ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
მიშა გომიაშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა. ადრე წავიდა, 61 წლის ასაკში, გულმა უღალატა... მსახიობი ბოლო პერიოდში თავს სუსტად გრძნობდა. როგორც თავად გვითხრა, ბევრს ვეწევი, ხშირად ვიღლებიო.
სადაც არ უნდა გენახათ, თავს ადვილად გამახსოვრებდათ; ბოლო სახე ტელესერიალ - "სეანსში" შექმნა. სულ ერთ სერიაში გამოჩნდა, მაგრამ ისე გაავსო კადრი და სერიალი, გეგონებოდა რამდენიმე სერიაში მონაწილეობდა...
"ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და ამას სწორედ მაშინ მივხვდი, როდესაც ის აღარ არის; მე და ზურა ყიფშიძე შეხვედრისას სულ ვიხსენებთ მიშას და მასთან დაკავშირებულ ამბებს; ორივე ვხვდებით, რომ ძალიან გვენატრება და ვხვდებით, რომ ძალიან ადრე იყო მისი ამ ქვეყნიდან წასვლა" - "პრაიმტაიმთან" მეგობარსა და კოლეგას ალეკო მახარობლიშვილი იხსენებს;
პანდემიის დროს ასეთი სატელეფონო ინტერვიუ მოგვცა.
მიშა გომიაშვილი: - ასაკი მხოლოდ ანკეტების შევსების დროს მახსენდება. მარტო რომ ვარ ოთახში, უცებ რაღაც ისეთ სიშტერეს ვიზამ, მერე გამახსენდება ასაკი, სირცხვილია-მეთქი და ვამუხრუჭებ. ეტყობა, გული არ ბერდება.
პატარა ბიჭი აღარ ვარ, მოწევას თავისი მიაქვს. ბევრს ვეწევი. ფიზიკურად მალე ვიღლები. სამაგიეროდ, დავდინჯდი, გამოცდილება მომემატა. ვიცვლები. არ ვარ ჯიუტი კაცი, რაკი ერთხელ ვთქვი, სულ იმ აზრზე დავრჩე. როცა ვხვდები, აღარ ვარ მართალი, ვიცვლი პოზიციას.
– და სიყვარულშიც დიდი გამოცდილება გაქვთ…
– როგორც ყველა მამაკაცს, არაფერი განსაკუთრებული. ვისთანაც მიცხოვრია და პატარა პერიოდი გამიტარებია, ყველას ცოლი დაარქვეს. ჭორაობის დონეა. მე კიდე მეზარება დავჯდე და ავხსნა.
ამდენი ხანი, რაც მე და ქეთი ერთად ვცხოვრობთ, არავისთან არ მიცხოვრია. 11 წელია ერთად ვართ, ჯვარიც დავიწერეთ. ტფუ, ტფუ (ხეზე დააკაკუნა)…
მართლა გეუბნებით, ჩემი გაძლება იოლი არ არის. მძიმე ხასიათი მაქვს. მაგრამ ჩვენ ერთმანეთს შევეწყეთ და ეს ქეთის დამსახურებაა. ისეთი კომფორტი შემიქმნა, რომ მეტი არ შეიძლება. ეს მომწონს ამ ქალში…
მებაღე რომ “სეკატორით” კრეჭს ბუჩქებს, აიღო და ისე გადაგვფცქვნა ამ პანდემიამ. ყველა, მილიარდერი თუ ჩვეულებრივი მოკვდავი, ერთსა და იმავე მდგომარეობაში ჩააგდო. მიგვახვედრა, რომ სიმდიდრე და ქონება, არაფერიც არ არის. მაიბახით ივლი, თუ ველოსიპედით, მნიშვნელობა აღარ აქვს. ბევრი ფული არავის აძლევს იმის უფლებას, რომ სხვას ზევიდან უყუროს.
ძვირად ღირებული საათი, კარგი მანქანა თუ ვილა, ეს ყველაფერი ფურთხის ღირსი აღმოჩნდა…
მეტად უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. ეს მთავარია ამქვეყნად. ამაზე სულ ვფიქრობდი, მაგრამ ახლა უფრო მეტად დაფიქრების საშუალება მოგვეცა.
ეს ყველაფერი უფლისგან მოდის, რომელმაც ბოლო შანსი მოგვცა. ქრისტიანებს უნდა გვახსოვდეს ერთმანეთის პატივისცემა და ერთმანეთის გვერდში დგომა. მერე ყველაფერი დალაგდება თავისით.
ალეკო მახარობლიშვილი: ნელ-ნელა ვეგუები იმ აზრს, რომ მიშა აღარ არის, თუმცა ძალიან მიჭირს მიშას გარეშე ცხოვრება; მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვკამათობდით, ბევრს ვბუტიაობდით, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი; ვერ ვპატიობდით პატარ-პატარა შეცდომებს და გადაცდომებს;
დღე და ღამე ერთად ვიყავით, განსაკუთრებით გადაღების პერიოდში, "ყავას და ლუდის" დროს, დღე და ღამე ერთად ვიყავით, ერთად გვეძინა კიდეც, წასვლას რომ ვერ ვასწრებდით; ადვილად ასატანი ტიპი იყო, მე უფრო რთული ხასიათი მაქვს, ვიდრე მიშას ჰქონდა; რაღაცებს ვერ ვეგუებოდით ერთმანეთისას, მაგრამ მაინც ერთად ვიყავით;
ერთად მუშაობა არ გვიჭირდა, თავს კარგად ვგრძნობდით და ერთი გამოხედვით ზეპირად ვიცოდით და ვხვდებოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა;
ასევე დაგაინტერესებთ: