1732281553
"70-იან წლებში მედიკოს თამამი იმიჯი ჰქონდა. ვგიჟდებოდი, ისე მომწონდა წითელი თმით, პომადით, პაპიროსითა და წითელი ლაქით..." - საინტერესო ფაქტები მედეა ლორთქიფანიძეზე
დღეს კლინიკაში მედეა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება აღმოჩნდა.
მეხსიერებას შემორჩა ქოთქოთა მანანად, თავისი ემოციური ზრუნვით, კატლეტებით, წითელი თმით, დარიგებებით...
"ჩემი ცოლის დაქალების" ქასთინგ-მენეჯერი, მსახიობი ეკა მჟავანაძე "პრაიმტაიმთან" უფროს კოლეგასა და ოჯახის ახლობელს სინანულით იხსენებს.
ეკა მჟავანაძე: შვილს ვესაუბრე. გუშინ კარგად ყოფილა, კლინიკიდან უნდა გამოწერილიყო და უხაროდა, თურმე, ხვალ სახლში ვიქნებიო... მაგრამ ამ დილით გული გაუჩერდა.
ჩვენ ოჯახებით ვახლობლობდით. რაც თავი მახსოვს, მედიკოც მახსოვს. 60-იან წლებში სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში ახალგაზრდული თეატრი გაიხსნა. ამ სტუდენტურ თეატრს სახალხო თეატრის წოდება მიენიჭა. სხვა პრიზებთან ერთად, ახმეტელის პრიზის მფლობელი იყო... ჰქონდა დიდი წარმატება. მამაჩემი იყო ამ თეატრის დამაარსებელი და რეჟისორი; ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი მედიკო კი ამ თეატრის მსახიობი გახლდათ. გასტროლებზე დადიოდნენ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეყნებში. ძალიან ნიჭიერი მსახიობები თამაშობდნენ. მე "ჩცდ"-ში ვათამაშე რამდენიმე მათგანი. ის თაობა აღარ არის. მედიკო ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი იყო...
მახსოვს, 70-იან წლებში, ჩემს ბავშვობაში, მედიკო თავისი თამამი იმიჯით. იმ დროს წითლად შეღებილი თმით, ტუჩებით და წითელი ლაქით იშვიათად თუ ნახავდით ვინმეს. თამამი, განსხვავებული იყო. ლამაზი ხელის მტევნები ჰქონდა, პაპიროსს აბოლებდა, თან უხდებოდა და ვგიჟდებოდი, ისე მომწონდა. როდის გავიზრდები, რომ მეც ასეთი გავხდე-მეთქი, ჩემთვის ვფიქრობდი. ვერაზე მოდიოდნენ მსახიობები, ჩვენთან, სახლში იკრიბებოდნენ. უყვარდა ანეკდოტების მოყოლა. იყო ხორხოცი, სიმღერა... კარგი დრო იყო. მივნატრი ხოლმე. მედიკოც ჩემი ბავშვობის ნაწილია.
***
მანანა ბებოს როლზე, თავდაპირველად სხვა ცნობილი მსახიობი მოვიწვიეთ. სინჯი ჩავწერეთ, მაგრამ რაღაც მოხდა და მოკლედ, სხვა მსახიობი უნდა მოგვეძებნა. ორ დღეში გადაღება უნდა დაიწყოს, ბებია არ გვყავს. მსახიობებში არ ვართ ბებია-ბაბუებით განებივრებული. მოკლედ, ღამის სამ საათზე მედიკო ლორთქიფანიძე გამახსენდა. ვურეკავ გიორგი ლიფონავას და ვერსიას ვეუბნები. მოკლედ, მეორე დღეს მოვიდა მედიკო. მესამე სართულზე ვიყავით დაბინავებული. კიბეზე უჭირდა ამოსვლა. ძლივს ამოვიყვანე. "მეჩხუბა", რა სერიალი, მე ვინ დამამტკიცებსო. სინჯი ჩავწერეთ. და როლზე მედიკო დამტკიცდა!
ლეო ანთაძემ არ იცის ბევრი ლაპარაკი. ჩუმად არის ხოლმე. ეს არის მსახიობი, რომელიც გადასაღებ მოედანზე კომფორტს გიქმნის. არ გაგრძნობინებს, რომ უფროსია, დიდი მსახიობია... თავმდაბალი ადამიანია. და რახან ლეო ჩუმად იყო, მედიკო დაქოთქოთებდა, რა გჭირს, ცუდად ხარ? რა დაგემართაო? არ ვარ ცუდად, დამანებე თავიო, ეტყოდა ბატონი ლეო.
ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ლეო ანთაძე. ის კიდევ ფორმაშია.
ბოლოს, მედიკოს სიტყვების დამახსოვრების პრობლემა ჰქონდა და ხან რას მიაწერდა ტექსტს, ხან - რას. ერთხელ თქვა, სასწაული ტექსტი იყო და მაგიდაზე მივაწერე, რომ დამეხედა და გამხსენებოდაო. მედიკო, აწიე თვალებიო, გადაღებისას გიორგი ლიფონავა ეტყოდა.
ყველას უყვარდა. ქოთქოთებდა, იუმორი ჰქონდა. ლექსებს წერდა. ერთი ლექსი მეც მომიძღვნა.
ვწუხვარ, რომ თბილისში არ ვარ...
მიხარია, რომ ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ხალხის დიდი სიყვარული გაჰყვა და ამაში ჩემი პატარა წვლილიც არის.