმას ყოველთვის ეშველება.
მთავარია, რასაც მღერი, გრძნობდე. ჯერ მაინც „პატარები“ არიან, ნელ-ნელა გაიზრდებიან და ვფიქრობ, იქნებ შეძლონ, რაიმე ღირებული დაუტოვონ ამ ქვეყანას.
- რას მიმართავთ საზოგადოებას...
ვეტყოდი, რომ ყველა მიყვარს. ზოგადად, ადამიანები მიყვარს. ერთადერთ რამეს მივხვდი - სიყვარული გადაარჩენს ყველაფერს. სიყვარული ბუმერანგივით ბრუნდება.
ბევრი სიყვარული გასცენ, ამას საკუთარ მაგალითზე დაყრდნობით ვამბობ. მარტო იმისთვის ღირს ცხოვრება, უცნობი ადამიანი ქუჩაში რომ გაჩერებთ, ჩაგეხუტება და გლოცავთ.
სიყვარულით ვიცხოვროთ, ყველაზე მარტივია. გვიჭირს, თუ გვილხინს, იმდენად გვაძლიერებს, რომ ყველაფერს აიტან.
ჩემი ქვეყანა, ჩემი მსმენელი, ხალხი მიყვარს, საერთოდ სიყვარული მიყვარს. ღვთის ნებაა ყველაფერი, უფალი თუ ისურვებს, აუცილებლად დავწერ კიდევ, თუ არა, რაც დავწერე, ეგ არის!
იხ. ვიდეო: - ტექსტის და მუსიკის ავტორი ნატო გელაშვილი - „ვბერდებით“