Exclusive: „ზესტაფონი თეატრალური ქალაქია, დიდი სერგოს და უშანგის შემდეგ, ეს ტრადიცია, არ შენელებულა...“ - რეჟისორი ზურაბ აბესაძე

ზესტაფონის ახალგაზრდული თეატრ-სტუდიის  „მართვე" ხელმძღვანელი ზურაბ აბესაძე

„თეატრი ჩემთვის სხვა სამყაროა... დავდივარ და ალბათ სხვაგან ვერ წარმომიდგენია. რენე აბესაძე მამაა ჩემი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, რამაც განაპირობა მთელი ჩემი ცხოვრების შეცვლა... ძალიან მიყვარს ჩემი ზესტაფონის მაყურებელი, ვინატრებდი, რომ ბოლომდე მყავდეს“...- ზურაბ აბესაძე.

რეჟისორმა ზურაბ აბესაძემ, რამდენიმე წლის წინ, ზესტაფონის ახალგაზრდული თეატრ - სტუდია ჩამოაყალიბა, სადაც 13-14 წლიდან, ყველა მოსწავლეს შეუძლია სწავლა. მსახიობი „პრაიმტაიმს“ მისი შექმნის ისტორიაზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრება:

ახალგაზრდული თეატრ - სტუდია „მართვე", 80 -იან წლებში, მამამ, რენე აბესაძემ ჩამოაყალიბა, დაახლოებით 3 წელია, რაც ამ სტუდიას ვხელმძღვანელობ. სახელი იგივე დავტოვე, არ შემიცვლია.

სამწუხაროდ, მამა, 2011 წელს საკუთარ კაბინეტში გარდაიცვალა. თეატრში იმყოფებოდა, როცა ცუდად გახდა, თრომბი განუვითარდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა

 „მართვეს“ აღდგენის იდეა, ძირითადად, რენეს ახლო მეგობრის, ზესტაფონის კულტურის და  შემოქმედების ცენტრის ხელმძღვანელ,  ბ-ნ ომარ გველესიანს ეკუთვნის. მან თავად შემომთავაზა, შეგვექმნა ახალგაზრდული სტუდია, რომელიც რენე აბესაძის სახელობის იქნებოდა. რა თქმა უნდა, საკრებულოზე გაიტანეს და დაამტკიცეს. რადგან მამას ჩამოყალიბებული სტუდიაა, ამიტომ მისი სახელობისაა.

უკვე მესამე წელია, რაც სპექტაკლებზე აქტიურად ვმუშაობთ, სტუდიაში დაახლოებით, ისეთივე სწავლება მიმდინარეობს, როგორც თეატრალურ უნივერსიტეტში - მეტყველება, სამსახიობო ოსტატობა, სასცენო მოძრაობები. ძალიან ბევრი ბავშვი დაინტერესდა და ჩვენ სტუდიას მიმართა, რაც ძალიან სასიხარულოა, რადგან მეტად დაკავდებიან.

- რა ასაკიდან იღებთ ბავშვებს?

მეშვიდე კლასიდან ზევით, ყველა ბავშვს შეუძლია სწავლა, რა თქმა უნდა, ყველა პროფესიონალი მსახიობი ვერ გამოვა, მაგრამ კუთხურ კილოს მოიხსნიან, ლიტერატურული საუბარი და ნორმალური მეტყველება ჩამოუყალიბდებათ.

შეიძლება სპექტაკლში არც დაკავდნენ, მაგრამ ბევრ რამეს სწავლობენ, ზოგი მსახიობობაზე ფიქრობს, ნაწილი სხვა პროფილით აგრძელებს სწავლას.

- იყვნენ მსურველები, ვინც თეატრალურ უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა?

წელს, ჩვენმა რამდენიმე მოსწავლემ ჩააბარა თეატრალურ უნივერსიტეტში: გიორგი სირბილაძემ - სამსახიობო ფაკულტეტზე, მერაბ ზუზაძემ - თეატროლოგიაზე, მარიამ კვეტენაძემ კი, ხელოვნებათმცოდნეობაზე.

ბევრი ბავშვია, რომლებსაც თეატრალურში უნდა ჩაბარება. ნაწილი, სხვა პროფილით ირჩევს სწავლის გაგრძელებას, მიუხედავად იმისა, რომ  სამსახიობო ნიჭი აქვს. მთავარია, რომ ეს პროცესი დაიწყო და ბევრი მსურველია.

- სპექტაკლებში, ბევრი არაპროფესიონალი მსახიობი გყავთ მიწვეული...

ერთ-ერთი ზესტაფონის საჯარო სკოლის პედაგოგი იოსებ ჟღენტია. სოსო ჩემი ახლო მეგობარი და ზესტაფონში საკმაოდ დიდი ავტორიტეტი, საუკეთესო პედაგოგია და თითქმის ყველა იცნობს, მიუხედავად მისი პროფესიისა, ძალიან ნიჭიერი მსახიობიც აღმოჩნდა.

 ჩემ ერთ-ერთ სპექტაკლში -  „საბრალდებო დასკვნა“ ქალაქიდან მოვიწვიე იოსებ ჟღენტი და თეატრიდან  პროფესიონალი მსახიობი.

ძალიან კარგი ტანდემი შედგა. რომლის პრემიერა ზაფხულში იყო, მაგრამ 12 სექტემბერს ისევ ვიწვევთ მაყურებელს. თეატრალურ სეზონს, ლ. თაბუკაშვილის პიესით - „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ გავხსნით.

იოსების შვილიც, გიგი ჟღენტი, ჩვენ სტუდიაში სწავლობს, ერთ-ერთ სპექტაკლში, მთავარ როლზე მყავს დამტკიცებული და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, წინასწარ ვერ გეტყვით პიესის სახელწოდებას.

ლ. თაბუკაშვილის პიესა „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, დღემდე ანშლაგით მიმდინარეობს. კოკას როლს, ძალიან ნიჭიერი ბიჭი, გიორგი სირბილაძე თამაშობს, რომელმაც წელს, თეატრალურ უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. იმდენად კარგად შეასრულა ეს როლი, სპექტაკლმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, ყველა ბილეთი გაიყიდა.

პირველად სპექტაკლში - „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, კოკას როლი, უნიჭიერესმა მსახიობმა, ბ-ნმა რეზო ჩხიკვიშვილმა შეასრულა. ძალიან დიდი სურვილი გვინდოდა რეზოს მიწვევა პრემიერაზე, მაგრამ  სამწუხაროდ, საქართველოში არ იმყოფებოდა, ძალიან გაგვიხარდება, თუ როდისმე გვეწვევა.

- ზესტაფონის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სეზონი, მიუზიკლის - „ყვარყვარე თუთაბერი“ პრემიერით დასრულდა, სადაც თქვენც მონაწილეობთ...

სპექტაკლი, ჩვენმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ვატო ჯუღელმა დადგა, სადაც „კეთილი გამომძიებლის“ როლს ვასრულებ. მიუზიკლში, როგორც ნიჭიერი ახალგაზრდები, მიწვეული იყო, ჩემი ორი მოსწავლე „მართვედან“ - მერაბ ზუზაძე და გიორგი სირბილაძე, რომლებიც წელს თეატრალურის სტუდენტები გახდნენ. თითქმის მთელი ქალაქი, თეატრალური ცხოვრებით არის დაკავებული.

- სასიხარულოა, რომ უამრავი მაყურებელი ჰყავს თეატრს, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ანშლაგი, მსახიობების დამსახურებაა...

გეთანხმებით, ნამდვილად კარგი მსახიობები გვყავს. ტრადიციულად, ზესტაფონი თეატრალური ქალაქია, დიდი სერგოს (ზაქარიაძე) და უშანგის (ჩხეიძე) შემდეგ, ეს ტრადიცია, არ შენელებულა. ზესტაფონს ჰყავს ისეთი დასი, რომელიც თავის სიტყვას ამბობდა, ამბობს და მომავალშიც იტყვის. .

ბევრი ცნობილი მსახიობი ჰყავდა და დღესაც ჰყავს ზესტაფონს, რომლებიც უამრავ ფილმში და სერიალში მონაწილეობენ.

- ტერიტორიულად სად მდებარეობს თქვენი სტუდია?

თეატრალური სტუდია „მართვე“, ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში მდებარეობს, სადაც ჩვენი სცენა და დარბაზი გვაქვს. რა თქმა უნდა, პატარ-პატარა პრობლემებიც არის, მათ შორის ფინანსურიც, მაგრამ სავარაუდოდ მოგვარდება.

თეატრი და კულტურის ცენტრი, ყოველთვის გვერდში გვიდგას, მაგრამ სპექტაკლს უამრავი რამე სჭირდება - პირველ რიგში ფინანსები, სცენოგრაფია, დეკორაციები, რეკვიზიტები, კოსტიუმები.

თეატრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ ფინანსების მხრივ ძალიან გვიჭირს. ზესტაფონის მერის ბ-ნი ვასო გველესიანის თანადგომით შეიქმნა ჩვენი სტუდია, სწორედ მისი ინიციატივით გაიტანეს საკრებულოზე. ფინანსურ თანადგომასაც გვპირდებიან, იმედია, ყველაფერი კარგად იქნება!

- თუ საიდუმლო არ არის, რამდენია სწავლის გადასახადი? 

თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ სტუდიაში სწავლა უფასოა! ბევრი ბავშვია დაინტერესებული და ვისაც სურვილი აქვს, ყველას შეუძლია სწავლა. ეს, ყველაზე დადებითი მხარეა ჩვენი მხრიდან.

- მოგვიყევით სამომავლო გეგმებზე... 

სექტემბრიდან ახალ პიესაზე ვაპირებ მუშაობის დაწყებას, სახელწოდებას, ამ ეტაპზე, საიდუმლოდ დავტოვებ. ექვსი სპექტაკლი გვაქვს დადგმული, ბევრი ახალი მოსწავლეა და ვფიქრობ, ახალ სპექტაკლში, ვინ როგორ დავაკავო. 

 

სხვა სიახლეები