ირანის, ბელარუსის, რუსეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის 45 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
1728022992
მამა გაბრიელი თავის სულიერ შვილებს დღენიადაგ ასწავლიდა, არიგებდა, სიყვარულის მარცვლებს უთესდა გულში. ეუბნებოდა, რომ თუ იესოს ლოცვას, დღეში სამჯერ, 40-ჯერ იტყოდნენ, დიდ სულიერ ძალას დაეუფლებოდნენ.
ღვთაებრივი მადლით განბრძნობილი მამა გაბრიელი ხშირად სალოსობდა. მღეროდა, ცეკვავდა, სულიერ სპექტაკლებს დგამდა. ქადაგებდა ნებისმიერ ადგილას - იქნებოდა ეს ეკლესია, ქუჩა, ოპერა თუ სხვა... ამ ქადაგებასა და სალოსობაში ხშირად ბოლო ძალებს ხარჯავდა, ოღონდ ხალხს უფალი ედიდებინა.
ჩემგან კარგი ოპერის მომღერალი დადგებოდაო, ამბობდა. სულიერი შვილების მიერ მიყვანილი ადამიანების წინ სალოსობდა, მათ რომ არ ეფიქრათ, ეს ბერი ნამდვილად წმინდანიაო.
დაგვლანძღავდა ყველას, ჰყვებიან სულიერი შვილები. გეგონებოდათ, დაამთავრა მონასტერში ურთიერთობა, აღარ დაბრუნდება, წავა და ქუჩაში აღესრულებაო. ზუსტად ნახევარ საათში უკან ისეთი სითბოთი ბრუნდებოდა, ეს სიყვარული გადმოგედებოდათ მისგან.
მისი ქადაგებისას ფიქრებით სხვაგან წასულს დაუძახებდა. და როდესაც პასუხს გასცემდნენ, კარგია თუ აქა ხარო... გრძნობდა ფიქრით როდის გადიოდი მისი არეალიდან.
მე უფალმა სიყვარულზე საქადაგებლად გამომგზავნა. შეუძლებელი იყო მისი გულიდან სინათლის მსგავსად ამომავალი სიყვარული არ გეგრძნოთ.
ქეთევან ბექაური: პირველად შევხედე თუ არა, უკვე მიყვარდა და მეშინოდა. ეს განცდა ღვთისგან მომეცა.
არაფერს გთხოვდა, გეხვეწებოდა და ისიც ცრემლებით. არასოდეს არ მიატოვო ღმერთიო. თვითონ გულით ატარა ჯვარცმული მაცხოვარი. შენც გიცოცხლებდა ამ ღმერთს. რაც არ უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში ღმერთი არასოდეს არ მიატოვო და მისი იმედი არასოდეს არ დაკარგოო, ამბობდა.
თავისის ხელით აშენებულ ტაძარში ჩარჩოში ჰქონდა ჩასმული იესოს ლოცვა. გვეტყოდა ხოლმე; წრფელი გულით წარმოსთქვი ეს ლოცვა 40-ჯერ დილით, შუადღეს და საღამოს და დიდ სულიერ ძალას მიიღებო.
თავი არასდროს იმართლო, თავი დაიმდაბლეო, მეტყოდა.
ჯოჯოხეთი უნდა გაიარო. თუ ჯოჯოხეთი არ გაიარე, სასუფეველს როგორ დაიმკვიდრებ. შეიძლება ყველას შეყვარება ვერ შეძლო, მაგრამ ცუდი მაინც არავისთვის არ უნდა გინდოდესო.
შეინანეთო, გვეუბნებოდა. სინანულით განიწმინდება და გადარჩება ადამიანიო. უფალი ერთ კითხვას დაგისვამს, რატომ არ შეინანეო?
გულში გავიფიქრე, რა მაგარია მამა გაბრიელი-მეთქი. მომიბრუნდა და მითხრა, ქალო, საიდან ვარ მაგარი, ღმერთს შეუძლია წამის მეათასედში სული ამომხადოს. აბა, დაფიქრდი, მაგარი ვარო? გახსოვდეს, არავინ არაფერი არ არის, ყველაფერი ღმერთიაო.
ქრისტეს ეკლიანი გვირგვინი ჰქონდა გაკეთებული, ხშირად თავზე იდებდა კარგად რომ შეეგრძნო ჯვარზე გაკრული მაცხოვრის ტკივილები.
რწმენას ვერავინ გასწავლის, რწმენას მხოლოდ შენი ცხოვრება გასწავლისო.
ჯვარცმული მაცხოვრის და ჯოჯოხეთის ხსოვნა სულ ყოველ წუთს ჰქონდა.
რა ბილიკზე დადგები, გზაც ისეთი გექნება. შენივე ენით განიკითხები და შენივე ენით გამართლდებიო.
ცხონება ასე ადვილი რომ ყოფილიყო, წმინდა ქეთევან დედოფალს ან წმინდა გიორგის ასეთ წამებას მოუვლენდა ღმერთი? სასუფეველი იძულებისო, იტყოდა.
მე განრისხებული მამა გაბრიელს ვერ ვუძლებდი და ქრისტეს მეორედ მოსვლას როგორ გავუძლებთ? ამაზე საერთოდ არ ვფიქრობთ, თითქოს ჩვენ არ გვეხება, გვერდს ვუვლით ამ თემას.
ბოლო ჟამს იმდენი ფსიქიკურად შეურაცხადი ადამიანი იქნება, მღვდელი არ იქნება იმდენი, რომ შეულოცოსო.
მადლობის თქმა ასე იცოდა - ათასი მადლობა ღმერთს, ხუთასი - შენ. მადლობის მადლობა, დაოო.
მამა არჩილ მინდიაშვილი: როცა ადამიანს რისხავდა, ის ნატრობდა, ოღონდ მიწას ჩაეტანა და მამა გაბრიელის რისხვის საგანი არ ყოფილიყო. რადგან მის სიტყვას ხელმწიფება ახლდა, სახარებისეული ენით რომ ვთქვათ.
მამა გაბრიელი იმდენად დიდი წმინდანია, რომ ყველაზე ხშირად ჩამოდის დედამიწაზე ნაკლებ მორწმუნეთა, განსაცდელში მყოფთა შეწევნისა და დახმარებისათვის.